Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა აქტიურად ეხმაურება სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არსებული


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესა აქტიურად ეხმაურება სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არსებული კონფლიქტების თემატიკას. ბუნებრივია, რომ ამ ინტერესს აღვივებს როგორც

აფხაზეთში არსებული დაძაბულობა, ისე ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებით 5 ნოემბერს სოჭში გამართული მოლაპარაკებები.
გაგაცნობთ რამდენიმე წერილის შინაარსს.

4 ნოემბრის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “როგორც არ უნდა დასრულდეს “დიდი აფხაზური დაპირისპირება”, მისი შედეგები არ აისახება რესპუბლიკის საერთაშორისო სტატუსზე. ამის შესახებ გულახდილად განუცხადა გაზეთს გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში ჰაიდი ტალიავინიმ.

მისი თქმით, “საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ ლტოლვილები არ დაუბრუნებიათ, მეორეც - აფხაზეთის სტატუსის განუსაზღვრელობის გამო.”

“ამასთან ერთად, არსებობს დაინტერესება, რომ აფხაზეთში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების გამართვა.”

ამასობაში, როგორც 8 ნოემბრის გაზეთი “კომერსანტი” იტყობინება, სერგეი ბაღაფშის მომხრეთა დიდი აღშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთის თავდაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა მუჰამედ კილბა.”

გაზეთი წერს: “საქმე ის არის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დროს ბატონი კილბა აქტიურად მონაწილეობდა რაულ ხაჯიმბას შტაბში და მის ახლობელ ადამიანად ითვლება. ცნობა მისი დანიშვნის შესახებ ბაღაფშის მომხრეებმა აღიქვეს როგორც ხელისუფალთა მზადება კრიზისის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის.

მაგრამ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ეს ინფორმაცია გააბათილა აფხაზთა პრემიერმა ნოდარ ხაშბამ. “თავდაცვის მინისტრად რჩება ვიაჩესლავ ეშბა”, განუცხდა მან ჟურნალისტებს. გუშინვე გაირკვა, რომ აფხაზთა პრემიერი მოსკოვში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირაში რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის შერიგების წარუმატებელი ცდის შემდეგ რუსეთი ისევ ცდილობს გავლენა მოახდინოს რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციაზე.”

6 ნოემბრის გაზეთი “კომერსანტი” გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის შეხვედრას, რომელიც წინა დღეს სოჭში გაიმართა. გაზეთის თქმით, “მოლაპარაკებების პროცესში ბატონი ჟვანია მეტად ნიშანდობლივი განცხადებით გამოვიდა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხალხის ნდობის რესურსი საიმისოდ, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებები და ყველაზე ღრმა კომპრომისები სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. მაგრამ თბილისი აცხადებს, რომ გენერალური ხაზი, რომლისგანაც საქართველო უკვე არ გადაუხვევს, ესაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ოსეთის მონაკვეთზე კონტროლი. თუმცა სამხრეთ ოსეთის მხარემ არაფერი დათმო ამ საკითხში, განაცხადა რა, რომ როკის გვირაბში ქართველი მესაზღვრეებისა და მებაჟეების ყოფნაზე საუბარიც კი ზედმეტია.”

5 ნოემბრის “გაზეტა სნგ” აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სათაურით “კავკასია: მოწესრიგების ფორმულა”. აი, ერთი ნაწყვეტი ამ სტატიიდან:
“კავკასიაში მშვიდობიანი მოწესრიგების ყველა ცდა, აგრესიული სეპარატიზმის დაშოშმინების პოლიტიკა განიცდის კრახს ერთი მარტივი მიზეზის გამო: არსებული ინიციატივები ვერ აბათილებს ძირითად ფაქტორს - გავლენიანი გარეშე ძალების მხარდაჭერას, რომელმაც სიცოცხლისუნარიანობა შესძინა ხსენებულ კონფლიქტებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამის გარეშე რომელიმე თვითგამოცხადება შედგებოდა. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აუცილებლად უნდა აღიაროს ეს ფაქტი და მასთან ერთად ისიც, რომ ერების თვითგამორკვევის უფლების მოძველებული დებულებები მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის სუბიექტების - სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ უფლებების ურყევ პრინციპთან.”
XS
SM
MD
LG