Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მხატვრები პრაღაში - ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონია და გია ჩიგოგიძე


[ჩეხური მუსიკა] გასულ შაბათს ჩვენი ყოველკვირეული რეპორტაჟების ციკლში ”ქართველები პრაღაში” გაგაცანით ერთი ქართველი ახალგაზრდა, მაკა სოსელია,

რომელიც პრაღის ცენტრში მდებარე ”გალერეა მიხალსკაში” მუშაობს. ამ გალერეაშია გამოფენილი პრაღაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონიას ნამუშევრები. დღეს მინდა გაგაცნოთ სწორედ ის და კიდევ ერთი მხატვარი, გია ჩიგოგიძე, რომელთაც პრაღის ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში შევხვდი.

რესტორანში შეხვედრა მერაბ ჯალაღონიას იდეა იყო - მითხრა, საუბარი არაოფიციალურ გარემოში მირჩევნიაო. ბატონი მერაბი თავის მეგობარ გია ჩიგოგიძესთან ერთად გავიცანი. ისინი პრაღაში სამუშაოდ 4 წლის წინ ჩამოვიდნენ და, როგორც სხვა ქართველებს, თავდაპირველად მათაც ძალიან გაუჭირდათ ჩეხეთის დედაქალაქში დამკვიდრება და საქმის წამოწყება.

როგორც მერაბ ჯალაღონიამ მითხრა, საჭირო საბუთების შესაგროვებლად 6 თვე დახარჯა და კიდევ უფრო მეტი, სანამ მისი და მისი მეგობრის ნახატებით სერიოზულ გალერეებს დააინტერესებდა.
[მერაბ ჯალაღონიას ხმა ] ”პირველი რიგის სირთულეებს წარმოადგენს საბუთები. აქ თუ საბუთები არ გაქვს, ისე არავინ არ ხარ...”

ამჟამად მერაბ ჯალაღონიას ოჯახის წევრებიც პრაღაში ცხოვრობენ, ხოლო გია ჩიგოგიძე მხოლოდ ახლა, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ცდილობს ოჯაღის პრაღაში გადმოყვანას.

ორივე მხატვარი ეგრეთ წოდებული ”მოდერნის” სტილში ხატავს და საკმაოდ პოპულარულია უცხოელ ტურისტებსა თუ ჩეხეთის მოქალაქეთა შორის. ამაში მე თვითონაც დავრწმუნდი, როდესაც ქართველი მხატვრების ნახატები პრაღის ყველაზე ტურისტულ უბნებში მდებარე გალერეებში ვიხილე. ერთ-ერთი მათგანი ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, მდებარეობს. აი, რას ამბობს ”გალერეა მიხალსკას” თანამშრომელი მაკა სოსელია მერაბ ჯალაღონიას პოპულარობის შესახებ:

[მაკა სოსელიას ხმა] ”ძალიან პოპულარულია, კარგად იყიდება და უფრო ქართული მოტივები აქვს, ქართული სახეები. უფრო ბერძნები, ესპანელები, იტალიელები, ხანდახან ამერიკელები, მაგრამ უფრო ბერძნები ყიდულობენ.”

მე მერაბ ჯალაღონიასაც ვკითხე მისი ნამუშევრების მყიდველების გემოვნებაზე, ბაზრის ტენდენციებზე.

[მერაბ ჯალაღონიას ხმა] ”ახლა ისეთი ტენდენცია მიდის, უფრო მიდის ფორმალისტური მიმდინარეობები, როგორც მოდერნია, როგორც აბსტრაქციონიზმია... რეალისტური ნამუშევრები უფრო ძველ ხალხს მოსწონს. ჩეხებს უფრო რეალისტური მოსწონთ, მაგრამ არა აქვთ იმდენი ფული, რომ ჩვენი ნამუშევრები იყიდონ.”(სტილი დაცულია)

ახლა ცოტა რამ იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტეს ქართველმა მხატვრებმა მოღვაწეობა მაინცდამაინც პრაღაში. მერაბ ჯალაღონიამ მითხრა, რომ ჩეხეთში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იმოგზაურა და ძალიან მოეწონა. შემდეგ უკვე, როდესაც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა, სწორედ ის ქალაქი აირჩია, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, პრაღის სილამაზის გარდა, ქართველი მხატვრების სამშობლოდან წამოსვლას სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა. ჯერ გია ჩიგოგიძეს მოვუსმინოთ, შემდეგ კი მერაბ ჯალაღონიას.

[გია ჩიგოგიძის ხმა] ”სამწუხაროდ, ერთი რაღაც არის, რომ ჩვენი პროფესია დამოკიდებულია მატერიალურ მხარეზე. და იმ ქვეყანაში, სადაც ჭირს პურის ყიდვა....”(სტილი დაცულია)

[მერაბ ჯალაღონიას ხმა ] ”მე მირჩევნია სამშობლოში ვიყო და იქ ვიმუშაო, მაგრამ ჩვენს ნამუშევარს ხომ რეალიზება სჭირდება. ამის საშუალება არ იყო თითქმის, მაშინ მშიერი უნდა იჯდე და ხატო. როცა ოჯახი გყავს, ძნელია.”
XS
SM
MD
LG