Accessibility links

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ინციდენტი ამოწურულია - საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის 4 ჯარისკაცი გათავისუფლებულია


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მორიგი ინციდენტი ამოწურულია. სოფელ ფრისთან ოსი და რუსი სამშვიდობოების მერ აყვანილი 4 ქართველი ჯარისკაცი გათავისუფლებულია.

ამ და სხვა სახის გართულებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა, ასე თუ ისე, განმუხტულია და პრობლემის გადაწყვეტის ეკონომიკურ მეთოდებს ამუშავებენ. რა იგულისხმება ამაში?

სოფელ ფრისთან დატყვევებული 4 ქართველი ჯარისკაცი პარასკევ საღამოს გაათავისუფლეს. ოსმა და რუსმა სამშვიდობოებმა ისინი დააკავეს მაშინ, როცა ერედვიდან გორში სამხედრო საგუშაგოსკენ მიემართებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს გზა აებნათ და ოსურ სოფელთან აღმოჩნდნენ.
ქართველ ჯარისკაცებს კონფლიქტის ზონაში გადაადგილების უფლება ჰქონდათ. დაკავების მოტივად დასახელდა ის, რომ ჯარისკაცების გადაადგილება არ იყო შეთანხმებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან. ასე იყო თუ ისე, ინციდენტი ამოწურულია. მთელი დღის მანძილზე წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, ქართველი ჯარისკაცები გათავისუფლებულები არიან.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქართველი ჯარისკაცების დაკავება იყო პირველი ასეთი შემთხვევა. თუმცა იყო ცეცხლი გახსნილი ქართული სოფლბლების მისამართით, რის გამოც სერიოზულად დაზიანდა ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ საომარი სიტუაცია განმუხტულია და კონფლიქტის ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ერთ-ერთ ასეთ პროექტად იგულისხმება კონფლიქტის ზონაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საწარმოს ამოქმედება და იქ რეგიონის ადამიანური რესურსის მიზიდვა. ამის შესახებ პარასკევს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ თქვა:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ როცა იყო კონტრაბანდის პერიოდი, მაშინ ეს ურთიერთობები, ეკონომიკური, ადამიანებს შორის დამყარდა, მაგრამ ინგრეოდა სახელმწიფო. ახლა არის მცდელობა ასეთივე ურთიერთობების აღდგენისა, ოღონდ კანონიერად. იჭრება ერთდროულად პოლიტიკური საკითხიც და ეკონომიკურიც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლაპარაკია დიდი ლიახვის ხეობაზეც და პატარა ლიახვის ხეობაზეც, რათა ისინი საჭირონი გახდნენ ერთმანეთისთვის. “

მაგრამ ეკონომიკური მეთოდების პარალელურად პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკურმა მეთოდებმაც უნდა იმუშაოს. ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული შედგება თუ არა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას თქმით, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი 30 სექტემბერს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე შეთანხმდეს. ის მოსკოვში გაიმართება. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე თავისთავად სხვა საკითხებიც იქნება განხილული.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “საქართველოს მხარე დააყენებს დემილიტირიზაციის საკითხებს, მონიტორინგის საკითხებს და აქამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხებს. “

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის ინიციატივას, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში უკიდურესი დაძაბულობის პერიოდში გამოვიდა, როგორც გიორგი ხაინდრავა ამბობს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “არაფერი ისეთი. დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. “

შეგახსენებთ: ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე ითხოვდა.
XS
SM
MD
LG