Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში


გუშინ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანთა დახმარებასა და ინტერესების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა

ფსიქიკური პრობლემებისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა მდგომარეობაზე იმსჯელეს. მდგომარეობა სავალალოა. ამ პრობლემაზე საჯარო დისკუსიის საბაბი ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოსა“ და „ღია საზოგადოება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის“ მიერ მომზადებული სპეციალური სქელტანიანი ანგარიში გახდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ და, საერთოდ, ხელისუფლებამ ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ–ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების დაფინანსება საგრძნობლად გაზარდოს. ასე ჟღერს ანგარიშში ჩამოყალიბებული ერთ–ერთი რეკომენდაცია, რომლის გაუზიარებლად ქვეყანაში ამ სფეროში არსებული სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება. ფსიქიკურ აშლილობათა დაავადებიანობის მაჩვენებელი მატებას 1992 წლიდან იწყებს. სწორედ ამ დროიდან აღინიშნება საქართველოში ფსიქიკური აშლილობებით გამოწვეული დაავადებიანობის სამმაგი და ავადობის ორმაგი ზრდა. საქართველოში 2004 წელს ოფიციალურად რეგისტრირებულ იქნა თითქმის 107 000 ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი ბევრად მეტია. ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობის მაჩვენებლების ზრდას სპეციალისტები ორი ფაქტორით ხსნიან: დაავადებათა აღრიცხვიანობის სისტემის შედარებითი გაუმჯობესება და ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის შემოღება. როგორც ფსიქიკური პრობლემებისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ შექმნილი ანგარიშის ერთ–ერთი ავტორი მანანა შარაშიძე ბრძანებს, მიუხედავად მრავალი მიზეზისა, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ დღესდღეობით ფსიქიკურად დაავადებულთა და, საერთოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში კრიტიკულია:

[მანანა შარაშიძის ხმა]“ ჩვენ ეს ანგარიში გავაკეთეთ იმისთვის, რომ შექმნილიყო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა მოკლედ აღწერილი ასეთი ადამიანების მდგომარეობა და მათთვის განკუთვნილ ინსტიტუციებში რა მდგომარეობაა. და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, პირველ რიგში, მიგვეწოდებინა ჯანდაცვის სამინისტროსათვის, რათა მათ იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით და შექმნან შესაბამისი პოლიტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის და აგრეთვე გამოიყენონ ეს ინფორმაცია კანონმდებლობის შესაცვლელად.“(სტილი დაცულია)

ექსპერტთა აზრით, მთავრობისა და პარლამენტის ხელშეწყობით უნდა მოხდეს სტრუქტურის დეინსტიტუციონალიზაცია, თემაზე დაფუძნებული სამსახურების ალტერნატიული სისტემის შემოღება, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრირება, მათ შორის, მათი დასაქმება და სხვ. დარგობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო პოზიტიურად, მაგრამ ჯერჯერობით შეზღუდული შესაძლებლობებით, ეხმიანება.

[ნიკოლოზ ფრუიძის ხმა]“ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს აღებული გეზი, ფსიქიატრია ეს არის ერთ–ერთი პრიორიტეტი, აღებული აქვს გეზი დარგის გაუმჯობესებისკენ. ნუ, ჩვენ ხანგრძლივ - სამწლიან და შვიდწლიან - გეგმებში გვაქვს დასახული თანხების მატება და, შესაბამისად, დარგის დაფინანსების მატება.“(სტილი დაცულია)

ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძეა. მისი თქმით, ფსიქიატრიულ პაციენტთა საარსებო პირობები, ერთი მხრივ, სოციალური დახმარების ახალი პროგრამით იქნება დაცული, მეორე მხრივ კი, უფასო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების გაზრდით. ასე ჟღერს ოფიციალური დაპირება. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საკვების, მედიკამენტების, გათბობის არარსებობისა და არასათანადო მოვლის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 800–ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. აქედან 2003 წელს - 84, ხოლო 2004 წელს - 73.


[ჯუდი კლაინის ხმა]“ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები საქართველოში შემდეგი ზოგადი პრობლემების წინაშე დგანან: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიღარიბე, მათ არ მიუწვდებათ ხელი კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებასა და დახმარებაზე, მესამე, არ არსებობს ფსიქიატრიული დისპანსერების არჩევანი და მათი ჩამანაცვლებელი ალტერნატივა და, ბოლოს, ამ ადამიანებს არა აქვთ საშუალება მიიღონ სათანადო განათლება და დასაქმდნენ.“

როგორც საქართველოში ფსიქიკური პრობლემებისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა მდგომარეობის ანგარიშის ერთ–ერთი რედაქტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის დირექტორი ჯუდი კლაინი ამბობს, იმისათვის, რომ ფსიქიკურმა ავადმყოფებმა ელემენტარული შვება იგრძნონ, საჭიროა არა დიდი ფულადი რესურსი, არამედ თანხის ოპტიმალურად განკარგვა. მით უფრო, რომ ფსიქიკური აშლილობის ნიშნით გამოყოფა და ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებებში სამუდამოდ მოთავსება ადამიანის უფლებათა სრულად უგულებელმყოფი და სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედებაა. ექსპერტები სახელმწიფოს ფსიქიატრიული ქსელის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროულად დაწყებას ურჩევენ.
XS
SM
MD
LG