Accessibility links

logo-print

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ჯორჯ ბუში ქება-დიდებით აავსეს


შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა 4-დღიანი ყრილობა ნიუ-იორკში თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯორჯ ბუშის ხოტბა-დიდებით გახსნეს და ის

მამაც მთავარსარდლად მონათლეს. ორმა ძირითადმა გამომსვლელმა - სენატორმა ჯონ მაკკეინმა და ნიუ-იორკის ექს-მერმა რუდოლფ ჯულიანმა გაამართლეს ბუშის პოლიტიკა: ტერორიზმთან ბრძოლა და სადამ ჰუსეინის დასამხობად ომის წამოწყება. ყრილობის პირველ დღეს გამომსვლელებმა არაერთხელ გაიხსენეს ტერორისტული აქტები, რომელთა სამიზნეც 3 წლის წინათ, 11 სექტემბერს, ყრილობის მასპინძელი ქალაქი, ნიუ-იორკი, იქცა. მოგითხრობთ რესპუბლიკელთა ყრილობის პირველი დღის შესახებ.

რესპუბლიკელთა პარტიის ყრილობა, რომელმაც ჯორჯ ბუში საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელოს, ნიუ- იორკში ორშაბათს, გვიან საღამოს, გაიხსნა. გამომსვლელთა აზრით, ჯორჯ ბუშმა - ძლიერმა და მამაცმა მთავარსარდალმა – თავისი მტკიცე გადაწყვეტილებით ამერიკა განსაცდელისგან იხსნა. მეთვალყურეთა აზრით, ბუშის ეს ხოტბა-დიდება ნიუ-იორკის ქუჩებში კვირას მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო მსვლელობასთან ძლიერ კონტრასტს ქმნის. მომიტინგეები, ძირითადად, პრეზიდენტის არასწორ საგარეო პოლიტიკასა და ერაყის ომს აპროტესტებდნენ.

თუმცა სენატორი მაკკეინი დარწმუნებულია, რომ ბუშმა ტერორიზმს საკადრისი პასუხი გასცა და რომ კრიზისულ სიტუაციებში მას მოქმედების შესანიშნავი ალღო აღმოაჩნდა:

{მაკკეინის ხმა} “ის იდგა გამოცდის წინაშე, წარმატებით გაართვა თავი ჩვენი დროის ურთულეს პრობლემას და მე მივესალმები მას. მე მივესალმები მის განზრახვას – მსოფლიო უფრო უკეთესი, უფრო დაცული და უფრო თავისუფალი გახადოს. მას არ უყოყმანია. ის არ დამფრთხალა მძიმე არჩევანის წინაშე. ის უკან არ დაიხევს და არც - ჩვენ.”

მაკკეინი მიიჩნევს, რომ ამერიკას არ ჰქონია არჩევანი ლმობიერ რეალობასა და ომს შორის, მის ქვეყანას არჩევანის გაკეთება მოუხდა ომსა და სიკვდილს შორის.

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ლიდერებს კი სჯერათ, რომ სხვა, უფრო სწორი გზაც არსებობდა და რომ პრეზიდენტ ბუშს, ამერიკელთა უსაფრთხოების მიზნით, მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებდა. ივლისში ბოსტონში გამართულ დემოკრატთა ყრილობაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციას ომისადმი მეტად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს.

დემოკრატებს არც რესპუბლიკელები დარჩნენ ვალში და საპასუხო კრიტიკაც უხვად მიუძღვნეს. მაგალითად, ნიუ-იორკის ექს-მერი რუდოლფ ჯულიანი, თანაპარტიელების მსგავსად, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატს მერყევ პოლიტიკოსად ახასიათებს:

{ჯულიანის ხმა} “აუცილებელია დაინახო განსხვავება ორ მამაკაცს შორის, ესენია: პრეზიდენტი ბუში, რომელიც მზად არის შეეჭიდოს მძიმე გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებრივი აზრი მერყეობს, და ჯონ კერი, რომელიც თავის პოზიციას - მათ შორის, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებითაც - ხშირად იცვლის ხოლმე.”

შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ყრილობის პირველ დღეს საქებარი სიტყვები ერაყელი ზეინაბ სუვაიჯისგანაც მიიღო. სუვაიჯი, რომელმაც მშობლიური ქვეყანა 1991 წელს დატოვა, ამჟამად ამერიკელ მუსლიმთა კონგრესს ხელმძღვანელობს. ხსენებული ორგანიზაცია რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სუვაიჯი მიიჩნევს, რომ სადამ ჰუსეინი თავის ხალხს 30 წლის განმავლობაში ებრძოდა. ის კმაყოფილია დიქტატორის დამხობით და იმედოვნებს, რომ ერაყში დემოკრატია გაიმარჯვებს:

{სუვაიჯის ხმა}”ამერიკამ, თანაგრძნობით აღსავსე პრეზიდენტ ბუშის ლიდერობით, ერაყს უბოძა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ნაციებს ოდესმე ერთმანეთისთვის მიუძღვნიათ. ეს არის დემოკრატიისა და თავისუფლების საჩუქარი, რომელიც საშუალებას გაძლევს შენი ქვეყნის მომავალი შენ თვითონ განსაზღვრო.”

რესპუბლიკელთა 4-დღიანი ყრილობა გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს კალიფორნიის გუბერნატორის არნოლდ შვარცნეგერისა და შეერთებული შტატების პირველი ლედის, ლაურა ბუშის, გამოსვლებია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG