Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ კიდევ შარშან ქართული საზოგადოების უმრავლესობამ


ჯერ კიდევ შარშან ქართული საზოგადოების უმრავლესობამ

სიტყვა “ტრეფიკინგის” მნიშვნელობა მაინცდამაინც კარგად არ იცოდა. ქვეყნის მრავალ მოქალაქეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ არსებობს მონობისა და ადამიანებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.

“ბოროტმოქმედებს და კრიმინალთა ორგანიზებულ ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე გაჭირვებული ხალხი ჰყავთ მიზანში ამოღებული,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა კონგრესმენმა ჯონ მილერმა, რომელიც უძღვებოდა შეერთებული შტატების მთავრობის კურსს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოში კი “გაჭირვებული ხალხი” უხვად გვყავს. ტრეფიკინგი – ქვეყნის მტკივნეული პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში აშკარა პროგრესია. გაგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგინა მეოთხე ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ – რომელმა ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად... პაუელის მოხსენებაში საქართველო ეგრეთ წოდებულ “მეორე კატეგორიაში” მოხვდა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცვლილებამ სისხლის სამართლის კოდექსში და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობამ. მაგალითად, ორგანიზაციამ “ქალები მშვიდობისათვის” თბილისის “ძველ გალერეაში” გამართა “ანტიტრეფიკინგური გამოფენა”, რომელზედაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები წარმოადგინეს, დაიბეჭდა ბროშურები, პლაკატები... თუმცა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული კულტურა ჯერ აქტიურად არ ჩართულა. გამონაკლისია ახალგაზრდა რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ახალი ფილმი “აღთქმული მიწა”, რომლის პრემიერა ივნისში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე გაიმართა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტიტის კურსდამთავრებული, პროფესიით თეატრის რეჟისორი რუსუდან ჭყონია თავად გვიამბობს, თუ როგორ მიმდინარეობდა ამ ოცწუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “ეს იყო “ინტერნიუსის” დაკვეთა... ნაწილი ფილმისა გადაღებულია თურქეთში ფარული კამერით...თურქეთში რომ დავენახეთ რას ვაკეთებდით, რა თქმა უნდა, გვექნებოდა პრობლემები, რადგან ასეთი გადაღებები სამთავრობო დონეზე უნდა შეთანხმდეს.”

რუსუდან ჭყონიამ კინოს მოყვარულთა ყურადღება სტუდენტური ფილმების შარშანდელ ფესტივალზე მიიპყრო თავისი დებიუტით კინოში, ორნაწილიანი დოკუმენტური სურათით “მათ სახელი არ გააჩნიათ”, რომელშიც ავტორი მაწანწალა ბავშვების თემას ეხება და იმ ადამიანებზეც გვიამბობს, რომლებიც უანგაროდ ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას – ძეგვისა და ბედიანის ბავშვთა ცენტრების პედაგოგებზე... თბილისური პრემიერის შემდეგ ჭყონიას ამ სურათმა არაერთი საერთაშორისო ფესტივალი მოიარა. კრიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ რეჟისორი დიდი ტაქტით გამოხატავს მზრუნველობას მოკლებული ბავშვების თემას, არც ამძაფრებს აქცენტებს და არც არბილებს... შესაძლოა, ამიტომაც მიანდვეს სწორედ რუსუდან ჭყონიას ფილმი ტრეფიკინგის შესახებ. ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა რეჟისორი თავად აღნიშნავს, რომ ტრეფიკინგის პრობლემაზე მუშაობა ყველასგან განსაკუთრებულ ტაქტს მოითხოვს, მაგრამ თუ იმავე მხატვრებს, რომლებიც ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პლაკატებს ქმნიან, შეუძლიათ პირობითი ენით გამოხატონ სათქმელი, კინორეჟისორს ცოცხალ ადამიანებთან, მათ ბედთან აქვს საქმე:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “ეს თემა ძალიან ფაქიზი თემაა – შენ ჩახვალ, გადაიღებ ვიღაცას და პასუხისმგებლობა არის შენზე... ვთქვათ, დაგთანხმდა ინტერვიუზე ეს ქალი, იგი ხომ საპყრობილეში რჩება, შენ კი ვერანაირად ვერ შველი. ეს კადრები თუ ხვდება ტელევიზიით ეკრანზე, შეიძლება გააქრონ ეს ადამიანი – იმიტომ რომ პასპორტი არა აქვს, არაფერი არა აქვს, აბსოლუტურად დაუცველია და თუ ადამიანი არ არსებობს, საქმესაც ვერ აღძრავენ.”

მაგრამ საქმეებს ხშირად აღძრავენ და ხშირად თავად ტრეფიკინგის მსხვერპლის წინააღმდეგ. რუსუდან ჭყონიას ფილმში “აღთქმული მიწა” დროდადრო ჩნდება 19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მან საშინელ დამცირებას ვერ გაუძლო და მოკლა ადამიანი, რომელმაც პროსტიტუციისკენ უბიძგა. ფილმის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, ეს ქალი არც სახეს მალავს ეკრანზე და არც სახელს:

[ფილმის გმირის ხმა] “გარკვეული პერიოდის მერე, როცა გამიკეთა საბუთები, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ არა კაზინო, არამედ ქალები მიჰყავდა და ატყუებდა, ტოვებდა, პასპორტებს ართმევდა – მე მგონი, ხვდებით უკვე, იქ რაც ხდება. მის ოჯახშივე გავიგე, სტუმრად ვიყავი მასთან მისული. პატარა გოგო იყო, რუსის გოგო, შემეკითხა, იციო, სადაც მოდიხარო. მე ვუთხარი, კი-მეთქი, როგორ არ ვიცი. რა იციო, იციო, რომ კაცებთანო... მერე ამიხსნა, მეც წამიყვანაო, მოტყუებითო, პასპორტი ჩამომართვა.”

“ტრეფიკინგი” - ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ქალებით იძულებითი ვაჭრობა, იძულებითი პროსტიტუცია ჰგონიათ. სინამდვილეში, ტრეფიკინგი ყველას შეიძლება შეეხოს – ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს. “აღთქმულ მიწაში”, მსვერპლის გარდა, ტრეფიკინგის მკვლევარებიც მონაწილეობენ. ავტორი გვიამბობს მამაკაცებზეც, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც მოტყუებით წაიყვანეს ქვეყნიდან და ახლა იძულებით ამუშავებენ. სამწუხაროდ, ფილმის ის ეპიზოდები, რომელშიც კადრსმიღმა ხმა ტრეფიკინგის შესახებ გვიამბობს, მეტისმეტად სწორხაზოვანია, აქ “აღთქმული მიწა” ჩვეულებრივ, ეგრეთ წოდებულ, “სოციალურ რეკლამას” ემსგავსება.

[ფილმის ხმა] “სწორედ ცხოვრების აწყობის სურვილმა გადააწყვეტინა სოფელ კასუმლოს მცხოვრებ აბასოვს რუსეთში წასვლა. პოლიციელმა მამედ ჰუსაევმა თავისი სოფლის რამდენიმე მკვიდრს რუსეთში მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა, ვიზები და პასპორტები თავად გაუკეთა და რუსეთის გზას გაუყენა. რის ვაივაგლახით უკან დაბრუნებული ორი კასუმლოელისგან გაირკვა, რომ მათ მონურ პირობებში მწყემსებად ამუშავებენ. უკვე მეორე წელია მისი ოჯახი ამაოდ ელოდება მის დაბრუნებას.”

რუსუდან ჭყონია ამბობს, რომ იძულებით ან მოტყუებით მას არავინ გადაუღია. ფილმის პერსონაჟებისთვის ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი მონობისგან თავის დახსნის საშუალებად იქცა:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “თანხმობა განაცხადეს, მაგრამ მერე, რომ გავაანალიზე ეს მდგომარეობა – თუ არ გამოვიყვანდი იმ ადამიანებს იქიდან, მათ ყოფას დავუმძიმებდი, არ ღირდა ფილმი ამად... ფაქტები, რასაც ყვებოდნენ, იყო შემზარავი: ნაპოვნი იყო ქალი, თავმოკვეთილი, და ა.შ.”

მას შემდეგ, რაც “აღთქმული მიწა” სტუდენტური ფილმების ფესტივალზე უჩვენეს, ახალგაზრდა რეჟისორს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი მონაწილეობა მიეღო დოკუმენტური ფილმების დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, გაემართა ფილმის პრემიერა თბილისის რომელიმე დიდ კინოდარბაზში, ან ეჩვენებინა “აღთქმული მიწა” ტელევიზიით... მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ფილმის იმ პერსონაჟის ცხოვრება, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ძირეულად შეიცვალა. იგი ქალთა კოლონიაში გათხოვდა. კოლონიის თანამშრომლებმა, პატიმრებმა, თავად ფილმის პერსონაჟმა რუსუდან ჭყონიას თხოვნით მიმართეს, ამოეღო ფილმიდან ის კადრები, რომელშიც 19 წლის ქალი თავის ტრაგედიაზე გვიამბობდა... მაგრამ ამით მთლიანად დაინგრეოდა “აღთქმული მიწის” დრამატურგია. რეჟისორმა ფილმის გადაკეთებაზე უარი თქვა. რუსუდან ჭყონიამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – მან საერთოდ უარი თქვა თავის ფილმზე:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “ფილმის ერთ-ერთმა პერსონაჟმა მთხოვა, რომ ეს ფილმი არ გასულიყო ეთერში, რადგან ეს ფილმი საფრთხეს უქმნიდა მის ოჯახს... თუ ფილმი ემუქრება ადამიანის ბედნიერებას, არსებობს, ალბათ, რაღაც ეთიკური მოსაზრებები, რომლის გამო ჯობია რაღაც დათმო... ადამიანის ბედზე როცაა ლაპარაკი, არც ერთი ფილმი არ ღირს, ალბათ, ამად...”

“აღთქმული მიწა”, მართლაც, დაემუქრა ერთი ადამიანის ბედნიერებას. მაგრამ ტრეფიკინგი ჯერ კიდევ ასი ათასობით ადამიანის ბედნიერებას ემუქრება. კულტურის მოღვაწეებს, მათ შორის, კინემატოგრაფისტებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია და დაგმონ მონობის ეს ახალი ფორმა, მაგრამ, თავად რუსუდან ჭყონიას აზრით, ტრეფიკინგის პრობლემა მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა ქვეყანაში აღარ იქნება შიმშილი და სიღარიბე, როცა შესაძლებელი გახდება ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება... სხვაგვარად - სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, პლაკატების დაბეჭდვით, სოციალური რეკლამით და, თუნდაც, ძალიან კარგი ფილმებით - ტრეფიკინგის დაძლევა შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG