Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ინტერნეტ-რესურსები


დღეს ქართულ ინტერნეტ-რესურსებზე ვილაპარაკებთ.

უფრო სწორად კი, ქართულ ფორუმებს მიმოვიხილავთ, ვნახავთ რას წერენ ამ ფორუმებზე, რას კითხულობენ და რა უყვართ. აგრეთვე მოვისმენთ 5 საუკეთესო აჯაფსანდალს. აჯაფსანდალი ჩემი მოგონილი ტერმინია და თუ რას ნიშნავს ის, გადაცემის ბოლოს შეიტყობთ.

საქართველოში 150 ათასამდე ინტერნეტის მომხმარებელია. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ამერიკის დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ვებ-გვერდი. საიდან იციან კი არ ვიცი, მაგრამ ცე ერუა მაინც, მაგათ ყველაფერი იციან. რას აკეთებს ეს ასეულობით ათასი კაცი? ალბათ, დიდი ნაწილი პორნოგრაფიას ათვალიერებს, დანარჩენი კი ინტერნეტ ფორუმების სტუმარია.

ინტერნეტ ფორუმი ერთგვარი ვებ-გვერდია, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი აზრი გამოაქვეყნოს და შემდეგ სხვის პასუხებს დაელოდოს. როგორც წესი, დიდი ფორუმები უფრო პატარა ქვეფორუმებადაა დაყოფილი, რათა დიდი დომხალი არ გამოვიდეს. არის პატარა ფორუმებიც, რომლებიც ამა თუ იმ თემისადმია მიძღვნილი, ვთქვათ, კომპიუტერული თამაშებისა ან პროგრამირებისადმი. ფორუმზე რამის დასაწერად, როგორც წესი, დარეგისტრირებაა საჭირო, რაც თითქმის ყოველთვის უფასოა.

ყველაზე დიდი ქართული ფორუმია www.forum..ge. აქ მრავალი ხალხია დარეგისტრირებული. მას ჩემთან ერთად 100-მდე კაცი ათვალიერებდა.

ფორუმს მრავალი სხვადასხვა განყოფილება აქვს, თუმცა ყველაზე ხალხმრავალი მაინც ზოგადი საჭორაო განყოფილებებია. აქ შეხვდები ყველანაირი თემის განხილვას. ზოგს აინტერესებს რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საუკუნე კაცობრიობის განვითარებისათვის, ზოგნი ალეკო მალხაზიშვილის ფარულ კამერას განიხილავენ, სხვაგან კი ჰიპერმარკეტ გუდვილის ავ-კარგზე საუბრობენ.

ზოგს კი უფრო ზოგადსაკაცობრიო, ფილოსოფიური თემები იზიდავს. ერთ-ერთი ფორუმელი, აი, ამას წერს:

„თუ გიფიქრიათ, რა მიზანი აქვს ადამიანთა ცხოვრებას და მოღვაწეობას? საით მიდის კაცობრიობის განვითარება, ანუ რა მიზანი აქვს, საერთოდ, ჩვენს ცხოვრებას? რა მიზნით შეიქმნა ეს ყველაფერი დედამიწაზე? მე არ მგონია, რომ უმიზნოდ და უაზროდ მიედინება ეს ყველაფერი, ეს მთელი ინტელექტუალური, მეცნიერული, პოლიტიკური თუ ოჯახური ცხოვრების ფორმა, მთელი თავისი ტანჯვებით თუ განცხრომებით (მხოლოდ ჭამა და გამრავლება ხომ არ არის მიზანი?).“
ცალკე განყოფილებებია მუსიკის, პროგრამირების, სპორტის ან თუნდაც იარაღის განსახილველად..

არის თემა ყიდვა-გაყიდვა – აქ, ძირითადად, ნახმარ კომპიუტერებს, მის ნაწილებს და მობილურ ტელეფონებს ყიდიან. ბოლოს, ვიღაცა ყიდდა დ–ლინკის სვიჩს 50 ლარად (8 პორტიანს). თუ ფული გაქვთ, იყიდეთ ვინმემ, ნახეთ რა არის და მითხარით. ისე კი, მგონი, არ უნდა იჭმებოდეს.

მეორე დიდი ფორუმია საფიხვნო, მისამართზე www.sapikhvno.org. აქაც ბევრი ხალხია, 850-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი. განსხვავებული ამ ფორუმში ისაა, რომ დიდი ნაწილი ეთმობა ქართული ენის სიწმინდეს. საერთოდ, როგორც სახელზევე ეტყობა, უფრო კონსერვატიული ფორუმია.

აქაა განყოფილება “ ო, ენავ ჩემო”, რომელიც ეძღვნება ქართულ ენასა და მის პრობლემებს. აქ ნახავ, მაგალითად, თუ რა განსხვავებაა პარპაშსა და ბოგინს შორის. პარპაში - ზღვარდაუდებელი, მოუთოკავი საქციელია, ბოგინი კი -ვაინაჩრობა, ძლივს ყოფნა (სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ბოგინს ხმარობენ პარპაშის მნიშვნელობით, არადა, როგორც ვხედავთ, ეს ზმნები ანტონიმებიაო, - წერს ავტორი).

ამ განყოფილებაში შეგიძლია გაარჩიო გრამატიკის წესები, რა არის სწორი და რა არა და ისაუბრო ზოგადად ქართულ ენაზე, მაგალითად, თუ რას ნიშნავს "დამარხულ არს ენაი ქართული. . ."

პოპულარული განყოფილებაა სალაყბო – თავისუფალი თემა. სხვათა და სხვათა შორის აქ იხილავენ სასტუმროებს თბილისში, მაზალო ხილსა და ბოსტნეულს. აქ ფორუმის წევრები ერთმანეთს უზიარებენ იმ უცნაურობებს, რაც მათ უჭამიათ ან გაუგონიათ. მაგალითად, ერთ-ერთმა ფორუმელმა XX საუკუნის დასაწყისში გამოცემულ სამზარეულო წიგნში ნახა რეცეპტები: “ლობიო ხახვით, თაფლით, ქიშმიშით, ნიგვზით და ნუშით", "სტაფილოს ანკარა მურაბა", "ბადრიჯნისა” და “კიტრის მურაბა". ნეტავ, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამო, – უკვირს მას.

აქვეა რადიო “თავისუფლების” კრიტიკაც, სადაც წერია: რადიო კი კარგია, მაგრამ ახალგაზრულ გადაცემას მოვუსმინე და საშინლად არ მომეწონაო. დამწერის აზრით, "ავტორი" თავისი, ფრიად საეჭვო გემოვნების მქონე, სამეგობრო-სანაცნობოს გამოკითხვითაა დაკავებული და “რას ჰგავს ესო”. არადა, სადა მყავს სამეგობრო, აღარ მელაპარაკება არავინ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვებს მოსწონდათ გადაცემა. ეს ისე, რათა არ გამოვიდეს, რომ ჩემივე გადაცემაში საკუთარ თავს ვლანძღავ.



ეს, რაც შეეხებოდა დიდ ფორუმებს. დიდი ფორუმები დიდ, ტრადიციულ საქორწილო სუფრას შეგვიძლია შევადაროთ, სადაც ბევრი ხალხია, ცოტა ნაცნობი და ყველას სხადასხვა რამ აინტერესებს - ზოგს დალევა, ზოგს ცეკვა, ზოგს კი ლაპარაკი. დიდი სუფრის ალტერნატივა კი არის 4-5 კაცის შეკრება და სამზარეულოში ჩაის დალევა. ასეთი სამზარეულოებია პატარა, თემატური ფორუმები, სადაც ხალხს დაუახლოვდები და შეუჭიკჭიკდები. ორ ასეთ ფორუმს განვიხილავ, რომლებიც ყველაზე უფრო მომეწონა.

პირველია ქართული ფოტოკლუბის ფორუმი, რომელიც სულ ცოტა ხანია, რაც გაიხსნა, უფრო სწორად, გახსნის პროცესშია. მისამართია photo.hit.ge, www-ს გარეშე. ფორუმს ჯერ სულ რაღაც 37 დარეგისტრირებული წევრი ჰყავს, მაგრამ მე მგონია, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.

ვისთვისაა ახლა ეს ფორუმი. არის ფოტომოყვარულებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფოტოანბანის სწავლას. აქ შეგიძლია ატვირთო შენი ფოტო, შემდეგ კი გამოცდილი ფოტოგრაფები გეტყვიან, რა ქენი არასწორად და როგორ გაიუმჯობესო ტექნიკა.

ფოტოკლუბი აწყობს პერიოდულ გასვლებს ქალაქგარეთ, სადაც, როგორც ჩანს, ფოტოებს იღებენ ერთად და, ალბათ, სვამენ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან დავინტერესდი, რადგან მეც ახლა გადავწყვიტე ფოტოგრაფირების სწავლა და გამოცდილი ხალხის რჩევა ამ დროს ძალიან გეხმარება.

დღეს თემების უმეტესობა ცარიელია, თუმცა გვერდზე წერია, რომ სრული დატვირთვით იქითა კვირიდან იმუშავებს. ასე რომ, შეგეძლებათ წაიკითხოთ სტატიები ციფრულ ფოტოგრაფიაზე, ცნობილ ფოტოხელოვანებზე და კლუბის წევრების ფოტონამუშევრებიც იყიდოთ. მანამდე კი აქტიური მხოლოდ კლუბის სიახლეებია, ზოგადი საჭორაო ფორუმი და აგრეთვე კრიტიკის განყოფილება.

მეორე მყუდრო ფორუმს, რომელიც მომეწონა, ქართული ფილმების ფორუმი ჰქვია. მისი მისამართია movies.host.ge, ესეც www-ს გარეშე. როგორც სათაურიდან ჩანს, ეს ფორუმი მთლიანად ფილმებს ეძღვნება - არა მარტო ქართულს, არამედ ყველანაირს.

აქ შეგიძლიათ გაცვალოთ ფილმები, განიხილოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი და რას არა უშავს. ცალკე განყოფილებაა გახსნილი ქართული ფილმებისათვის, სადაც შეგიძლიათ ილაპარაკოთ, მაგალითად, თქვენს საყვარელ ქართულ ფილმებზე. ფორუმის მომხმარებლებს უყვართ: “ჯარისკაცის მამა”, “სიყვარული ყველას უნდა”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და ასე შემდეგ. თუმცა ზოგს თავისებური გემოვნება აქვს. ერთ–ერთის 5 საყვარელი ფილმია:
1. “ქრისტინე”
2. “სამი სიცოცხლე”
3. “ჯანყი გურიაში”
4. “ჩემი ბებია”
5. “დაკარგული სამოთხე”

აქვე შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის პროექტზე. ფორუმის მომხმარებლების უმეტესობას ეჭვი ეპარება,რომ აქედან რამე გამოვა.

ამას გარდა, აქ არის ახალი ფილმების განხილვა, ერთგვარი კინოკლუბი, სადაც ფორუმის ადმინისტრატორი კვირის ფილმს აღწერს და ასე შემდეგ.

მოკლედ, თქვენი ასარჩევია საით წახვიდეთ - ხალხმრავალ, გუგუნა ფორუმებს შეუერთდეთ, თუ შედარებით ვიწრო წრეს დაუმეგობრდეთ. მთავარია, ჯერ ფორუმის წესები წაიკითხოთ.

[ტიხარი]

ორიოდე წლის წინ, ინტერნეტში საოცრად პოპულარული გახდა ეგრეთ წოდებული მეშ–აფების გაკეთება - ქართულად, ალბათ, აჯაფსანდალი იქნება ყველაზე კარგი, თუმცა კი არაზუსტი თარგმანია. ეს აჯაფსანდალი არის ორი ან მეტი სიმღერა, რომელთაც თითქოს არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ, ერთად არეული, მესამე სიმღერას ქმნის. მაგალითად, ემინემის რეპს ადებენ მეტალიკას და ერთგვარი სახალისო რემიქსი გამოდის. ამ რემიქსებს, როგორც წესი, სახლში აკეთებს ვინმე მოყვარული და შემდეგ მსოფლიოს აცნობს.
შემდეგ ეს ტენდენცია ემ ტი ვიმ აიტაცა და რასაც ემ ტი ვი იტაცებს, ის ანდერგრაუნდში ვეღარ რჩება, ასე რომ, ინტერნეტ მომხმარებლებმაც ნელ–ნელა დაკარგეს მეშ–აფების გაკეთების ინტერესი. თუმცა კი ინტერესის დაკარგვამდე ბევრი კარგი და მხიარული რემიქსი შექმნეს. დღეს სწორედ 5 ასეთ საუკეთესო რემიქსს წარმოგიდგენთ.

მეხუთე ადგილზეა გარბიჯის, ბლარის, ქემიკალ ბრაზერსიოს და მოჯოს ნაზავი, სახელწოდებით “გერლზ ენდ ბოიზ”. ეს სხვებთან შედარებით სუსტი ნამუშევარია, მაგრამ ამდენი განსხვავებული ჯგუფისა თუ მომღერლის ერთად შეზავება უკვე პატივისცემას იმსახურებს.

მეოთხეზეა ამერიკული ქანთრის დიდმკერდიანი ლეგენდის დოლი პარტონისა და სკანდინავიელი ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლების, როიკსოპის, მიქსი. უხდებიან ერთმანეთს დოლი პარტონი და როიკსოპი.

მესამე ადგილზეა ბეისმენტ ჯექსის რომეოსა და ბებერი ბრიტანელი პანკების, ქლეშის მაგნიფისენტ სევენის ნაზავი. ეს მიქსი, ისევე როგორც მეოთხე და მეორე ადგილზე გასული მიქსები, ბელგიური დუეტის, სოულვაქსის, გაკეთებულია.

მეორე ადგილზეა ბისთი ბოიზის ინტერგალაქტიკ, რომელიც ეი სი დი სისთან, ინექსესა და ჰერბი ჰენკოკთან არის შეზავებული. აი, ნამდვილი აჯაფსანდალი ეს არის, თან საკმაოდ გემრიელიც.

დაბოლოს, ჩვენი გამარჯვებულია სთროუკ ოიფ ჯენიუს ქრისტინა აგილერა, გამიქსული სტროუქსთან. ეს ისეთი კარგი ნაზავია, რომ ორივე ორიგინალს ბევრად სჯობს. აბა, ისიამოვნეთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG