Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ანტიტერორისტულ საქმეთა კოორდინატორის თანამდებობა კრიტიკისა და სკეპსისის საგანი ხდება


"ახალი ევროპა" დღეს ევროკავშირის ანტიტერორისტულ

საქმეთა კოორდინატორს ხაის დე ფრისის და მისი სამომავლო მოღვაწეობის ძირითად პოტენციურ სფეროებს გაგაცნობთ.

ევროპის ანტიტერორისტულ საქმეთა პირველი შეფის ვინაობა 28 მარტს გახდა ცნობილი. ის არის ჰოლანდიელი პოლიტიკოსი ხაის დე ფრისი.იგი საქმიანობას ორშაბათიდან, 29 მარტიდან შეუდგა. ტერორიზმის გავრცელების მასშტაბებისა და ექსტრემისტული განწყობების ზრდის გათვალისწინებით, მას საკამაოდ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება მოუწევს-მისი საქმიანობის ძირითადი არსი ევროპაში ტერორიზმის საფრთხის მაქსიმალური განეიტრალება და არსებული ანტიტერორისტული პროექტების ეფექტიანად ამოქმედებაა. თუმცაღა ერთია დეკლარირებული და მეორე კი ფაქტობრივი რეალობა-შესაბამისად უკვე გაჩნდა სკეპტიციზმის ნიშნები და პირველი შეფასებები- კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიუროკრატიული თანამდებობით ტერორიზმს ვერ დაამარცხებ.

დე ფრისის ძირითადი საქმიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ევროპულ ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა იქნება. ის ასევე დააკვირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ანტიტერორისტული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს ბრიუსელსა და ევროპის კავშირში არასოცირებულ ქვეყნებს შორის კონტაქტების გაღრმავებას.

კოორდინატორის საზედამხედველო სფეროში შედის ანტიტერორისტული ღონისძიებების მთელი პაკეტი, რომელიც შეთანხმებული და დამტკიცებული იქნა ევროკავშირის ქვეყნების გაზაფხულის სამიტის პირველ დღეს, გასული კვირის დასასრულს. სამიტის ძირითადი თემა მადრიდში მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აფეთქებები იყო.

გარკვეულწილად ეს აფეთქებები განიხილება ევროპაში ანტიტერორისტულ საქმეთა კოორდინატორის პოსტის შემოღების განმაპირობებელ ფაქტორადაც. თუმცა სკეპტიკოსები შენიშნავენ, რომ ამერიკისა და ჰოლანდიის მოქალაქემ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დე ფრისმა ისეთი თანამდებობა დაიკავა, რომელიც მას დასვენებასა და სიმშვიდეს უქადის. ყოველ შემთხვევაში, საქმე გაცილებით ნაკლები ექნება, ვიდრე აქამდე.

სერჟიო კარერა სამართლისა და საშიანაო საქმეების ექსპერტია. იგი ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში მუშაობს. მისი აზრით, ევროკავშირის ანტიტერორისტული კოორდინატორის პოსტს უფრო სიმბოლური დატვირთვა ენიჭება, ვიდრე არსებითი.

[სერჟიო კარერას ხმა] "ახალი წინადადება, მისტერ ტერორიზმის პოსტი, ჩემის აზრით, სიმბოლური მნიშვნელობისაა. მისი მოვალეობაა ამ სფეროში კოოპერირებას კოორდინაცია გაუწიოს. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ტერორზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კოოპერაცია ევროკავშირის ქვეყნების მთავრობათშორისი საქმიანობის პრეროგატივაა. ასე რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება კოორდინატორის კომპეტენცია რეალურად არც კია."

ეს მოსაზრება დაადასტურა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმაც.

[ტონი ბლერის ხმა] "არაოფიციალურ დონეზე, მე ვფიქრობ, თანამშრომლობა გაუმჯობესდა. ცხადია, მნიშვნელოვანია კოორდინატორის დანიშ ვნა, რაც გავაკეთეთ კიდეც. მაგრამ თუ რეალისტურად ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ ნამდვილ თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ განვითარდა ის, რისი მოწმენიც არაოფიციალურ დონეზე ვიყავით. ანუ თანამშრომლობა ცალკეულ ადამიანებს შორის, რომელიც არსებობს ბრიტანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში."

მართლაცდა ფაქტია, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძვირფასი საიდუმლო ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებაში უხალისობას იჩენს. ასეთ ვითარებაში ანტიტერორისტულ საქმეთა კოორდინატორი,
დიკ ლეურდაიკის, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უსაფრთხოების ექსპერტის აზრით, ხელფეხშეკრულია.

[დიკ ლეურდაიკის ხმა] " თუ კაცს არ აქვს ინფორმაციის გაცვლის იძულების უფლება, რის გაკეთებას შეძლებს? მას შეუძლია მხოლოდ თხოვნა, იმის ხაზგასმით, რომ ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით კოოპერაცია საჭირო და აუცილებელია. მაგრამ ვინაიდან მას თავისი მოთხოვნის აღსრულებისათვის არანაირი ძალა არ გააჩნია, ინფორმაციის გაცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ეროვნული სააგენტოების კომპეტენციაში რჩება. დიახ ან არა, ასეთი იქნება პასუხები. მე ვშიშობ, რომ ცოტა ხნის შემდეგ იგი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როცა ნათლად დაინახავს, რომ მას არ შეუძლია იმ ფუნქციის შესრულება, რასაც ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირისაგან ველით."

დე ფრისი პოსტის თანახმად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას მიმართაა ანგარიშვალდებული. თავის მხრივ ხავიერ სოლანა ამბობს, რომ მის ახალ კოლეგას თავისი პოსტისათვის შესაფერი ბიოგრაფია აქვს.

დაიბადა ნიუ იორკში, ვიდრე 1998 წელს ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, 14 წლის განმავლობაში მუშაობდა ევროპარლამენტის წევრად.

ლეურდაიკი ამბობს, რომ დე ფრისის არჩევით მისსავე სამშობლოში შეფიქრიანებულები არიან.

[დიკ ლეურდიკის ხმა] "ნიდერლანდებში ბევრი გააოცა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალ პოსტზე სწორედ მას ნიშნავენ. ორიოდე წლის წინათ იგი ჰოლანდიის მთავრობაში მუშაობდა, ის იყო პარლამენტის დეპუტატი და დიდი ხნის განმავლობაში
ევროპარლამენტის წევრი. მაგრამ ყველა ეს ფაქტორი მაინვ ვერ ხსნის, რატომ მიიჩნიეს იგი ახალი თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატად. ასე რომ მისი დანიშვნითა და თავის მხრივ მისი არჩევანით პირადად მეც ცოტა გაკვირვებული ვარ."

ახალ თანამდებობას და არა ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს აკრიტიკებს კომენტატორი შეერთებული შტატებიდან არიელ კოენი. ამ ორიოდე დღის წინ ის "ვაშინგტონ პოსტში" წერდა, რომ ევროპელების პასუხი ტერორიზმზე არაადექვატური და ბიუროკრატიულია.

დე ფრისის ერთ-ერთი მოვალეობაა შეამოწმოს როგორ ასრულებენ ევროკავშირის წევრები ანტიტერორისტულ ღონისძიებათა იმ შეთანხმებას, რომელიც 11 სექტემბრის შეტევების შემდეგ იქნა მიღებული. ეს შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის მასშტაბით ტერორისტთა დაკავების შესახებ ორდერის გაცემას, ტერორიზმის შესახებ საერთო განმარტების ფორმულირებას და ასევე თანამშრომლობას ტერორისტთა საბანკო ანგარიშების გაყინვის კუთხით.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პატ კოქსმა ამ დღეებში განაცხადა, ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით აქამდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG