Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ივლისს საქართველოში 11 წლის წინ აფხაზეთში, სოფელ ტამიშთან, დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს


2 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა და ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა, მათთან ერთად აფხაზეთის ომში მებრძოლებმა და ამ ომში დაღუპულთა ახლობლებმა

სოფელ ტამიშთან გამართული უმძიმესი ბრძოლებისას დაღუპულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს. ტამიშისთვის ბრძოლაში მარტო “შავნაბადას ბატალიონმა” 19 მებრძოლი დაკარგა. 11 წლის წინ ამ ბრძოლაში სხვა სამხედრო შენაერთების მებრძოლებიც დაეცნენ. 11 წლის წინანდელი 2 ივლისი იყო უმძიმესი დღე ქართველი მებრძოლებისთვის, თუმცა, სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ მათ არ დაუთმიათ. ტამიშიდან გამოსვლა მოგვიანებით მოხდა და იმ მებრძოლებს, რომლებიც მაშინ აფხაზეთს ტოვედნენ, არ ეგონათ, თუ იქიდან დიდი ხნით მოდიოდნენ.

[დოდო გუგეშაშვილის ხმა] “სწორედ ამიტომ იყო, რომ აგუძერას საავადმყოფოს ეზოში ჩემი ხელით ჩავმარხე ჩემი თანამებრძოლები და ხელისგულისოდენა ფიცრის ნატეხები ვნახე, პასტით წავაწერე სახელები და გვარები და ჩავატანე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე დავბრუნდებოდით სოხუმში და ბიჭებს სათანადო პატივს მივაგებდით."

მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სოხუმიდან ყველაზე ბოლოს გამოვიდა. მანამდე ის სოფელ ტამიშთან ბრძოლებშიც მონაწილეობდა. ამდენად, 2004 წლის 2 ივლისს 11 წლის წინანდელ მძიმე ბრძოლას ტამიშთან და ამ ბრძოლაში დაღუპულებს ისიც იხსენებდა:

[დოდო გუგეშაშვილის ხმა] "როცა შეტევა დაიწყო, ვიყავით გვარდია, შინაგანი ჯარი, მხედრიონი, ზვიადისტები და ასე შემდეგ. იყო საოცარი რამ: სვანები შეტევაზე წავიდნენ ლილეოთი. ალბათ, ამას გადაღება სჭირდებოდა, მოყოლით ცოტა ძნელია."

ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში “შავნაბადას ბატალიონმა” და “ავაზამ” განიცადა. თუმცა დაიღუპნენ სხვა სამხედრო შენაერთების მებრძოლებიც.

[კობა კობალაძის ხმა] "საკმაოდ მძიმე ბრძოლები იყო. ფაქტიურად, მოულოდნელობის მომენტი თამაშობდა, მეორე - დესანტირება იყო განხორციელებული. საკმაოდ კარგად მომზადებული დესანტი იყო. მოხდა შეტაკებები, კონტაქტური ბრძოლები იყო."

“დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა მოპირისპირე მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ,” - იხსენებს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე. პარასკევს ჩვენ მას “შავნაბადას ბატალიონის” ლეიტენანტის, კახა ხვედელიძის სახელობის სკვერში ვესაუბრეთ. ეს სკვერი სწორედ ამ დღეს გაიხსნა და იქ ტამიშთან დაღუპული მებრძოლების მემორიალური დაფა მათმა თანამებრძოლებმა და ახლობლებმა ყვავილებით შეამკეს. იქვე იყო კახა ხვედელიძის მამაც. “შავნაბადას ბატალიონის” ეს მებრძოლი აფხაზეთის ომში 26 წლის ასაკში დაიღუპა.

[ბეჟან ხვედელიძის ხმა] "წაიყვანეს დედისერთა, მეტი არავინ დამრჩენია. დედა ავადმყოფია, მე ვარ მეუღლე და ახლა ჩემი შვილის სახელით გელაპარაკებით. ვის გამოუჩენია ჩვენს მიმართ ყურადღება? ვის?"

ბეჟან ხვედელიძე შვილის, კახა ხვედელიძის, სახელობის სკვერის გახსნას მის მეგობრებსა და თანამებრძოლებს უმადლის.

თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა გია ბარამიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ ტამიშთან დაღუპულების ხსოვნის დღე გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მისვლით აღნიშნეს. “ ჩვენ ყველანი დამარცხებულები ვართ ამ დიდ ომში, რომელიც არ დამთავრებულა. ჩვენ წავაგეთ ბრძოლები, მაგრამ არ წაგვიგია ომი, რომელიც გრძელდება და რომელსაც მოვიგებთო, “ - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG