Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება ტაშკენტის ბაზარში


სულ მცირე ერთი აფეთქება მოხდა დღეს დილით უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის ბაზარში. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

მოკლულია რამდენიმე და დაჭრილია ათობით ადამიანი. დეტალები ჯერაც დაუზუსტებელია.
დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან პოლიციელებიც. არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქების სამიზნეებს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ.
უზბეკეთის სპეცსამსახურების ძირითადი ვერსიაა ტერორისტული აქტი, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, აფეთქებები ტაშკენტის გარდა, მოხდა ქალაქ ბუხარაშიც.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ილხომ ზაქიროვის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა იყო. მან დეტალებისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

1999 წლის თებერვლიდან მოყოლებული უზბეკეთის დედაქალაქში დღეს პირველი ტერორისტული აქტი განხორციელდა. 1999 წლის აფეთქებათა სერიაში, რომელმაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რომელიც ქარიმოვის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ოფიციალურმა სტრუქტურებმა უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობა დაადანაშაულეს.

დღევანდელი აფეთქებების მოტივი თავიდანვე ნათელი არ აღმოჩნდა. მუჰამედ სალიჰმა, ოპოზიციური პარტიის ერკის ლიდერმა, აფეთქება დაგმო, თუმცა ქარიმოვის ხისტი პოლიტიკა ექსტრემიზმისათვის ხელშემწყობ ნოყიერ ნიადაგად დაახასიათა.

[სალიჰის ხმა]"ჩვენ ვგმობთ ტერორს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის. იქნება ეს კერძო პირი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები თუ სახელმწიფო. უზბეკეთის პოლიტიკურმა რეჟიმმა, განსხვავებული აზრისადმი რეპრესიული მიდგომებით, თავად შექმნა ტერორის განვითარებისათვის სადაგი პირობები. ჯგუფები, რომელებიც მშვიდობიანი ფორმებით ბრძოლის საშუალებას მოკლებულნი არიან, რადიკალიზაციის გზას დაადგნენ. ასე ცდილობენ ისინი ხელისუფლების ძალადობის აღკვეთას. ტერორისგან კი იღუპებოდნენ და იღუპებიან ძირითადად უდანაშაულო ადამიანები. ისინი, ვისაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ტერორს ვერანაირი იდეა ვერ ამართლებს, ტერორის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულიც კი."

საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის მთავრობები ქარიმოვის ხელისუფლებას ოპოზიციური აზრისადმი შეუწყნარებლობისა და პოლიტიკური და რელიგიური პატიმრებისადმი დამოკიდებულების გამო ხშირად აკრიტიკებენ.
მოსკოველი ანალიტიკოსი ანდრეი გროზინი კი უზბეკეთში აფეთქებებს მომავალშიც წინასწარმეტყველებს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პოლიტიკური სისტემის გახსნილობისათვის არ იზრუნებს.

[ანდრეი გროზინის ხმა]" მე ვფიქრობ, რომ თუ ახლანდელი პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება და პოლიტიკური ატმოსფეროს კარდინალური ცვლილება არ მოხდება ქვეყანაში, ასეთ ამბებს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენ უფრო და უფრო ხშირად გავიგებთ."

ყაზახეთმა უზბეკეთთან სახელმწიფო საზღვარი გააძლიერა. სიფხიზლის რეჟიმში მუშაობს ამერიკის საელჩოც. ასოშიეიტედ პრესის ინფორმაციით, ტერორისტებმა შესაძლოა დამატებითი თავდასხმები განახორციელონ.

ავღანეთში ომის დროს უზბეკეთი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო. შტატების ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდებარე ყანაბადის სამხედრო ბაზას იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG