Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს


იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა,

იუსტიციის მინისტრისა და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსის გადაყენებას ითხოვს. ამის ფორმალური მიზეზი გახდა 18 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარ ნუგზარ ქსოვრელის გარდაცვალება და სასჯელის აღკვეთის ადგილებში შექმნილი გაუსაძლისი პირობები, რასაც, საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს ერთსულოვანი დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები პირადი გამდიდრების მიზნით იყენებენ. თუმცა იუსტიციის მინისტრი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს და ზედამხედველობის საბჭოს ზოგიერთ წევრს იქით სდებს ბრალს პატიმრებთან უკანონო გარიგების მცდელობაში.

სექტემბრის დასაწყისში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვირუსული ავადმყოფობით პატიმარი კახა შათირიშვილი გარდაიცვალა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა პატიმარი ნუგზარ ქსოვრელი, რომელიც მკურნალობას ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ის კვლავ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც მკურნალობის არავითარი პირობები არ არსებობს. პატიმრის დედამ გულახდილად უამბო ჟურნალისტებს იმის შესახებ, თუ რად უჯდება ავადმყოფი პატიმრის ჭირისუფალს ავადმყოფის სამკურნალო დაწესებულებაში დაწვენა:

[ნუგზარ ქსოვრელის დედის ხმა] “სამი თვე, აი, ამ დღეში იყო. ჯერ ის თქვეს, იგონებს, ტყუილად იძახის, აფერისტობსო. არ გადაჰყავდათ რეზბალნიცაზე/ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო-რედ./. მანამ არ ჩავუჯიბეთ და მანამ არ გაიძღეს ის ღორი მუცლები, მანამ არ გადმოიყვანეს არაფრით. გადმოიყვანეს, რა? აგე, შედეგი რა იყო.” (სტილი დაცულია)

შედეგი ის იყო, რომ ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარ ქსორველს ვეღარ უშველეს და იგი წუხელ გარდაიცვალა. ამ ფაქტით აღშფოთებული იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო, რომელიც ბოლო ხანს გულგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდა სამინიტროს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე მათი თანამდებობრივი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

[თეა თუთბერიძის ხმა] “მოთხოვნები არის ის, რომ, პირველ რიგში, დაიწყოს გამოძიება და დადგეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ პირებში ვგულისხმობთ ბატონ შოთა კოპაძეს და, ამავე დროს, დგება ყველაზე მეტად იუსტიციის მინისტრის საკითხი.” (სტილი დაცულია)

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის თეა თუთბერიძის გარდა, ამ მოთხოვნას სრული შემადგენლობით უჭერენ მხარს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს წევრები. თავად ამ საბჭოს შემადგენლობა მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა. შესაბამისად, როგორც საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ანა დოლიძე აცხადებს, მათ მოთხოვნას სააკაშვილმა ანგარიში უნდა გაუწიოს:

[ანა დოლიძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება არ მოჰყვეს მყისიერი რეაგირება, კემულარიას გათავისუფლების თვალსაზირისით. არა მგონია, რომ ეს ერთ კვირაში მოხდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი დაუკვირდება, თუ რა მწიფდება ამ სფეროში - ის, რომ ეს თავად მას შეიძლება უქადდეს სერიოზულ საფრთხეს, იმდენად, რამდენადაც აქ სერიოზული კრიმინალური ინტერესებია. ეს პრეზიდენტის ყურადღებას მიიქცევს და ნელ-ნელა ჩვენ ამისგან გაგვათავისუფლებს.” [სტილი დაცულია]

საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს წევრების მხრიდან კრიტიკას ორიოდე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ საპასუხო ბრალდებით უპასუხა და ამ საბჭოს წევრი მაკა ჯიშკარიანი ავადმყოფ პატიმრებთან უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა. პატიმრის გარდაცვალების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. დღის ბოლოს მოწვეულ პრესკონფერენციაზე კი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსმა საპატიმროში საშიში ვირუსული დაავადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და ამით გამოწვეულ ინციდენტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეცდომა უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG