Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აგვისტოს 12 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან


12 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ავტონომიის სეპარატისტულად განწყობილ ხელისუფლებასთან შეთანხმებით,

საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის შენაერთებს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა უნდა დაეცვათ. მაშინ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო უზარმაზარ ზარალს განიცდიდა. ზარალის შესამცირებლად აფხაზეთში შესულ ქართველ სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწიეს აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა და ასე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

14 აგვისტოს საქართველოში აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს იხსენებენ. აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ომში დაღუპულ მეომართა ნათესავები გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

14 აგვისტოს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც აღნიშნავენ. ამ დღეს იქ აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულებს იხსენებენ. სოხუმის ხელისუფლების მონაცემებით, 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აფხაზთა მხრიდან მონაწილეობა მიიღო 12 ათასმა მოქალაქემ, რომელთაგან 2700 დაიღუპა, ხოლო 7000 დაიჭრა.
ოფიციალური თბილისის მონაცემებით კი, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, კონფლიქტის ზონაში 12 ათასი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო აფხაზეთის ტერიტორია 300 ათასზე მეტმა ქართველმა დატოვა და დევნილად იქცა.

მაინც რა გახდა მიზეზი 12 წლის წინ აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს და მდიდარ მხარეში, საკურორტო სეზონის შუაგულში, საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისა? ამ შეკითხვით გმირთა მოედანზე შეკრებილებს მივმართე.

[თემურ მჟავიას ხმა] ”12 წლის წინ დაიწყო ავანტიურა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ომობანას უწოდებს, მეორე ნაწილი სხვადასხვა დასახელებას უძებნის, მაგრამ ეს ნამდვილად დიდი ომია - ომი, რომელიც დაიწყო 9 აპრილს და დღესაც გრძელდება...”

ეს იყო აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერი თემურ მჟავია. მისი განცხადებისგან ოდნავ განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე.

[ომის ვეტერანის ხმა] ”ეს ტრაგედია, ყველაფერი, დაიწყო წინა მთავრობის არასწორი მოქმედების შედეგად. გვიღალატეს, დავტოვეთ აფხაზეთი, ბევრი ბიჭი დაგვეღუპა. თავად ხედავთ, რამდენია დაღუპული. ეს ყველაფერი არის ჩვენი წინა მთავრობის დამსახურება.”

გამოითქმის სხვა მოსაზრებებიც და აფხაზეთში ომის გაჩაღებაში დამნაშავედ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის კონკრეტულ პირებსაც კი ასახელებენ. ზოგს მიაჩნია, რომ დამნაშავე თავდაცვის მინისტრი იყო, ზოგიც სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს, ზოგიც არძინბას და ასე შემდეგ. მე აფხაზეთის ომის დაწყებამდე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ ნადარეიშვილს დავუკავშირდი და ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა 12 წლის წინ ომის თავიდან აცილება.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”არა, არა მგონია, იმიტომ რომ ასეთი რამ ადრეც ხდებოდა. ჩვენ რამდენჯერმე შევძელით ისეთი შეტაკების თავიდან აცილება, რომელიც გადაიზრდებოდა ომში. მაგრამ 14 აგვისტო აღმოჩნდა ისეთი დღე, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ 14 აგვისტოს მოხდა ის შეტაკება, რომელიც მერე გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში.”(სტილი დაცულია)

თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთის ომის დაწყების უმთავრეს მიზეზად საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების დაპირისპირებას ასახელებს:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიწყო მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება - მათ შორის, კავკასიის - და ჩვენთან მოხდა შეჯახება რუსეთის ინტერესებისა, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი გავლენის სფერო ამ რეგიონში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა ამ გავლენის სფეროების მოპოვებას. ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ჩვენ დავიყვანოთ ეს კონფლიქტი ვიღაც პიროვნებების შეცდომებამდე.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთში საქართველო ომს რუსეთთან რომ აწარმოებდა, ამას ახლა საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც აღარ ფარავენ. შესაბამისად, აფხაზეთის ომის თითქმის ყველა ვეტერანიც აღიარებს, რომ ამ ომში გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა კი ომის მსვლელობისას იყო შანსი, მდინარე გუმისთაზე რუსეთის ჯარების განლაგებით, აფხაზეთის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ქართველების ხელში დარჩენილიყო. მაშინ რუსეთის გენერალიტეტის ამ შემოთავაზებაზე ქართულმა მხარე უარი თქვა.

ახლა, ომის დაწყებიდან მეთორმეტე წლისთავზეც კი, აფხაზეთის დაბრუნების რაიმე სერიოზული გეგმა ჯერჯერობით არსად ჩანს.
XS
SM
MD
LG