Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიყის ქვები" პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო ქართველი გენერლების მოსაშორებლად


გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ გივი იოკურიძის

გადაყენება გასული კვირის ერთ-ერთ უმნიშვენლოვანეს მოვლენად იქცა. გენერალი, რომელიც შვიდი თვის წინ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას პრეზიდენტმა უმაღლესი დახასიათებით წარუდგინა, სუსტი მართვისა და რეფორმების გაჭიანურებისათვის გადააყენს თანამდებობიდან. ყველაფერთან ერთად იოკურიძეს მწარედ გაუხსენეს რუსული სამხედრო განათლება და ცხინვალში გასაგზავნად გამზადებული იარაღის ყუთებში ვიღაცის მიერ ჩაყრილი რიყის ქვები. ნიშანდობლივია, რომ რიყის ქვებით პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გენერლის მოშორების ტრადიციას სათავე ექვსი წლის წინ ედუარდ შევარდნაძემ ვარდიკო ნადიბაიძის გადაყენებით დაუდო. თუმცა, რიყის ქვები როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მხოლოდ საბაბი იყო.



. ექვსი წლის წინ გაზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფმა ორი სუ-25 ტიპის მოიერიშემ, რომლებიც თურქეთიდან მომავალ საქართველოს ყოფილი ლიდერის პირად ლაინერს საზღვართან უნდა დახვედროდნენ, ალექსეევკის აეროდრომიდან აფრენა ვერ შეძლო. როგორც ამბობენ, შევარდნაძემ და მისმა თანმხლებმა დელეგაციამ იმ ღამეს გვარიანი შიში ჭამეს. იმხანად, პრეზიდენტის საავტომობილო კორტეჟზე ტერაქტი სულ რაღაც ორი თვის მომხდარი იყო და სახელმწიფო დაცვის სამსახური თვდასხმის განმეორებას არც პრეზიდენტის ჰაერში ყოფნის დროს გამორიცხავდა.

ინცინდენტის გამოძიებისას იმავე დღესვე დადგინდა, რომ თვითმფრინავების ძრავებში რიყის ქვები აღმოჩნდა ჩაყრილი, რის გამოც მოიერიშეებმა აფრენა ვერ შეძლეს. წესით ამ დაუდევრობის გამო სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის გენერალ ნაყოფიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. მაგრამ იმხანად, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საბაბს ეძებდა ნადიბაიძის გადასაყენებლად და რიყის ქვების სკანდალიც უცებ აგორდა.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მაშინვე დავტოვებდი თანამდებობას, როცა პრეზიდენტი მეტყოდა. ეს მისთვისაც მითქვამს. ვერ გავიგე რა საჭიროა იყო ამ მასკარადის მოწყობა", თანამდებობის დატოვების შემდეგ გაკვირვებით უკითხავს ვარდიკო ნადიბაიძეს.

მიზეზი კი რის გამოც გენერალი გაიწირა, ბუნებრივია დიდ პოლიტიკას, უფრო ზუსტად საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტის შეცვლას უკავშირდება. 1994 წელს, როდესაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილეს გენერალ ნადიბაიძეს საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელად ნიშნავდა, შევარდნაძე ფიქრობდა, რომ მოსკოვზე სწორების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს სამხედრო ძალების მშენებლობაში, მისცემდა იარაღს და დაუბრუნებდა აფხაზეთს. მაგრამ როცა რუსეთზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა კურსმა სრული კრახი განიცადა, მსხვერლშეწირვის დრო დადგა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ვარდიკო ნადიბაიძე ზედგამოჭრილი აღმოჩნდა – გენერალს გაუხსენეს რუსოფილობა, ნატოს პროგრამების უგულებელყოფა, დასავლეთში განათლებამიღებული კადრების იგნორირება, ქართული ენის სუსტი ცოდნა და რეფორმების სტრატეგიის არქონა.


ზუსტი ანალოგიებისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ ვარდიკო ნადიბაიძისა და გივი იუკურიძის მიმართ პოლიტიკური ხელმძღავნელობის დამოკიდებულება ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს.

გასულ კვირაში, საქართველოს შეიარარებული ძალები გენერალური შტაბის უფროსის გადაყენების ერთ-ერთ არგუმენტად ოსიაურის სამხედრო საწყობში, იარაღის ყუთებში ხელყუმბარების ნაცვლად რიყის ქვების აღმოჩენა გახდა. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ სწორედ ამ საწყობიდან ხდებოდა ცხინვალის მისადგომებთან მდგარი ქართული ნაწილების მომარაგება. მეორე არგუმენტი კი, რის გამოც გენერალი იუკურიძე თანამდებობიდან გადააყენს, გენერალურ შტაბის სტრუქტურებში რეფორმების შეფერხება გახლდათ. რა თქმა უნდა ეს ორივე მიზეზი, საკმარისია სერიოზული საკადრო ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ საკითხავია: შეეძლო კი 7 თვის მოღვაწეობის განმავლობაში, გივი იოკურიძეს ყველა სფეროში წესრიგის დამყარება, მით უფრო მაშინ, როდესაც მან მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა პირადი აპარატის დაკომპლექტება?

მაგრამ ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ექვსი წლის წინ ვარდიკო ნადიბაიძეს, გასულ კვირაში კი გენერალ იოკურიძემ დაატოვებინეს თანამდებობა, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსში მომხდარი ცვლილებაა, რასაც პრეზიდენტ საააკაშვილის ერთი კომენტარიც ცხადყოფს. "დღეს ჩვენ გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო მთლიანად დასავლეთის სამხედრო სასაწავლებლებში განათლებამიღებული კადრებით დავაკომპლექტეთ, გენერალ იოკურიძის კი მხოლოს მოსკოვის ფრუნზეს აკადემია ჰქონდა დამთავრებული," განაცხადა ბათუმში, მთავრობის გამსვლელ სხდომაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

მაგრამ 7 თვის წინ, როდესაც გენერალური შტაბის უფროსად წარადგენდა, საქართველოს პრეზიდენტისათვის სახამუშო სულაც არ იყო გენერალ იოკურიძის რუსული სამხედო განათლება. პირიქით, საქართველოს ლიდერი, რომელსაც დიდი იმედი ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონსტრუქციული თანამშრომლობის აწყობისა, სულ რამდენიმე თვის წინ მზად იყო 20 ქართველი ოფიცერი გადასამზადებლად რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში გაეგზავნა. მაგრამ, როდესაც კრემლმა აშკარად დაუჭირა მხარი სეპარატისეტებს სამხრეთი ოსეთიდან და არ მისცა სააკაშვილს აჭარის სცენარის განმეორების საშუალება ცხინვალში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კვლავ "ცივი მშვიდობის" მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ ვითარებაში კვლავ დადგა მსხვერპლშეწირვის დრო და, გენერალი, მით უფრო რუსეთის ფრუნზეს სამხედრო აკადემიის დიპლომით, ყველაზე შესაფერისი აღმოჩნდა ამ როლისათვის.

მაგრამ შტაბში მომუშავე ოფიცრები ფიქრობენ, რომ სულ მალე შერისხულთა რიცხვი გაიზრდება, როდესაც ხელისუფლება ასევე მოსთხოვს თანამდებობის დატოვებას ყოფილი გენერალური შტაბის უფროსის მიერ დაწინაურებულ ოფიცრებს. და, თანაც, რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მათ კვლავ აიძულებენ განცხადებაში მიუთითონ, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG