Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება თუ არა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო სატელევიზიო ანძის მფლობელი


თბილისში მთაწმინდაზე მდგარი სატელევიზიო ანძა სტრატეგიული მნიშვნელობის კავშირგაბმულობის ობიექტია. ამ ანძიდან ხორციელდება როგორც სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი

ტელერადიომაუწყებლობა, აგრეთვე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ოპერატიული რადიოკავშირი. სატელევიზიო ანძას აქტიურად იყენებენ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები და ასე შემდეგ. სატელევიზიო ანძა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სამეწარმეო სუბიექტია. ახლა კი მის მისაკუთრებას სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია ცდილობს.

[ისმის კონფერენციის მონაწილეთა ხმა] "კარგი იქნებოდა, მოპასუხეც რომ იყოს..."

ასე, მოპასუხის ძებნაში, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციათა, დამოუკიდებელ მაუწყებელთა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც ტელეანძის მომავალზე უნდა ემსჯელათ. მოპასუხე, ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობაა, რომლის ინიციატივით სახელისუფლებო სტრუქტურებში ტელეანძის სახელმწიფო ტელევიზიისთვის - მომავალში საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის - გადაცემის საკითხი განიხილება. მე კონფერენციაზე შეკრებილ დამოუკიდებელ მაუწყებლებს გავესაუბრე და ვკითხე, საფრთხე ხომ არ ემუქრება მათ დამოუკიდებლობას. აი, რა მითხრა ტელეკომპანია 202-ის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა:

[შალვა რამიშვილის ხმა] "დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლის, თუ ეს სწორად იქნება გაკეთებული. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვისი იქნება ეს ანძა. ჩემთვის მთავარია ის წესები, რომლითაც ეს უწყება ხელმძღვანელობს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტელევიზიის მესვეურებს არ აქვთ წარმოდგენილი ეს პოლიტიკა, ეს ბევრ შეკითხვებს ბადებს."(სტილი დაცულია)

მაუწყებლებისგან განსხვავებით, უფრო რადიკალური პოზიცია აქვს შ.პ.ს "ტელერადიოცენტრის" ტექნიკურ დირექტორს ბორის ადამიას. სწორედ ცენტრი, რომლის მფლობელიცაა საქართველოს სახელმწიფო, ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით განაგებს ტელეანძას და მის მენეჯმენტს.

[ბორის ადამიას ხმა] "თუ ერთი პირის ხელში, ერთი მაუწყებლის ხელში გადავა, აქ 2 ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: მან ან რეკლამები წაართვას მაუწყებლებს, ან ფინანსურად დაბეგროს ისე, რომ, როგორც კონკურენტები, მოსპოს."(სტილი დაცულია)

მართალია, დამოუკიდებელ მაუწყებელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციაზე სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია არ მისულა, მაგრამ იგი რადიო "თავისუფლების" შეკითხვებზე პასუხის გაცემას მაინც დათანხმდა. ზაზა შენგელიას თქმით, ტელეანძის საზოგადოებრივი ტელევიზიის მფლობელობაში გადასვლა თავად ტელევიზიის გამართულად მუშაობისთვის, ტელესიგნალის გავრცელების მოსაწესრიგებლად და ტელეანძის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლადაა საჭირო:

[ზაზა შენგელიას ხმა] "საზოგადოებრივი ტელევიზიის შემთხვევაში, მისი მართვა ხორციელდება პარლამენტის მიერ არჩეული 9 კაციანი საბჭოს მიერ. და სწორედ ის საბჭო იქნება გარანტი. ჩვენ კანონის დონეზე შეგვიძლია ჩავდოთ უსაფრთხოების მომენტები კერძო მაუწყებელთათვის, კერძოდ, ის, რომ ტარიფები არ იქნება გადახედილი, რომ მათთვის იქნება შეღავათიანი რეჟიმი შენარჩუნებული და სხვა." (სტილი დაცულია)

თუმცა სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის მსგავსად არ ფიქრობს კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელია. მინისტრის მოადგილის თემურ მიმინოშვილის განცხადებით, სამინისტრომ ეს საკითხი განიხილა და ვერ დარწმუნდა, რომ აუცილებელია ანძის ტელევიზიისთვის გადაცემა:

[თემურ მიმინოშვილის ხმა] "ტელერადიოცენტრი არ ემსახურება მხოლოდ ტელერადიომაუწყებლობას, ანუ პირველ არხს, იგი ემსახურება სხვა მრავალ კომპანიას და, აქედან გამომდინარე, არ იქნება სწორი, რომ ეს შ.პ.ს გახდეს საქტელერადიოს ცენტრი. ანუ მან უნდა იარსებოს დამოუკიდებლად."

სხვადასხვა ინტერესებით გართულებული სატელევიზიო ანძის პრობლემიდან გამოსავლის პოვნა დაინტერესებულ საზოგადოებას ამ რამდენიმე თვის მანძილზე მოუწევს. 2005 წლის იანვრიდან საქართველოში სრულფასოვანი საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა ამოქმედდეს და, შესაბამისად, ამ დრომდე, სხვა საკითხებთან ერთად, მისი და სატელევიზიო ანძის ურთიერთდამოკიდებულებაც უნდა გაირკვეს.
XS
SM
MD
LG