Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივ მაუწყებლობას გარდამავალი პერიოდის პრიორიტეტები განუსაზღვრეს


პირველი ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის, რომელიც გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა, მომავალი წელი გარდამავალი პერიოდი იქნება.

ეს ვადა საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოს განუსაზღვრა სამეურვეო საბჭომ, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ძირითადი მიზნებისა და საპროგრამო პრიორიტეტების პროექტი შექმნა. მისი დოკუმენტად გარდაქმნილი ვარიანტი საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების სამწლიანი პროგრამის საფუძვლად უნდა იქცეს. მინდა გარდამავალი პერიოდის სამაუწყებლო პრიორიტეტებზე მოგითხროთ.

საზოგადოებრივ მაუწყებლობას მისმა სამეურვეო საბჭომ მომავალი წლისთვის 4 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება განუსაზღვრა: ,,დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება და საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლებისა და მრავალფეროვნების და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა.” მომავალი წლის პრიორიტეტად კი საინფორმაციო პროგრამები გამოცხადდა. ზოგადად, ამ შინაარსის დოკუმენტის პროექტი რომ სრულყოფილი არ არის, ამას თავად სამეურვეო საბჭოს წევრები აღიარებენ. გია ნოდიას განმარტებით, საბჭო დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან დეტალურ პროექტზე მუშაობა გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა, რაც, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შინაარსობრივად შეცვლის პროცესს შეაფერხებდა:

[გია ნოდიას ხმა] "რაც შეეხება შინაარსობრივ გადახრას ინფორმაციული პროგრამების თვალსაზრისით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ჩვენ ვთვლიდეთ, რომ, დროის თვალსაზრისით, სულ ინფორმაციული პროგრამები უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლობის, ასე ვთქვათ, შინაარსიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ის უნდა ზრუნავდეს, უპირველეს ყოვლისა, იმის უზრუნველყოფაზე, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული იმისათვის, რომ იყოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვინდა, ცხადია, ითქვას, რომ სახელი და ორგანიზაციული ფორმა შეიცვალა და შინაარსი არ შეცვლილა.” (სტილი დაცულია)

სამეურვეო საბჭო ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასახელებს სახელმწიფო ტელევიზიის დროინდელი სტერეოტიპის დამსხვრევას და იმის დამტკიცებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის საინფორმაციო პროგრამები ობიექტური და მრავალმხრივია და მხოლოდ ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს. ის, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას დღეს საზოგადოების არცთუ დიდი ნაწილი უყურებს, ცნობილია თავად მაუწყებლობის გენერალური დირექტორისთვის:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] "ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ, საკანონმდებლო ვალდებულება განვახორციელეთ, რომ მოვაწყვეთ წინასაარჩევნო დებატები, მაგრამ დარწმუნებული ვარ 80%-ს თქვენგან არ უნახავს ეს დებატები.” (სტილი დაცულია)

თუმცა ამის მიზეზად თამარ კინწურაშვილი არა სტერეოტიპს ან შინაარსობრივ მხარეს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არსებულ რთულ ტექნიკურ მდგომარეობას და უხარისხო სიგნალს ასახელებს. ანალოგიურ მიზეზს გენერალური დირექტორი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს და ყოფილი პირველი არხის ამჟამინდელ ტექნიკურ პოტენციალს არქაულს უწოდებს.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ საპროგრამო პრიორიტეტებს, მათი საფუძველი მრავალმხრივი კვლევა არ ყოფილა. იმის მიზეზად, რომ საბჭო მხოლოდ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგებს დაეყრდნო, დროისა და ფინანსების სიმცირე დასახელდა. შედარებით სრულყოფილ გამოკვლევას საზოგადოებრივი მაუწყებლობა მოგვიანებით გეგმავს, ისევე როგორც ახალი პროექტების გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას. მანამდე კი, საინფორმაციო პროგრამების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლობა მაყურებელს მხოლოდ სამ საკუთარ გადაცემას სთავაზობს: "ადრეს", "სარჩევს" და "ბაბილინას". გარდამავალ და შემდგომ პერიოდში შესაქმნელი პროგრამებითა და ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესებით საზოგადოებრივი მაუწყებლობა "რუსთავი 2"-ისა და "იმედის” სერიოზულ კონკურენტობას აპირებს. თავად მომავალი კონკურენტი ტელეარხები საზოგადოებრივი მაუწყებლობის საპროგრამო პრიორიტეტების პრეზენტაციით ორშაბათს არ დაინტერესებულან.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG