Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ ორ პირობით ნაწილად:


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ ორ პირობით ნაწილად:

ერთ ნაწილს დიდ ყურადღებას უთმობდა მასმედია, ხოლო მეორე ნაწილი პირველის ფონზე ერთგვარად ჩრდილში მოექცა. არადა, მოვლენები, რომელთაც ნაკლები ყურადღება დაეთმო, ეგებ სულაც არ იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი. ერთი ასეთი მოვლენა გახლავთ შინაგანი ჯარის გადასვლა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. რას ნიშნავს ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარა ჰყავს მრავალათასიანი სამხედრო ფორმირება? ვისაც ახსოვს, რა ფუნქცია ჰქონდა შინაგან ჯარს საბჭოთა კავშირში, მისთვის, უწინარესად, დაინგრა კიდევ ერთი საბჭოთა რუდიმენტი თანამედროვე საქართველოში. სამხედრო სფერო კი ამ კვირაში კიდევ ერთი სიახლით აღინიშნა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტია გამოუცხადა ყველა იმ სამხედრო პირს, რომელმაც სამსახური თვითნებურად დატოვა და აქამდე დეზერტირად ითვლებოდა. ოღონდ პრეზიდენტმა ამნისტია გაავრცელა იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დეზერტირები გახდნენ ამა წლის 25 იანვრამდე, ანუ იმ დღემდე, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მოვალეობათა შესრულებას შეუდგა.

გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ანუ კონფლიქტის ზონაში, გაიზრდება ეუთოს დამკვირვებელთა რიცხვი. დღეს ის ხუთს უდრის, უახლოეს მომავალში კი 13-ს მიაღწევს. ეუთოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, როი რივს, ეს რაოდენობაც ეცოტავება და ამბობს, რომ დამკვირვებლები ოცნი უნდა იყვნენ. რამდენიც უნდა იყვნენ, მთავარი შეკითხვა უპასუხოდ რჩება: ვინ დაიცავს ყოფილი ავტონომიური ოლქის ქართველ მოსახლეობას? გასულ კვირაში კონფლიქტის ზონის სოფელ ფლავისმანისა და დისევის 30-მდე მკვიდრი გაიტაცეს. უკვე დაბრუნებულ გატაცებულთა თქმით, ოსი ეროვნების შეიარაღებულმა მოქალაქეებმა გატაცებულებს სცემეს, აწამეს, ხოლო ერთი მათგანის დედას სოფელში გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.

ასევე უპასუხოა შეკითხვა: რა ხარისხით უნდა იყვნენ კონფლიქტის ზონაში საქართველოს მოქალაქეები დაუცველნი, რომ ხელისუფლებამ უფრო დამაჯერებლად შეძლოს მათი დაცვა? ერთი თვე გავიდა სამხრეთ ოსეთიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ და თვალსაჩინო გახდა ერთი პარადოქსი: როცა კონფლიქტის ზონაში ერთმანეთს ესროდნენ, მოქალაქეები უფრო დაცულნი იყვნენ, ვიდრე დღეს. საქართველოს მთავრობას ჯერ არ გაუმხელია, როგორ მოუვლის ადამიანების გატაცების, ცემისა და დაცინვის პრობლემას. რაც 19 აგვისტოს შემდეგ კონფლიქტის ზონაში ხდება, ხელისუფლების 19 აგვისტომდელი ქმედების შედეგად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ახლად გაჩენილ ოპოზიციას. პარლამენტის საშემოდგომო სესია ასევე გასულ კვირაში დაიწყო და დაიწყო გვარიანად მწვავე დებატებით.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “როცა შენი ერთი ხელი მეორეს უშლის, როცა შენსავე მოკავშირეებს საკუთარი ხელების შეუთანხმებელი, იმპულსური მოქმედებებით აბნევ, ეს ვერაფერი პოლიტიკაა. დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით - ომი. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს საქართველოს ცალკე დღისა და ცალკე ღამის მთავრობები ჰყავს; უფრო სწორად, ჰყავს ღია, ფორმალური და ოფიციალური მთავრობა, რომელიც, რატომღაც შეზღუდულია თავის მოქმედებებში, და მის პარალელურად - ჩრდილოვანი, არაფორმალური და არაოფიციალური ჯგუფი, რომელიც არალეგალური, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიღმა არსებული ბერკეტებით მართავს პროცესებს.”

პარლამენტარ ივლიანე ხაინდრავას გარდა, რომელიც რესპუბლიკელთა ჯგუფის სახელით გამოდიოდა, ხელისუფლებას შეკითხვები და პრეტენზიები წაუყენეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და გასულ კვირაში დაფუძნებული, ჯერ უსახელო პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა. დავით გამყრელიძე ხელისუფლებას უსაყვედურებდა გაუბედაობასა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მეომართა სახელების დამალვას. კობა დავითაშვილმა კი კრიტიკა დაიწყო იმ პუნქტიდან, სადაც მისი და ნაციონალური მოძრაობის გზები გაიყარა:

[დავითაშვილის ხმა] “ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა თავიდანვე, როცა გადაწყვიტა - და ეს გამოხატა კონსტიტუციურ ცვლილებებში -ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა ავტორიტარული ტენდენციების წახალისების გზით. ავტორიტარიზმით გაგრძელდა დაბალანსების პოლიტიკა, კერძოდ, გადაიდგა მთელი რიგი პრინციპული და არასწორი ნაბიჯები.”

ასეთ არასწორ ნაბიჯებს კობა დავითაშვილი მიათვლის რუსეთის მოქალაქის კახა ბენდუქიძის გამწესებას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად საფრანგეთის მოქალაქის სალომე ზურაბიშვილის დანიშვნას.
საპარლამენტო უმრავლესობამ, ცხადია, უპასუხა ოპოზიციონერებს, ოღონდ ცოტა უცნაურად - გიგა ბოკერიამ მათი პოზიცია გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში განიხილა:

[ბოკერიას ხმა] ჩვენი კურსი არის ურყევი: ჩვენი კურსი არის ლიბერალური დემოკრატიისკენ, იქითკენ, სადაც ყველაზე უსინდისოსაც აქვს უფლება, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაგვაკრიტიკოს. მაგრამ ჩვენი შეფასებების სიმწვავე არის იმავე უფლების შემადგენელი ნაწილი - ეს ნუ დაგავიწყდებათ. როცა შიშზე ლაპარაკს დაგვიწყებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უახლესი ისტორიის ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ბუჩქებში იმალებოდა და კანკალებდა, რა თქმა უნდა, მათ შეახსენებენ წარსულს. და ეს არ არის კავშირში თქვენი უფლების შელახვასთან. ეს არის ის, რომ, ბუნებრივია, უსინდისო ბრალდებებს უნდა გაეცეს პასუხი.”

გიგა ბოკერიას მიერ ჩამოყალიბებული გამოხატვის თავისუფლების პრინციპები თავისებურად გაიაზრა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის წევრმა გიორგი არველაძემ:

[არველაძის ხმა] “რომ არ ყოფილიყო სამეტყველო ენა ქართული და მეტყველების ასეთი მკვეთრად გამოხა-ხა-ხატული (ენა დაება - დ.პ.) სახასიათო ხარვეზები, მე ბატონ ივლიანე ხაინდრავას გამოსვლა მეგონებოდა ბაბურინის გამოსვლა. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ საქართველოს პარლამენტში ასეთი ადამიანები გამოდიან სიტყვით.”

გიორგი არველაძის ამ გამოსვლას უფრო მწვავე, მაგრამ უმიკროფონო რეაქცია მოჰყვა. რაც უნდა იყოს, პარლამენტმა დაადასტურა, რომ ცოცხალია და დაპირისპირებულ აზრთა ასპარეზია. ოპოზიცია, მართალია, მცირერიცხოვანია, მის წევრებს დებატებამდე არც რაიმე შეთანხმება ჰქონიათ, მაგრამ დებატების დროს უჩვეულოდ ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ. ვერც იმას ვიტყვით, რომ მათი ყველა არგუმენტი გააბათილეს.

გასულ კვირაში განსხვავებული პოზიციები ასევე შეეხალნენ ერთმანეთს, თუმცა, უფრო უმტკივნეულოდ და გაცილებით შორს საქართველოდან. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. სამიტის ძირითადი მიზანი დსთ-ს გამოცოცხლება და გადარჩენა იყო, აგრეთვე 4 სახელმწიფოს - ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის - შეთანხმება ერთიანი ეკონომიკური სივრცის სრულყოფილი საკანონმდებლო უზრუნველყოფისათვის. მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით შორს იდგა (რუსულად ვიტყვი) СНГ-სთვის ახალი სულის შთაბერვის პრობლემებისაგან. პირისპირ შეხვედრების დროს რა ილაპარაკეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ამას შეიძლება მხოლოდ მივხვდეთ ახლო მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დაკვირვების კვალად. საჯაროდ კი მათი პაექრობა ტერორისა და სეპარატისტული რეგიონების საკითხებს უტრიალებდა. მიხეილ სააკაშვილს უკან არ დაუხევია სოხუმი-მოსკოვის სარკინიგზო რეისსა თუ გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებაზე ლაპარაკის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მკაფიოდ გამოხატა კონფლიქტის გადაწყვეტისადმი საკუთარი მიდგომა:

[პუტინის ხმა] “საერთოდ - და პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ - კონფლიქტური ვითარების გადაწყვეტა შესაძლებელია მოლაპარაკებითა და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით. ეკონომიკური, მით უმეტეს, სამხედრო დაწოლა ვერ მიგვიყვანს პრობლემის გადაჭრამდე.”

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე საქართველოს კვირის მიწურულს დასავლეთიდანაც დაელაპარაკნენ. ევროკავშირის პრეზიდენტი რომანო პროდი თბილისს შაბათს ეწვია და მისი ერთ-ერთი მესიჯი რეფორმების გაგრძელება და სამხედრო კონფლიქტის დაუშვებლობა გახლდათ. იმავე აზრს გამოხატავენ საქართველოშიც ქართველი პოლიტიკოსები:

“ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოლაპარაკების და დემოკრატიის რესურსი. კუნთებით და ასე შემდეგ საკითხები წყდება ან ერთ დღეში, ან არ წყდება არასოდეს. საქართველოს ერთ დღეში კუნთებით საკითხების გადაწყვეტა არ შეუძლია. მე ვიცი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის პრობლემა როგორ შეიძლება გადაწყდეს. საჭიროა ხანგრძლივი მუშაობა და (ცუდ სიტყვას ვიტყვი, თუ შეიძლება) სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის დემოკრატიით გარყვნა (მაპატიოს დემოკრატიამ ეს ცუდი სიტყვა). უნდა ვაჩვენოთ, რომ მარტო ფქვილი კი არ არის კარგი, არამედ კარგია სიტყვის თავისუფლებაც.”

მოკლედ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს იძულებითი არჩევანია. ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე და სიტყვას საქმესაც აშველებს, მაგრამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჯერ ნამდვილად არ შესწევთ უნარი ბლიცკრიგი მოიგონ და სეპარატისტულ რეგიონებში უსწრაფესად დააფიქსირონ ახალი სტატუს-კვო, რომელსაც მერე დასავლეთიც შეეგუება და, ალბათ, რუსეთიც.
XS
SM
MD
LG