Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა 28 მარტის არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით გრძელდება, "მემარჯვენე ოპოზიციას" ჯერ კიდევ აქვს პარლამენტს გარეთ დარჩენის შიში


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებმა, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან განსხვავებით, უკმაყოფილო ადგილობრივი ძალები დატოვა. პოლიტიკური ორგანიზაციები,

რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აღარ დარჩათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. პროტესტს ყველაზე მკვეთრად "ლეიბორისტული პარტია" გამოხატავს, მას მხარს უბამს ასლან აბაშიძის "აღორძინება", რომლის წარმომადგენლებიც ბათუმიდან თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობას აპირებენ. 28 მარტის შემდეგ ხელისუფლების ოპოზიციის ფლანგში მშვიდად ერთადერთი მრეწველები და ახლები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. წინასწარი მონაცემებით, "მემარჯვენე ოპოზიციას" საარჩევნო ბარიერი გადალახული აქვს, მაგრამ ეს ძალა ჯერ კიდევ ბოლომდე დარწმუნებული არ არის ბარიერის დაძლევაში. მემარჯვენე ოპოზიციას გარკვეული ეჭვები რჩება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შეჯამებას. 31 მარტს დათვლილი იყო 1800-მდე საარჩევნო უბნის 1518751 ბიულეტენი, დასათვლელი და დასაჯამებელი იყო მხოლოდ 89 უბნის შედეგები. სურათი უცვლელია: 7 პროცენტიანი ბარიერი 2 ძალას - "ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებსა" და "მემარჯვენე ოპოზიციას ", ახლების და მრეწველების ალიანსს, აქვს დაძლეული. 7, 62 - ასეთია ამ უკანასკნელის შედეგი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შეუძლიათ თქვან, რომ წინასწარ მონაცემებში პრინციპული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მემარჯვენე ოპოზიციაში კი თავს მშვიდად ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ. და აი, რატომ:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა არის 1 532521 ადამიანი. ჩვენ თითოეული პარტიის შედეგებს ვითვლით მონაწილეთა რაოდენობიდან."

როგორც ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, არჩევნების წინაწარი შედეგები არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ამსახველი ციფრიდან არის გამოყვანილი. გარკვეული ეჭვები სწორედ ამ ციფრს უკავშირდება:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "პირველად გამოცხადდა 1505000, მერე გაიზარდა 1510000-მდე და დღეს 1532000-ია. ზრდის უცნაური ტენდენციაა. თუ ამომრჩეველთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და თუ წერტილოვანი დარტყმებით გააუქმეს იმ უბნების შედეგები, სადაც ჩვენ მაღალი შედეგები გვაქვს, მაშინ, შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს. " (სტილი დაცულია)

ეს იყო ფიქრია ჩიხრაძე "მემარჯვენე ოპოზიციიდან". ამ ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მცდელობა, გააუქმონ იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც მათ განსაკუთრებით კარგი შედეგები აქვთ.
არჩევნებს თავისთავად მოჰყვება არჩევნებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, გარკვეული უბნების შედეგები გაუქმდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ეს პროცესი შედეგებში გარკვეულ ცვლილებებს, მართლაც, შეიტანს, მაგრამ არა ისეთს, რომ ვინმე პარლამენტს გარეთ დარჩეს. აღნიშნულის მიუხედავად, 28 მარტის არჩევნებში წარმატებულ მეორე ძალას წარმატებაში საბოლოოდ დასარწმუნებლად კიდევ ცოტა დრო სჭირდება. მისი ლიდერი დავით გამყრელიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ მაილსს შეხვდა და ესაუბრა იმაზე, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების დღეს. ელჩის განცხადებით," ის შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელსაც მას ოპოზიციური პარტიები არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აწვდიან."
XS
SM
MD
LG