Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ 2005 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ვნებათაღელვის გარეშე არ ჩაუვლია.

ოპოზიციურმა ფრაქციებმა მთელი რიგი სოციალური პროგრამების შემცირება გააპროტესტეს. “ლეიბორისტებმა” 2005 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას თბილისელთა გენოციდის დასაწყისიც კი უწოდეს, ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” კი დამყოლი და უნებისყოფო საკრებულოს დაშლა მოითხოვეს. სხდომის მსვლელობისას მერიის შენობასთან უკმაყოფილო თბილისელებმაც მოიყარეს თავი. მთელი დღის განმავლობაში ისინი ამაოდ ითხოვდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. მიუხედავად დიდი ვნებათაღელვისა, დედაქალაქის თვითმმართველობამ ბიუჯეტის დამტკიცება მაინც მოახერხა.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, თბილისის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, რეკორდულად დიდი თანხით - 101 მილიონი ლარით - არის გაზრდილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტით ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ფენები იხეირებენ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “თუ გზები თბილისში არ გაკეთდება ევროპულ დონეზე, მაშინ მერი თავის ადგილს ვერ შეინარჩუნებს. ეს ეხება გზებს, ეს ეხება ტრანსპორტს, ეს ეხება ფასადებს… მაშინ მერი თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება.”

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტის პროექტში სავალალო ცვლილებები სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მუქარანარევი დავალების შემდეგ იქნა შეტანილი:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] “აი, აქ მე მიკავია შესწორებული პროექტი, რომელიც წუხელ ძალიან გვიან გადმოგვცეს. აქ არის ონკოლოგიური დაავადებების პროგრამა ამოღებული, პირველკლასელების პროფილაქტიკური გასინჯვა არის ამოღებული, თბილტრანსის მძღოლთა კომპენსაცია - 500 ათასი ლარია ამოღებული, კოოპერაციული ბინათმშენებლობის კომპენსაცია - 1 მლნ 250 ათასი ლარია ამოღებული… აქ ისეთი მუხლებია ამოღებული, რომ ეს უკვე არის გენოციდის ტოლფასი.”

საკრებულოს ლეიბორისტი წევრის იოსებ შატბერაშვილის მსგავსად, დედაქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებას ის თბილისელებიც აპროტესტებენ, რომელთა მომავალი პირდაპირ უკავშირდება ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების ოდენობას:

[მამაკაცის ხმა] “აი, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა რესპუბლიკაში. დაპირებები და მეტი არაფერი. ფაქტობრივად კი, არაფერი არ არის. ნაცისტები არიან ეს ხალხი მართლა.”

[ქალბატონის ხმა] “ჩვენი ფული დაგვიბრუნონ. ჩვენ არ ვმათხოვრობთ - ჩვენი ვალი აქვს სახელმწიფოს, ბინა უნდა აგვეშენებინა და არ დაგვაყენა 15 წელია საშველი. ახლა, საერთოდ, 1 მილიონიც ამოიღეს ბიუჯეტიდან.”

[მამაკაცის ხმა] “მერი არაფერ შუაში არ არის. თავის გაჭირვება ეყოფა მაგ უბედურს. ზემოდან - მიშა! მიშა! ეგრე უნდა იმას. რომ არ უნდოდეს, არც არაფერი შეიცვლებოდა.” (სტილი დაცულია)

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე გიორგი მოსიძე კი მიიჩნევს, რომ ისეთ საკრებულოს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა სურვილს უპირობოდ აკმაყოფილებს, არსებობის უფლება არა აქვს:

[გიორგი მოსიძის ხმა] “ბიუჯეტში სერიოზული ცვლილებების შეტანა დაიწყო მას შემდე, რაც პრეზიდენტს მოუვიდა იდეა თბილისში გააკეთოს ჩანჩქერებიანი და შადრევნებიანი აეოროპორტი, რომლითაც ჩამოვლენ ხოლმე მისი სტუმრები. ვთვლი, რომ ასეთ საკრებულოს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების და თბილისის მთავრობის დაკვეთებს ასრულებს პირდაპირ და ყველანაირი დაფიქრების, ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე, არა აქვს არსებობის უფლება. უნდა დაისვას თბილისის საკრებულოს არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი და, საერთოდ, დღეიდან გარეთ მდგომი მომიტინგეები იწყებენ თბილისის საკრებულოს დაშლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.”

თუმცა იმას, რასაც ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები უპრინციპობად ნათლავენ, უმრავლესობის წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით იოსელიანი ბიუჯეტში წესრიგის დამყარებას უწოდებს:

[დავით იოსელიანის ხმა] “არის პროგრამები, რომელსაც ახორციელებს ფედერალური ბიუჯეტი და არის პროგამები, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური ბიუჯეტი, ანუ აქ ხდებოდა გადაფარვა - ერთი და იგივე პროგრამები ფინანსირდებოდა სხვადასხვა სახელით და მთლიანად იქნა ეს ამოღებული. ეს არის წესრიგის დამყარება ბიუჯეტში, მეტი არაფერი.”

ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი. ოპოზიციურმა პარტიებმა კი, მერის გადადგომის, საკრებულოს დაშლისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG