Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სამიტისთვის ემზადება


ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე იმდენად არის მნიშვნელოვანი,

რამდენადაც წინ უსწრებს ევროკავშირის სამიტს, რომელიც 4-5 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან მოამზადონ ნიადაგი ერაყის დროებითი პრემიერ-მინისტრის იად ალავის ვიზიტისთვის ბრიუსელში, რაც ასევე სამიტისთვის არის გათვალისწინებული. სამშაბათის შეხვედრის უმთავრეს თემებს შორის იყო აგრეთვე ირანის მიმართ სტრატეგიის შემუშავება, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირი-რუსეთის მომავალი სამიტი და დემოკრატიის ხელშეწყობა ბელორუსიაში.

მიუხედავად სპეციფიკური თემატიკისა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გვერდს ვერ აუვლიან იმ კრიზისულ ვითარებაზე საუბარს, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებობს. ამის დასტურია ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკომისიის ახალი გუნდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუდგეს საქმიანობას. "ძლიერი კომისია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ინტერესშია", - განაცხადა ფიშერმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე და გამოთქვა იმედი, რომ ბაროზო მალე მოამზადებს კანდიდატთა ახალ გუნდს. მართალია, ევროკომისიის მომავალი გუნდით უკმაყოფილების ისტორიაში ყველაზე მკაფიოდ იტალიელი როკო ბუტილიონეს საკითხი ჩანდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მხოლოდ ის არ იყო ბაროზოს უკანდახევის მიზეზი, როცა მან უარი თქვა ევროპარლამენტის კენჭისყრაზე გაეტანა კომისიის ახალი გუნდი. ბუტილიონეს გარდა საჭოჭმანო აღმოჩნდა ჰოლანდიელი კანდიდატის ნელი კროესისა და ლატვიელი ინგრიდა უდრეს კანდიდატურები. არსებობს ვარაუდი, რომ ბაროზო ბუტილიონეს კანდიდატურას იტალიის ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრით – ფრანკო ფრატინით შეცვლის. რაც შეეხება ინგრიდა უდრეს, ლატვიის მთავრობას ბაროზომ უკვე გაუგზავნა წერილი და უდრეს სანაცვლო კანდიდატურა მოსთხოვა, რის პასუხადაც ლატვიამ დღეს მეორე კანდიდატურა ანდრის პიებალგსი წარმოადგინა. ევროპარლამენტი კიდევ ერთი კანდიდატის უნგრელი ლასლო კოვაჩის შეცვლასაც ითხოვდა.

ვარაუდობენ, რომ ბაროზო ევროკავშირის სამიტზევე წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. თუმცა, მანამდე მოდით, ისევ სამშაბათის შეხვედრის დღის წესრიგს მივუბრუნდეთ: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელმაც ითხოვა მისი სახელი არ გამოქვეყნებინათ, განაცხადა, რომ ევროკავშირი ეძებს ერაყის დროებითი მთავრობისთვის დახმარების გაზრდის გზებს. უპირველესად ეს გამოიხატება იანვარში დაგეგმილი არჩევნების ჩატარებაში დახმარებით. ამისათვის ევროკავშირმა უკვე გამოყო 30 მილიონი ევრო. ამას გარდა ბლოკი აპირებს ერაყის საარჩევნო კომისიის დასახმარებლად გაგზავნოს თავისი ექსპერტები და აპირებს ერაყელი ექსპერტებისთვის სემინარების ჩატარებას. ამ სახის დახმარების გარდა, ევროკავშირი უკვე ემზადება ერაყში გაეროს მისიის დაცვაში საკუთარი სამხედროების ჩართვისთვისაც, რადგან გაერომ უნდა შესარულოს გადამწყვეტი როლი ერაყის არჩევნების წარმატებით ჩატარებაში. და კიდევ – ევროკავშირი ემზადება ერაყთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად, ოღონდ ეს მხოლოდ იანვრის არჩევნების შემდეგ მოხდება.

ერაყის გარდა, დღის წესრიგშია ირანი და მისი ბირთვული პროგრამები. ევროკავშირს სურს თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ესკალაცია. ბლოკი ირანთან თანმიმდევრული მიდგომის მომხრეა, ანუ არ სურს ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან ხედავს საშიშროებას, რომ ამ გზით ირანი შეიძლება იზოლირებული აღმოჩნდეს და მოისპოს მასთან დიალოგის საშუალება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და შესაბამისად სამიტის მონაწილეებიც იმსჯელებენ ევროკავშირის სატრატეგიაზე ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც ის არის ცნობილი, რომ ის არ წარმოადგენს არსებული ე.წ. "გზამკვლევის" ალტერნატივას.

დღეს უკვე აღარ საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას 11 ნოემბრისთვის დაგეგმილ ევროკავშირ-რუსეთის სამიტში. თუმცა, ბლოკსა და მის მეზობელს შორის კვლავ ბევრი გაუგებრობაა. რუსეთი მოითხოვს და მას საფრანგეთი და იტალიაც უჭერენ მხარს, რომ ევროკავშირმა ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ოთხი სფერო განსაკუთრებულ რეჟიმში, განსაკუთრებული მიდგომით განიხილოს. ეს სფეროებია: ეკონომიკა, საშინაო და საგარეო უსაფრთხოება, თანამშრომლობა კულტურის, კვლევისა და მეცნიერების სფეროებში. რუსეთი ყოველთვის ასე უდგებოდა ევროკავშირთან ურთიერთობას – ის ირჩევდა სფეროებს, რომლებში თანამშრომლობაც სურდა ბლოკთან. რუსეთს გასდის ახირებები ევროკავშირთან, რის საშუალებასაც მასთან ურთიერთობაში ბლოკის ქვეყნების არაკოორდინირებულობა აძლევს.

ევროკავშირის ქვეყნები გადახედავენ ბელორუსიასთან ურთიერთობასაც. სავარაუდოდ, ბლოკი შეეცდება თავი აარიდოს ყველა ნაბიჯს, რომელიც ბელორუსიის იზოლაციას გამოიწვევს, მათ შორის იგულისზმება სავიზო რეჟიმის გამკაცრებაც. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირი აპირებს უფრო ინტენსიურად დაუჭიროს მხარი ბელორუსიაში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG