Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები საზღვარგარეთ განლაგებული სამხედრო ძალების გადაჯგუფებას გეგმავს


გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ევროპიდან და აზიიდან ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს.

ბუშის თქმით, ცივი ომის დროს საზღვარგარეთ მყოფი სამხედრო ძალების გადაჯგუფების გარდა, მოხდება მათი ადაპტირება "ალ-ყაიდის" მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მინიშნებით, ამერიკის სამხედრო ბაზები გერმანიიდან და სამხრეთი კორეიდან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გადაინაცვლებენ. მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების ახალი მასპინძელი და ვის ბიუჯეტს შეემატება ამერიკელი სამხედროების მიერ დახარჯული ფული. თანაც, ექსპერტთა ვარაუდით, რომ გადაჯგუფების შემდეგ წარმოქმნილ ახალ სამხედრო ბაზებს უფრო მოკრძალებული იერ-სახე ექნებათ.

"ცივი ომის" დამთავრებისა და "რკინის ფარდის" დაშვების 15 წლისთავზე შეერთებული შტატები ყოფილ მტრებზე აგებულ სამხედრო სტარტეგიას ახალი გამოწვევების შესაბამისად ცვლის. ორშაბათს ქალაქ ცინცინატიში არმიის ვეტერანთა ჯგუფის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა სწორედ ქვეყნის სამხედრო სტრატეგიის ახალებური ხედვა წარმოადგინა:

[პრეზიდენტ ბუშის ხმა] ნს 081643 "ეს ახალი გეგმა დაგვეხმარება, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ 21-ე საუკუნის ამ ომებში. ეს გეგმა გააძლიერებს ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში და შესაძლებლობას მოგვცემს, დავამყაროთ ახალი პარტნიორული კავშირები და უკეთ უზრუნველვყოთ მშვიდობა. ეს გეგმა ჩვენს სამხედროებსა და მათს ოჯახებს მძიმე ტვირთსაც შეუმსუბუქებს."

შეერთებული შტატების ახალი გეგმა ორი წელია მუშავდება და იგი, ბუშის თქმით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროპიდან და აზიიდან 70 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას გულისხმობს. მიუხედვად იმისა, რომ სხვა დეტალები ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ევროპაში დაიხურება შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების თითქმის ნახევარი; მოსალოდნელია, რომ ამერიკელი სამხედროები დატოვებენ სამხრეთ კორეასაც და, აგრეთვე, დემილიტარიზებულ ზონას ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის.

ამერიკის სამხედრო ბაზების მომავალ პოტენციურ მასპინძლებად კი აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ასახელებენ. ვაშინგტონის სამხედრო ინფორმაციათა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მარკუს კორბინის ვარაუდით, ახალი გეგმის თანახმად ამჟამინდელი დისლოკაციის ადგილებიდან გაყვანილი სამხედრო კონტინგენტი იმ ქვენებში განლაგდება, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბუშის საგარეო პოლიტიკას.

[კორბინის ხმა] ნს 081702 "მე მათ არ ვუწოდებდი "ბაზებს", რადგან ახალი მოდელი ითვალისწინებს ბულგარეთში ან უზბეკეთში არა ბაზების ჩამოყალიბებას, არამედ აღჭურვილობის განთავსებასა და საფუძვლის შექმნას იმისათვის, რათა საჭირო შემთხვევაში უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს. არა მგონია, ამ ქვეყნებში აუცილებლად დიდი რაოდენობის სამხედრო ძალების გადაჯგუფება მოხდეს."

აშშ-ის სამხედრო ძალის გადაჯგუფების შედეგად, ზოგიერთი ქვეყანა დიდ ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, ზოგს კი, პირიქით, შემოსავლის დაკარგვა ემუქრება. ამერიკის 70-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ყოფნა დიდი სტიმული იყო, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკისათვის. ერთ-ერთი პროფკავშირის შეფასებით, ამერიკის სამხედრო ბაზებზე გერმანიაში 15 ათასი ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული. ასეთი დიდი რაოდენობით ადგილობრივი მუშახელის დაქირავება უკვე აღარ არის განსაზღვრული ამერიკელი ჯარისკაცების პოტენციურ მასპინძელ ქვეყნებში.

მაგრამ, როგორც მიმომხილველები ამბობენ, ამერიკის თუნდაც მცირე მოცულობის სამხედრო ძალის შესანახად გაღებული ფინანსური და მატერიალური საშუალებები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკაზე დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს. ამიტომაც არის, რომ ვაშინგტონის ახალი სამხედრო გეგმის გახმაურების შემდეგ, ამერიკის სამხედრო ბაზების მიღების სურვილი ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გამოითქვა. მათ შორის საქართველოშიც, რომელმაც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მაგალითზე იცის, რა ეკონომიკური სიკეთე მოაქვს ქვეყანაში ამერიკის თუნდაც მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფის სტუმრობას.
XS
SM
MD
LG