Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და რუსეთი - მტრები არა, მაგრამ ჯერ არც მოკავშირეები არიან


მტრები – არა, მაგრამ ჯერ არც მოკავშირეები – ასე ახასიათებს რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი,

რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს სანკტ- პეტერბურგში შეხვდა. ორდღიან მოლაპარაკებებზე ორმა ქვეყანამ ერთმანეთს გაუზიარა მოსაზრებები ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხესთან დაკავშირებით. ივანოვის თქმით, რუსეთი უკმაყოფილოა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების გზით, ნატოს საზღვრების მის ზღურბლამდე გაფართოების გამო. მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის მინისტრები მაინც შეთანხმდნენ ერთობლივი საზღვაო ვარჯიშების ჩატარებაზე.

ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ცივი ომის დროინდელ მოწინააღმდეგეებს ამჟამად აკავშირებს, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი. ასეთი კავშირის განმტკიცების აუცილებლობას იზიარებს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ორი ქვეყნის ურთიერთობის მთავარ ამოცანად მოიხსენიებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უშიშროების საერთაშორისო ინსტიტუტის მთავარი ანალიტიკოსის მარკ ჯუისის აზრით, ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები მხარეებმა, შესაძლოა, მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში განიხილონ. შეერთებულ შტატებს ყოველთვის მართებდა სიფრთხილე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხების რუსეთის სიბრტყეზე განხილვის დროს, რადგანაც ამ დროს აუცილებლად წინ წამოიწევს ჩეჩნეთის თემა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთის მოქმედებები ამერიკას არ მოსწონს. ჯუისის აზრით, კონსენსუსის დიდი იმედი არც ერაყში ამერიკელთა შესვლის საკითხზე არსებობს. ყველას ახსოვს, რომ მოსკოვი ამგვარ მოქმედებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.

მაგრამ ერაყის წარსული სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის განხილვის თემა არ ყოფილა. მხარეებმა იქ, ძირითადად, ერაყის აწმყოსა და კონფლიქტის ზონაში დემოკრატიის აღმშენებლობაზე ისაუბრეს.

ერთადერთი საკითხი, რომელსაც რამსფელდი და ივანოვი სხვადასხვაგვარად უყურებენ, ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების ხარჯზე ნატოს საზღვრების გაფართოებაა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ვერ ხედავს რუსეთის უკმაყოფილების მიზეზს. ივანოვი კი, მიიჩნევს, რომ ნატო რუსეთის ზღურბლს მოადგა. მისი აზრით, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს ტეროტიზმთან ბრძოლაში წვლილის შეტანა და ალიანსისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ:

(სერგეი ივანოვის ხმა) “ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებით, ამ ალიანსის უსაფრთხოება არ გაზრდილა. ეს ქვეყნები უსაფრთხოების მომხმარებლები არიან და არა - შემქმნელები.”

საინფორმაციო სამსახურის - ბალტიკის კორესპონდენტი ტალინში ანვარ სამოსტი დარწმუნებულია, რომ ივანოვი ძველ, ცნობილ კარტს ათამაშებს:

(ანვარ სამოსტის ხმა) “რუსეთის ამჟამინდელი რიტორიკა 80-იანი წლების დასაწყისს და, შეიძლება ითქვას, 70-იან წლებსაც გვახსენებს. ეს ტიპიური რიტორიკაა, რომელსაც ნატოს წინააღმდეგ უწინ საბჭოთა კავშირი მიმართავდა და ამჟამად – რუსეთი მიმართავს. ეს თითქმის იგივეა, რასაც რუსეთი თურქეთისა და ნორვეგიის შესახებ ამბობდა. მოსაზღვრე ქვეყნების ნატოში გაწევრიანება რუსეთს არასოდეს სიამოვნებდა და ყოველთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს ქვეყნები ნატოსთვის არა რესურსი, არამედ – ხარჯია.”

ექსპერტის აზრით, ასეთ ვითარებაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის ნატოს წევრობა უფრო მომხიბვლელი ხდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG