Accessibility links

logo-print

საუბარი ცხინვალიდან დაბრუნებულ მოსკოველ კოლეგასთან


ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში დავურეკე ოლგა ალიონოვას - გაზეთ "კომერსანტის" კორესპონდენტს,

რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა ცხინვალიდან. ოლგას ვკითხე, შეუძლია თუ არა გავრცელებული ხმების დადასტურება, თითქოს სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ასეული დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.

[ოლგა ალიონოვას ხმა]: "ეს ხმები არ არის, ეს ადამიანები მე თვითონ ვნახე. ვიყავი სოფელ ჯავაში, რომელიც ცხინვალის სამხრეთით მდებარეობს და იქ მათ რაღაც ბანაკის მსგავსი აქვთ მოწყობილი მოხალისეებისათვის, ინტერნატის შენობაში, და, როგორც მითხრეს, სწორედ იქ იმყოფება სამასი ადამიანი. მე ისინი არ დამითვლია, მაგრამ მართლაც ბევრი ხალხი იყო და მათ შორის მართლაც იყვნენ ჩრდილოეთი ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები, კაზაკები, ერთი ასი კაცი. ასე რომ, ეს ხმები კი არა, რეალობაა."

შემდეგ "კომერსანტის" კორესპონდენტს ვკითხე, რამდენად აგრესიულად არიან განწყობილი ის ადამიანები, რომლებთანაც მას მოუხდა ურთიერთობა.

[ოლგა ალიონოვას ხმა]: "იცით, ძირითადი ნაწილი არ არის განწყობილი საომრად და, როგორც თავად ამბობენ, მოვიდნენ, რათა დაიცვან მოძმე ხალხი, დაიცვან ეს პატარა რესპუბლიკა. იმასაც ამბობენ, ღმერთმა ქნას, ყველაფერი ომის გარეშე დამთავრდეს, რადგან იარაღის ხელში აღება და ომი არ გვინდაო. მაგრამ თუ ომი დაიწყო, განზე არ გავდგებითო. იყვნენ ისეთებიც, ვინც საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. მაგრამ, როგორც მომეჩვენა, ეს უფრო გამონაკლისი უნდა იყოს."

ოლგა ალიონოვასთან საუბრის ბოლოს დავინტერესდი, როგორია ოსების რეაქცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მშვიდობიან განცხადებებზე, ანუ სჯერათ თუ არა მათ მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარებას არ აპირებს.

[ოლგა ალიონოვას ხმა]: "მე მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი სამხრეთ ოსეთში და მეც კი მიჭირს ვირწმუნო იმ განცახდებებისა, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. არ ვიცი, შესაძლოა, შეგნებულადაც იძაბებოდეს სიტუაცია, ანდა მართლაც ასე იყოს, მაგრამ როდესაც ცხინვალში იმყოფები, იქიდან ძნელია დაიჯერო, რომ ოფიციალურ თბილისს სურს მშვიდობა და სტაბილურობა ამ რეგიონში. იმიტომ, რომ იქ ან გამუდმებით სროლის ხმა ისმის, ან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველომ გადმოიყვანა გორიდან სამხედრო ძალა ცხინვალის საზღვართან. ან კიდევ, ავიღოთ ეს ინციდენტი, ჩემი აზრით საერთოდ ბრიყვული, რაკეტებთან დაკავშირებით; არ ვიცი, ვის სჭირდებოდა. ძალიან დაძაბული ვითარებაა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაც (შესაძლოა, არა პრეზიდენტი სააკშვილი, მაგრამ ვიღაც მისი გარემოცვიდან) დაინტერესებულია, რომ კონფლიქტი გაღვივდეს. ჩემი აზრით, საქართველოს მშვიდობა რომ სურდეს, მოახერხებდა კიდეც რაღაცნაირად მოლაპარაკებას."

ეს იყო გაზეთ კომერსანტის კორესპონდენტი ოლგა ალიონოვა, რომელიც ცხინვალიდან დღეს დაბრუნდა მოსკოვში.
XS
SM
MD
LG