Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები


საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უდიდესი ნდობის ფონზე, ახალი ხელისუფლება, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი კონტროლის გარეშეა დარჩენილი. ეს არის საფრთხე, ერთი მხრივ,

მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ, თავად ხელისუფლებისთვის. მინდა გესაუბროთ საზოგადოებრივი კონტროლის ორ კონკრეტულ მექანიზმსა და მათი ქმედების ეფექტიანობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 3 მაისს "ღამის კურიერის" ეთერში საგულისხმო განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ გარკვეული გავლენიანი ძალები ულტიმატუმის ენით საუბრობენ და საბიუჯეტო თანხების განკარგვაში მონაწილეობას ითხოვენ. პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლების მიზანი ძველი კლანების ახლით ჩანაცვლება კი არ არის, არამედ - კლანური მმართველობის მოსპობა.

ეს მწვავე განცხადებები ადასტურებს, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში გავლენის სფეროების გადანაწილება ჩრდილოვან ხასიათს ატარებს და მტკივნეული პროცესია. ფაქტია, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანების, სულ მცირე, ერთი ნაწილი არაკეთილსინდისიერად იყენებს თავის თანამდებობას.

რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ ხელისუფლების წიაღში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები აკონტროლოს? მრავალ საშუალებას შორის, რომლებიც ზოგადად არსებობს, თავისი არსით ყველაზე ქმედითია ორი: საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჟურნალისტური გამოძიება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გამოსაკვლევად. ამგვარი კომისია, წესით და რიგით, პარლამენტს აღმასრულებელი ვერტიკალის გაკონტროლებაში უნდა დაეხმაროს. ეს არ ნიშნავს, რომ დეპუტატები ჩინოვნიკებზე მეტად პატიოსნები არიან. უბრალოდ, ჩინოვნიკების ფუნქცია სახაზინო თანხების განკარგვაა; პარლამენტარების მოვალეობა კი ისაა, რომ გადასახადის გადამხდელთა ინტერესები და მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული დაიცვან.

მაგრამ როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ერთი პოლიტიკური გუნდია, არსებობს საფრთხე, რომ საგამოძიებო კომისია მიუკერძოებლად ვერ იმუშავებს. რას საქმიანობდა ამგვარი კომისია ძველ პარლამენტებში? ბოლო წლებში - არაფერს. 1995 წლის მოწვევის პარლამენტში კი, სანამ მას გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, რამდენიმე მინისტრზე სერიოზული მამხილებელი მასალა შეგროვდა და ხმაურიანი განხილვებიც მოეწყო. მაგრამ ეს ის მინისტრები იყვნენ, რომლებსაც ედუარდ შევარდნაძე დროდადრო ჭადრაკის ფიგურებივით სწირავდა პარტიის გადასარჩენად. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც იმ წლებში საპარალმენტო საგამოძიებო კომისია მთავრობაზე სერიოზულ საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებდა. მით უმეტეს საეჭვოა, რომ ეს მოხერხდეს დღეს, როდესაც პარლამენტში ოპოზიცია თითქმის არ არსებობს.

რჩება მეორე მექანიზმი - ჟურნალისტური გამოძიება. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას პრესა საკმაოდ დამაჯერებლად აღნუსხავდა კორუფციას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. "60 წუთის" ფარულმა კამერამ, ყველა დანარჩენთან ერთად, მოსამართლეებიც ამხილა. მართალია, მაშინ ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებზე არც პრეზიდენტი რეაგირებდა და არც მისი გარემოცვა, მაგრამ საზოგადოება კარგად იყო ინფორმირებული მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ. გასული წლის ნოემბერში ათი ათასობით ადამიანის პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ თითოეული ოჯახის მწირმა ბიუჯეტმა, არამედ იმ კონკრეტულმა ინფორმაციამაც, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა ქართულ მედია-საშუალებებში გამოქვეყნებული გამოძიებების სახით. სწორედ ეს ინფორმაცია განმარტავდა, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველო იმ სახელმწიფოდ, სადაც, ძირითადად, ან უმდიდრესი, ან უღარიბესი ადამიანები ცხოვრობენ.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყურადღებით და ნდობით მოეკიდებოდა საზოგადოებრივი კონტროლის ისეთ საშუალებას, როგორიც პრესაა და არც ერთ კონკრეტულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. მაგრამ ტელეეთერიდან გაქრა გამოძიებითი ჟურნალისტიკის ყველა პროექტი, პირველ რიგში, "60 წუთი"; ხოლო საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც ახლად დანიშნულ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს ამხელენ, ხელისუფლებამ სწორედ რომ რეაგირების გარეშე დატოვა.

შესაძლოა, პრეზიდენტის გარემოცვის ამა თუ იმ წევრთა ინტერესები მწვავედ უპირისპირდებოდეს ერთმანეთს - ეს, ფაქტობრივად, უკვე ხდება. შესაძლოა, ახალ ხელისუფლებაში მავანს სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებდეს, მავანს კი - პირადი ანგარება. შესაძლოა, ბევრს არც სჭირდებოდეს და არც აინტერესებდეს გამოძიებითი ჟურნალისტიკა. მაგრამ მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ვინც განასახიერებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს; მთავარი ლიდერი, ვისაც საქართველოს მოსახლეობა ენდობა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. წესით და რიგით, სწორედ მისი მოკავშირე უნდა იყოს პრესა, მედია, განსაკუთრებით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა, რომელმაც უკვე ათასგზის დაამოწმა, რომ შეუძლია დაინახოს და ამხილოს ის, რასაც პარლამენტარები და პრეზიდენტები ვერ ხედავენ.
XS
SM
MD
LG