Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილი და ინტერნეტსაზოგადოების ”რე-აქცია”


ალბათ, გემახსოვრებათ გასული წლის ზაფხულის მიწურულს ინტერნეტის მომხმარებელთა ერთი უჩვეულო საპროტესტო აქცია, სახელწოდებით ”რე-აქცია”, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან,

თბილისში. მაშინ, რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, ქართული ინტერნეტსაზოგადოების ერთმა ნაწილმა მუსიკით გააყრუა საელჩოს მიმდებარე ტერიტორია და თავად საელჩოს შენობა კომპიუტერში შექმნილი ლოზუნგებისა თუ ანიმაციების საპროექციოდ გამოიყენა. 8 აპრილს საღამოს რუსეთის საელჩოსთან ისევ შეიკრიბნენ ”რე-აქციის” მონაწილენი.

[ისმის კლავიატურის ხმა]

ღამღამობით კომპიუტერთან ჯდომასა და ინტერნეტდისკუსიებში ჭორაობას შეჩვეულმა ახალგაზრდობამ 9 აპრილის ღამის გათენება თბილისში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან გადაწყვიტა.

”თბილისის ფორუმზე” ამ აქციის მოსაწყობად ფორუმის მონაწილეთა ვირტუალური მობილიზება ჯერ კიდევ 28 თებერვალს დაიწყო. დღემდე გამოითქვა უამრავი კომენტარი - საერთო მოცულობით, 50 გვერდი - და ინტერნეტის მომხმარებელთა აზრების გასათვალისწინებლად მოეწყო გამოკითხვა, რამაც რე-აქციონერთა აქციის დაწყების ზუსტი დროისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას შეუწყო ხელი.

რუსეთის საელჩოსთან შეკრების მიზეზი კი კვლავ უცვლელია: საქართველოდან რუსეთის ჯარებისა და სამშვიდობო ნაწილების გაყვანა. აქციის ორგანიზატორ ზაზას, მეტსახელად ”ზარზას”, მოვუსმინოთ.

[ზარზას ხმა] ”ეს მიზანი “რე-აქციას” ბოლომდე გაჰყვება, სანამ არ შესრულდება ეს მოთხოვნები. 9 აპრილს იმიტომ დავუკავშირეთ, რომ 9 აპრილის ტრაგედია იმ ჯარების გაკეთებულია, რომლების ბაზებიც ახლა აქ არის, საქართველოში. ანუ რუსის ჯარის გაკეთებულია ეს და ამიტომ დავუკავშირეთ. ამ ჯარს არც მორალური უფლება აქვს აქ იყოს და, საერთოდ, არც იურიდიული და უნდა გავიდნენ აქედან.”(სტილი დაცულია)

რე-აქციონერთა პროტესტის ფორმები იგივეა: ისინი მუსიკით - ოღონდ ამჯერად, როგორც ზარზა ამბობს, უფრო წყნარი მუსიკით - შეახსენებენ რუსეთის საელჩოს, რომ 9 აპრილს სწორედ რუსი ჯარისკაცების ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით 22-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ათობით დასახიჩრდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უმეტესობა ქალები იყვნენ.

[ზარზას ხმა] ”ორი პლაკატი დავაბეჭდინეთ, რომელზედაც გამოსახული არის სიმბოლიზებული არწივი, რომელიც ნიჩბითა და გაზით არის შეიარაღებული.”(სტილი დაცულია)

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის კარიკატურების გარდა, ”რე-აქციის” მონაწილენი კვლავ გამოიყენებენ კომპიუტერულ პროექტორს, რომლის მეშვეობითაც რუსეთის საელჩოს შენობაზე ღამით, 9 აპრილს, მომიტინგეთა დარბევის ამსახველ ვიდეოფილმსა და დაღუპულთა სურათებს აჩვენებენ.

[ზარზას ხმა] ”დაგეგმილი გვაქვს, ღამე, იმ დროს, როდესაც რეალურად მოხდა დარბევა 16 წლის წინ, რუსეთის საელჩოს კედელზე გავუშვათ მაშინდელი კადრები, ყოველგვარი კომენტარის გარეშე.”

ქართული ინტერნეტსაზოგადოების ამ აქციაზე არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. რე-აქციონერები თავიანთ პროტესტს ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ვიზუალური და აუდიო ეფექტებით გამოხატავენ, რაც ისევე აღიზიანებს ოფიციალურ მოსკოვს, როგორც აღიზიანებდა 16 წლის წინ, 9 აპრილს, უმაღლესი საბჭოს წინ შეკრებილი ათიათასობით ქართველი.
XS
SM
MD
LG