Accessibility links

logo-print

პირველი პრაიმერი შედგა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, საქართველოს ოთხი საარჩევნო ოლქის ის 92 საარჩევნო უბანი დაიხურა, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნების წინ

ოპოზიციის წინასწარი არჩევნები, ე.წ. პრაიმერი, შედგა. მიუხედავად წინასწარი პროგნოზისა, რომ ამომრჩეველი არჩევნებით გადაიღალა და, შესაბამისად, პრაიმერში მონაწილეთა აქტიურობა თითქოს მოსალოდნელი არ იყო, ოპოზიცია შედეგით კმაყოფილია. რას ეფუძნება ოპოზიციის კმაყოფილება?

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ პრაიმერში ოთხი პოლიტიკური პარტია - ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, ლეიბორისტები და თავისუფლება მონაწილეობენ. მათგან ლეიბორისტებს თავისი კანდიდატი არც ერთ ოლქში არ წარუდგენიათ. პრაიმერი არ იმართება ქობულეთში, სადაც 1 ოქტომბერს ასევე დაგეგმილია შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ქობულეთში სახელისუფლებო კანდიდატის კობა ხაბაზის ოპონენტი უკვე გარკვეულია - იქ კენჭს კონსერვატორთა პარტიის წევრი ჯიმშერ ჯინჭარაძე იყრის, სხვა პარტიებს თავისი კანდიდატი ქობულეთში არ წარუდგენიათ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წინასწარი არჩევნების ჩატარების იდეა სწორედ კონსერვატორთა პარტიას ეკუთვნის. სხვა პარტიები კარგა ხანს ყოყმანობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ოთხმა პარტიამ პრაიმერის ჩატარებაზე თანხმობას მიაღწია.
17 სექტემბერს გამართული პრაიმერი პირველია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ალტერნატიული საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველი აქტიურია, განსაკუთრებით - ტყიბულში. მართალია, პრაიმერი ცოტა უცნაურ ვითარებაში ტარდება, - საარჩევნო ყუთები და კომისიები არა შენობებში, არამედ სკვერებსა და ბაღებშია განთავსებული, - მაგრამ, სხვა მხრივ, არჩევნების “ესთეტიკა“ შენარჩუნებულია: დაბეჭდილია საარჩევნო ბიულეტენები, არსებობს სიები, არიან დამკვირვებლები - მაგალითად, საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, NDI-მ არა მხოლოდ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა წინასწარი არჩევნების ორგანიზატორ ოთხ ოპოზიციურ პარტიას, არამედ პრაიმერზე 22 დამკვირვებელიც მიავლინა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, რეაქცია ჯერჯერობით ირონიულია. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გიორგი არველაძის განცხადებით, ურიგო არ იქნება, თუ ოპოზიცია თავის გეგმებში გაერკვევა და დაადგენს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს თუ პრაიმერს ატარებს. ისნის რაიონის სახელისუფლებო კანდიდატმა გიორგი ბრეგაძემ კი დღეს პრაიმერში მონაწილეობა არ მიიღო - ის ჯერ ისნის ამომრჩევლებთან ერთად ეზოების დასუფთავებით იყო დაკავებული, შემდეგ კი მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს „მომავლის სახლს“ ესტუმრა და იქაურ აღსაზრდელებს სასკოლო ჩანთები, რვეულები და საკანცელარიო ნივთები გადასცა. ბიძინა ბრეგაძე ბავშვებს დაპირდა, რომ მომავალ კვირას მათ პედაგოგებთან ერთად ბორჯომის პარკში გაასეირნებს.
XS
SM
MD
LG