Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საკითხი საპარლამენტო ასამბლეაზე – რუსი დეპუტატი ''რადიო თავისუფლების'' მიერ გადაცემულ ინტერვიუს ახსენებს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი სხდომა თითქმის მთლიანად კავკასიის

პრობლემებს ეთმობა. დღის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა მწვავე დებატები ჩეჩნეთის საკითხზე. საპარლამენტო ასამბლეას მიმართა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმაც. არავინ ელოდა, რომ ალუ ალხანოვი რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო რაიმე განცხადებით გამოვიდოდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვითარება უმჯობესდება. ასეთი ფორმულირების რეზოლუციაში შეტანა დებატების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმაც მოითხოვა, თუმცა, გერმანელი პარლამენტარის ჩეჩნეთის საკითხზე თანამომხსენებლის რუდოლფ ბინდიგისა და ასამბლეის მონაწილეთა დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, რეზოლუციაში არ ჩაიწერა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის. საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთხელ გაისმა, რომ ჩეჩნეთის მომავალ სტატუსზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს და მასში ჩეჩნეთის მხრიდან იმ ადამიანებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, ვისაც არ მიაჩნია, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილია. საინტერესოა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ალუ ალხანოვის პოზიცია ჩეჩნეთის მომავლის თაობაზე. საინტერესოა მისი აბსტრაქტულობის გამო. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა დღეს სტრასბურგში განაცხადა: [ალხანოვის ხმა] "მივესალმები ყველა იდეას, რომელიც გააერთიანებს და შეაკავშირებს ჩეჩნეთის საზოგადოებას და ჩეჩნეთის ხალხს. ვემხრობი ყველა პოზიტიურ წინადადებას, რომელიც წამოვა იმ ადამიანებისგან, ვინც მზად არის თანამშრომლობისთვის, ვისი ხელებიც არ არის დასვრილი სისხლით და ვინც არ არის ტერორისტი და ბანდიტი".

დღევანდელ სხდომაზე რუსეთის დელეგაცია თავგამოდებით ცდილობდა რაც შეიძლება შეერბილებინა ჩეჩნეთის შესახებ რეზოლუციის ტექსტი, მაგრამ ეს პრაქტიკულად ვერ მოახერხა.

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის დელეგაციამ ასამბლეისგენ 29 აგვისტოს ჩეჩნეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და რეზოლუციაში ჩაწერა მოითხოვა, რაზეც ჩეჩნეთის საკითხზე თანამომხსენებელმა შვეიცარიელმა სოციალისტმა ანდრეას გროსმა განაცხადა: [გროსის ხმა] "ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში ცუდად ჩატარდა. ამის მიუხედავად თანახმა ვართ ვიმუშაოთ ახალ პრეზიდენტთან და ამ თვალსაზრისით ნაწილობრივ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობასაც. იმის გამო, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, მისი ლეგიტიმურობაც ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ წინააღმდეგი ვარ ასეთი ფორმულირების და გთხოვთ, რომ ეს შესწორება არ მიიღოთ". ჩეჩნეთზე მიმდინარე დებატებისას დღეს სტრასბურგში რადიო "თავისუფლებაც" ახსენეს. კერძოდ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა: [კოსაჩევის ხმა] "პატივცემულო თავმჯდომარევ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორებაა, რადგან ე.წ. ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერები კონკრეტული ტერორისტული თავდასხმებისგან ყოველთვის შორს იჭერენ თავს, მაგრამ იმავდროულად აკეთებენ განცხადებებს, რომლითაც მხარს უჭერენ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ძალადობის გაგრძელებას ისევე, როგორც ეს გააკეთა ბატონმა მასხადოვმა მიმდინარე წლის ივნისში "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც საბოტაჟის აქტებიდან ფართომასშტაბიან ბრძოლაზე გადასვლაზე საუბრობს. გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების განცახდებების გულწრფელობის თაობაზე". აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ასლან მასხადოვის იმ ინტერვიუდან, რომელსაც რუსი დეპუტატი გულისხმობდა: [მასხადოვის ხმა] "ჩვენ ყოველდღე ვახორციელებთ (ბუნებრივია, რუსები ცდილობენ ხოლმე დამალონ ეს ინფორმაცია) დიდ ოპერაციებს ფედერალური ძალების წინააღმდეგ. დღეში 8-10 ადგილას ვახორციელებთ დივერსიულ აქტებს. რუსების მსგავსად იღუპებიან მათი ჩეჩენი ქვეშევრდომებიც ნოჟაი-იურტსა და ვედენოში. ჩვენ ვგეგმავთ ტაქტიკის შეცვლას. თუკი აქამდე ჩვენ ძირითადად დივერსიულ აქტებს ვახორციელებდით, ახლა მასშტაბურ თავდასხმებზე გადავალთ."

ეს გახლდათ ნაწყვეტი ასლან მასხადოვის ინტერვიუდან, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" ივნისში გადასცა და რომელიც ხუთშაბათს რუსმა დეპუტატმა კოსაჩევმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დებატებში დასავლეთ ევროპელ კოლეგებთან კამათისას არგუმენტად მოიშველია, თუმცა, რეზოლუციაზე მუშაობის კონკრეტულ მომენტში მათი პოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კონტრარგუმენტად იქცა. დღევანდელი დებატებისას ჩეჩნეთის საკითხზე მომხსენებელთა და დასავლეთ ევროპელ დეპუტატთა საერთო აზრი გახლდათ ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის პრობლემა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოაგვაროს და რომ ჩეჩნეთის სტატუსის განსაზღვრისას უპირატესი ჩეჩნების თვითგამორკვევის უფლება უნდა იყოს. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს რუსეთის ტერიტორიის ფარგლებში უნდა მოხდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG