Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის კრიტიკული დასკვნის საპასუხოდ ემზადება


ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ბოლო მოხსენების შინაარსი საქართველოში კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. ორ კვირაში სტრასბურგში მუშაობას

დაიწყებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რომლის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციას ზოგიერთი არცთუ სასიამოვნო შეფასების მოსმენა მოუწევს.
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში საგანგაშო არაფერია.

საქართველოსადმი ევროსაბჭოს ძველ პრეტენზიებს ახლებიც დაემატა. ხელისუფლების მიერ იგნორირებული აღმოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნები საკონსტიტუციო ცვლილებებსა და აჭარის ავტონომიურ მოდელთან დაკავშირებით, ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. გარიგებითი მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლას თან ახლავს ადამიანის უფლებების დარღვევა, არც პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესებულა და დღემდე არ არის რატიფიცირებული რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია. ყოველივე ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ ჩაიწერა მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში, რომლის მომზადებას, საქართველოსთვის არცთუ უცნობი, უნგრელი მათიას იორში ხელმძღვანელობდა.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ახალი დასკვნა საკმაოდ მკაცრია, არ ეთანხმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი ელენე თევდორაძე. ის ამბობს, რომ, მიუხედავად შენიშვნებისა, ევროპელი ექსპერტების მოხსენება, ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე ლმობიერია:

[ელენე თევდორაძის ხმა] ,,აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რომ ეს არის მკაცრი. პრინციპში, მათი ძირითადი აქცენტი მაინც არის გაკეთებული იმ ვალდებულებებზე, რომლისთვისაც ჩვენ ახალი თარიღები მოგვცეს, რომ ეს თარიღები შემდგომში ჩვენ აუცილებლად შევასრულოთ.” (სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე ამბობს, რომ პარიზში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, ამოისუნთქა, რადგან კომიტეტის წევრებმა საქართველოს ბევრი განმარტება გაითვალისწინეს. ამოსუნთქვის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის ბოლო დასკვნას ერთ-ერთ ყველაზე მკაცრს უწოდებს. მისი განმარტებით, მოხსენებაში საუბარია არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, არამედ საქართველოს სამართლებრივ მოწყობაზე, პოლიტიკურ საკითხებსა და სიტყვის თავისუფლებაზე:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,რაც ნიშნავს უკან გადადგმული ნაბიჯების დაფიქსირებას ევროსაბჭოს მხრიდან. საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ კრიტიკული დასკვნა არის.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციისგან განსხვავებით, ელენე თევდორაძე განსაკუთრებულად კრიტიკულად მოხსენების მხოლოდ იმ ნაწილს მიიჩნევს, სადაც პატიმრების მდგომარეობაზეა საუბარი. რაც შეეხება საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხის შემცირებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასკვნაში მოხსენიებულია ,,ოდნავი ცენზურა” და თვითცენზურა.
არსებობს ინფორმაცია, რომ არაოფიციალური საუბრებისას ხელისუფლების წარმომადგენლები მონიტორინგის კომიტეტის ბოლო დასკვნის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ამასთან, არაოფიციალურად ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროსაბჭო არც ევროკავშირია და არც ნატო:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,ევროსაბჭოს რომ ჰქონდეს დღეს დადებითი ტენდენციის მქონე დასკვნა ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ, მერწმუნეთ, რომ ევროსაბჭო გახდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და მოხდებოდა ფართოდ რეკლამირება და აფიშირება ამ დამოკიდებულებისა. მაგრამ დასკვნა არის საკმაოდ კრიტიკული, დამოკიდებულება კი - მკაცრი, ხელისუფლება ირჩევს სირაქლემას პოზას, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არაფერზე გავლენის მომხდენი ორგანიზაცია არ არის და ა.შ. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი ტენდენციაა ხელისუფლების მხრიდან.” (სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძე დასძენს, რომ ევროსაბჭოში ჯერჯერობით არ იციან ის ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებით ამზადებს. სავარაუდოა, რომ ეს ცვლილებები ევროპის საბჭოს სერიოზული კრიტიკის კიდევ ერთ ობიექტად იქცევა.
მანამდე კი საქართველოს წელსვე მოუწევს უკვე არსებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, გარდა დეპორტირებული მესხების დაბრუნებისა.
1999 წლის 27 იანვარს სტრასბურგში, ევროსაბჭოს შტაბბინასთან, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ,,ქართველი და მაშასადამე ევროპელია.” ქართველობა რომ აუცილებლად ევროპელობას არ ნიშნავს, ამას ზუსტად 6 წლის თავზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ ჩვენი ქვეყნის დელეგაციას. მონიტორინგის კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27 იანვარს განიხილავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG