Accessibility links

logo-print

ბიზნესმენებს საკუთარი ეთიკის კოდესი ექნებათ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”შერატონ მეტეხი პალასში” ბიზნესმენებმა ” საქართველოს ბიზნეს ეთიკის კოდექსს” მოაწერეს ხელი. ამიერიდან მეწარმეების ქმედება ამ დეკლარირებულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული,

თუმცა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე რაიმე იურიდიული სანქცია არაა გათვალისწინებული. რას ითვალისწინებს ”ბიზნეს ეთიკის კოდექსი”?

საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივითა და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის დაფინანსებით, შეიქმნა ”ბიზნეს ეთიკის კოდექსი”, რომელზეც ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. აღნიშნული პროექტი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მის ფორმირებაში დაახლოებით 200 სამეწარმეო იურიდიული სუბიექტი და 500 ფიზიკური პირი იღებდა მონაწილეობას, ანუ კოდექსი გამოხატავს საქართველოში მოქმედი ბიზნეს წრეების ფართო სპექტრის ინტერესს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტის დიტო ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს კერძო ბიზნესის დამოკიდებულებას სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორთან.

[დიტო ჯაფარიძის ხმა] ”ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სექტორის ურთიერთობას სამთავრობო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან, მას-მედიასთან და კერძო სექტორთან. პრაქტიკულად აქ არის წარმოჩენილი ყველა ძირითადი შეხედულება და პრინციპი, რომლითაც პროექტის მონაწილეებმა და იმ სუბიექტებმა, ვინც თანხმობას განაცხადებს, უნდა იხელმძღვანელონ თავისი საქმიანობისას ქართული საზოგადოების ამ ოთხ ძირითად სექტორთან. მასში დეტალიზებულია ყველა ძირითადი, არასტანდარტული საკითხი, პრობლემა, მიდგომა, რომელიც საჭიროა ამ საერთო მიზნის მისაღწევად. უნდა გამოყენებულ იქნეს მაქსიმალური კეთილგანწყობა, კეთილგონივრული ურთიერთობა, რათა საბოლოო მიზანი ბიზნესის და კერძო სექტორის იყოს მიღწეული სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა პრობლემის სხვადასხვა საკითხთან შეხების დროს, ამ თითოეულ სექტორებთან მიმართებაში.”(სტილი დაცულია)
ბიზნეს ეთიკის კოდექსი, ფაქტობრივად, არის მორალური პრინციპებისა და ბიზნესის სფეროში მოქმედი სუბიექტების კეთილი ნების დემონსტრირება. მას, ბუნებრივია, არ ექნება პირდაპირი იურიდიული ძალა, მაგრამ, როგორც კეთილსინდისიერი თამაშის წესების შეთავაზების მცდელობას, ექნება დიდი მორალური მნიშვნელობა. დიტო ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის ამ სფეროში მოქმედი ერთ-ერთი მეგა პროექტი იქნება, რომლის შემუშავებაშიც, ფაქტობრივად, ბიზნესის ფართო სპექტრი იყო ჩართული და რომელიც კერძო სექტორის სხვა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობას დაარეგულირებს.

[დიტო ჯაფარიძის ხმა] ”პრაქტიკულად საქართველოში ეს არის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უდიდესი, ასე დავარქვათ, ჩვენი მასშტაბით, მეგა პროექტი, რომლის კონცეპტუალიზაციაშიც მონაწილეობა მიიღო უდიდესმა რაოდენობამ კერძო სექტორიდან, როგორც ფიზიკური პირების, ისე იურიდიული სუბიექტების სახით. ”(სტილი დაცულია)
”შერატონ მეტეხი პალასში” გამართული ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბიზნესს თავისი საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვს, რომელიც, სხვა ქვეყნების ანალოგიური მორალური პრინციპების მსგავსად, ბაზარზე სამეურნეო სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის წესს განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG