Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთთან მოლაპარაკებას იწყებენ


30-საათიანი ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ, ორშაბათს ღამით,

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დასთანხმდნენ კავშირში გაწევრიანების თაობაზე თურქეთთან მოლაპარაკების დაწყებას. გადაწყვეტილება მიღებულია და თურქეთს უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის რეალური შანსი აქვს. თუმცა ორივე მხარეს კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრანებამდე თურქეთს რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს და რომ ეს გზა, შესაძლოა, მარცხითაც დასრულდეს.

ორშაბათს ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილება თურქეთს – ქვეყანას, რომლის 70 მილიონიანი მოსახლეობა უმეტესად მუსულმანურ აღმსარებლობას მისდევს - ევროპის კავშირში გაწევრიანების რეალურ შანსს აძლევს.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოებულ მოლაპარაკებებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტროუ ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების შესახებ პირველი განცხადებაც სწორედ სტროუმ გააკეთა:

[სტროუს ხმა] “მოხარული ვარ გამცნოთ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება. იმედი მაქვს, მოლაპარაკების გახსნას შუაღამემდე შევძლებთ; შესაძლოა, ეს შუაღამის შემდეგაც მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმით, რომ მოლაპარაკებას 3 ოქტომბერს ვიწყებთ, ვფიქრობ, შევასრულეთ ევროპის საბჭოს მიერ 17 დეკემბერს მიღებული მოთხოვნა, რომელიც ივნისში კიდევ ერთხელ დადასტურდა.”

ორშაბათ საღამომდე ოფიციალური ანკარა ევროკავშირის მხრიდან დაყენებულ პირობებს განიხილავდა. სამშაბათ დილით ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გული ამ განხილვის შედეგებით კმაყოფილი ჩანდა:


[გულის ხმა] “თურქეთმა მიიღო, რაც სურდა – სრულუფლებიანი წევრობის შესაძლებლობა. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მოლაპარაკების დროს თურქეთი თავს კარგად წარმოაჩენს. და მე მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც ხელს მოვაწერთ ერთობლივ შეთანხმებას.”

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის კანდიდატად თურქეთის ქცევას სკეპტიკურად უყურებდა, ავსტრია იყო. ავსტრია მოითხოვდა თურქეთისთვის ევროპის კავშირს არა სრულუფლებიანი წევრობა, არამედ "პრივილეგირებული პარტნიორობა" შეეთავაზებინა. თუმცა ორშაბათს ავსტრიამ ამ მოთხოვნაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც კამათი წარმოშვა, ევროპის კავშირის დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი იყო. ამ მუხლის მიხედვით, თურქეთს არ ექნება უფლება ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარი უთხრას. ოფიციალურმა ანკარამ ეს მუხლი კვიპროსისთვის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობად აღიქვა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ამ მუხლის მიღებას მხოლოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბრისა და მისგან გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგ დასთანხმდა.

ევროპის კავშირის გაფართოების კომისარმა ოლი რენმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოვიდა დრო თურქეთმა და ევროპის კავშირმა უკან მოიტოვონ საკამათო საკითხები და ერთობლივ მომავალზე დაიწყონ ფიქრი:

[რენის ხმა] “ჩვენი და თურქეთის ურთიერთობაში ახალი ეპოქა იწყება. ყველამ ვიცით, რომ აქამდე ბევრ პრობლემურ კვირასა და თვესთან მოგვიხდა გამკლავება. ახლა მოგვეცა შესაძლებლობა ყოველივე თავიდან დავიწყოთ და მოლაპარაკების დროს მთავარ ასპექტებზე გავაკეთოთ აქცენტი. თურქეთისა და ევროპის უკეთესი მომავალი სისტემატური და სამართლიანი მოლაპარაკებით უნდა იქნეს მიღწეული.

თუმცა ორივე მხარეს კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრანებამდე თურ
ქეთს რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს და რომ ეს გზა, შესაძლოა, მარცხითაც დასრულდეს.
ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკება 10 წელიწადს გაგრძელდება და ევროპის კავშირის კანონმდებლობის 35 "თავს" დაფარავს. თურქეთს, როგორც წევრობის კანდიდატს, რომელიმე თავის უარყოფის უფლება არ ექნება; ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მოლაპარაკება მხოლოდ იმის შესახებ აწარმოოს, თუ როდის მოახდენს ამა თუ იმ მუხლის დანერგვას.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტროუ ყოველივე ამას ოპტიმისტურად უყურებს:

[სტროუს ხმა] “ნებისმიერმა გაფართოებამ, რომელიც ევროპის კავშირში უკვე განხორციელდა, ძველსა და ახალ წევრებს ძალა და სიმდიდრე შემატა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაფართოებაც იმასვე მოიტანს. ის ევროკავშირში მოიყვანს ძლიერ, სეკულარულ სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია. ეს ყოველივე კი იმის დასტური იქნება, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ცხოვრება, მუშაობა და განვითარება.”

რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების პარალელურად, თურქეთს რამდენიმე სხვა ფაქტორთანაც მოუწევს შერიგება. ევროპის კავშირმა უკვე მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ თურქეთის მოქალაქეები სრულად ვერ მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის სამუშაო ბაზარზე. ამასთან, თურქეთი, ალბათ, ვერასოდეს გაწევრიანდება შენგენის სივრცეში, სადაც შიდა საზღვრები გაუქმებულია.

დაბოლოს, თურქეთს არც იმის გარანტია აქვს, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა სულ ბოლო მომენტში არ ეტყვის გაწევრიანებაზე უარს. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა არსებულმა წევრმა უნდა მისცეს თანხმობა. ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც აპირებს. საფრანგეთმა, მაგალითად, უკვე განაცხადა, რომ სწორედ ასე მოიქცევა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG