Accessibility links

logo-print

ეროტიკული კალენდარი ბიბლიურ თემებზე - მკრეხელობა თუ ეკლესიის სამსახური?


გერმანიაში, ფრანკონიის ერთი პატარა ევანგელისტური თემის - კაცვანგის - ეკლესიის გარშემო შეკრებილმა ახალგაზრდებმა გამოუშვეს 2006 წლის “ბიბლიური ეროტიკული კალენდარი”. მასში ბიბლიური თემები, ბიბლიიდან ამოკრეფილი ციტატებით, ილუსტრირებულია ფოტოებით, რომლებზეც მეტად თუ ნაკლებად შიშველი ადამიანებია გამოსახული. მკრეხელობაა ეს თუ ეკლესიის სამსახური? - ვკითხე ეროტიკული კალენდრის თაობაზე შტეფან ვისტს - დიზაინერს, ფოტოგრაფს, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ამ პროექტის ავტორს.

შტეფან ვისტისთვის პირველი არ ვიყავი, ვისაც ის პროექტის მიზნებს განუმარტავდა - რუსეთიდან და კოლუმბიიდანაც ჩასულან მასთან.

(ვისტის ხმა) “პირველ რიგში, გვსურდა ბიბლიის მიმართ ხალხის ყურადღება გაგვეღვიძებინა, გვეჩვენებინა, რომ ბიბლიაში მხოლოდ შობისა და აღდგომის ამბები არ წერია, რომ იქ აქტუალური და საინტერესო თემებიც არის. ამ სურათებით, რომლებიც კალენდრისთვის შეიქმნა, გვსურდა დღევანდელობასთან კავშირი დაგვემყარებინა, თანამედროვე მხატვრული ხერხით ბიბლია თანამედროვე ადამიანებისთვის გვეჩვენებინა.”

შტეფან ვისტი ამბობს, რომ ის და მოდელები, ბიბლიური სცენების დადგმისას, კლასიკოს ფერმწერებს დაესესხნენ. ცხადია, მათ არა აქვთ პრეტენზია,რომ დიდ ხელოვნებას ქმნიან. ფოტოხელოვანის თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ არავის რწმენისთვის არ უნდა მიეყენებინათ შეურაცხყოფა. ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა, ფოტოგრაფთან ერთად, გულდასმით შეისწავლეს ბიბლიის ის სიუჟეტები,რომელთა ასახვაც სურდათ თავიანთ კალენდარში, გაეცნენ წმინდა წერილის ინტერპრეტატორების ნამუშევრებს და, ამასთან, როგორც შტეფან ვისტი ამბობს, რჩევა ჰკითხეს თეოლოგებს - კათოლიკეებსა და პროტესტანტებს.

(ვისტის ხმა) “თეოლოგებს ვეკითხებოდით: “ სად არის საზღვარი - როგორ გავაკეთოთ ისე, რომ არავინ შეურაცხვყოთო?”

მომზადებაზე დიდი დრო დავხარჯეთ. ასე რომ, გვაკვირვებს გერმანიაში უარყოფითი რეაქცია.”

მაგრამ რეაქცია მხოლოდ უარყოფითი არ ყოფილა. ზოგიერთი კრიტიკით გამოდის და აცხადებს, სიშიშვლეს არაფერი ესაქმება ეკლესიასთანო. აქვე კალენდრის ერთ დეტალს გაგაცნობთ: ევა, ადამის გარეშე, გამოსახულია გრძელი შავი თმით, სრულიად შიშველი, სარცხვინელზე ლეღვის ფოთლით; დგას კაცვანგის ეკლესიის საკურთხევლის ფონზე და გამოწვდილ ხელში ვაშლი უჭირავს, თითქოს ეკლესიაში თქვენს შეტყუებას ცდილობდეს. შტეფან ვისტი ადასტურებს, რომ ეს ჟესტი, მართლაც, ამას ნიშნავს, თუმცა ამბობს, რომ არავის პროვოცირება მიზნად არ ჰქონიათ დასახული.

(ვისტის ხმა) “პროვოცირება არ გვდომებია. პლაკატით, რომელზეც ევა ცდილობს, ხალხი ვაშლით ეკლესიაში შეიტყუოს, გვსურდა მათთვის მიგვემართა, ვინც ეკლესიაში არ დადის და ბიბლიას არ კითხულობს, ვისაც შეუძლია ეკლესიასთან შეჩერდეს და იკითხოს, რას აკეთებს ეკლესია, გარდა იმისა, რაც ცნობილიაო.”

ეკლესიის მღვდელს ბერნტ გრასერს უსაყვედურებენ, ეკლესია ფოტოსტუდიად აქციეო. გრასერმა გერმანიის რადიოს შემდეგი უთხრა:

(გრასერის ხმა) “ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ძველი ოსტატებიც ხომ ხატავდნენ შიშველ სხეულებს. ერთმა ქალბატონმა სურათი მიჩვენა, მასზე სამოთხის სცენაა ასახული, მე-16 საუკუნის ნამუშევარია, ასევე შიშველი ფიგურებით. ნახატი მაშინ ის იყო, რაც დღეს ფოტოა. სიშიშვლე ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა. იმაში არაფერია სასაყვედურო, თუკი გოგონა მცირე ხნით ეკლესიაში შიშველი დადგება და ფოტოს გადაუღებენ.”

კალენდრის შემქმნელმა გვითხრა, რომ ის, ვინც ბიბლიურ ისტორიაში გარკვეულია, თეოლოგები და სხვანი, მიესალმნენ პროექტს.

(ვისტის ხმა) “კალენდარი შემიკვეთეს თეოლოგებმა, თეოლოგიურმა უწყებებმა, უნივერსიტეტებმა, სადაც თეოლოგიას სწავლობენ. ასე რომ, ვინც თეოლოგიაში გარკვეულია, ნაკლებად გვაკრიტიკებს.”

შტეფან ვისტს ბიბლიის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ შევეკითხე. მან მიპასუხა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული წიგნია, სადაც ბევრი საინტერესო ამბავი და ფიქრის აღმძვრელი ინფორმაციაა, მაგრამ რომელიც თანამედროვეობის შესატყვისად უნდა იქნეს გადმოთარგმნილიო. თანამედროვენი არიან მოდელები, ვინც კალენდრის შექმნაში მონაწილეობდა, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც თანახმანი იყნენ შიშველი ფოტოები გადაეღოთ. აქვე გეტყვით, რომ ყოველ მათგანს გადაღებაზე მშობლის თანხმობა უნდა მოეტანა. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ისინი აქტიური მორწმუნენი არიან, რომლებიც სამრევლო სოციალურ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. მე ვერ დავმალე ჩემი ინტერესი, თუ რა კრიტერიუმით არჩევდა ფოტოგრაფი მოდელებს. ერთი მხრივ, ალბათ, არ ივარგებდა, ისინი შოუბიზნესის წარმომადგენლებს ჰგვანებოდნენ, თუმცა ისიც არ იქნებოდა სასიამოვნო, “ბიბლიურ კალენდარზე” შეუხედავი და უსახური გოგონები და ბიჭები გამოესახათ. შტეფან ვისტს გაეცინა ჩემს შეკითხვაზე, სილამაზის მიხედვით არჩევდით თუ არა-მეთქი.

(ვისტის ხმა) “ყველას შეეძლო მონაწილეობა, ვისაც სურდა. ხალხი მოტივების შესაბამისად ავარჩიეთ, არა სილამაზის მიხედვით. ავარჩიეთ ისინი, ვისაც ეკლიასთან სიახლოვე აქვს, ამ პროექტში მონაწილეობს და ვისი გარეგნობაც, ჩვენი სურვილის მოტივებს შეესაბამებოდა.”

კალენდარს კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს და მომხრეც, ვინც სითამამეს უქებს პროექტის ავტორებს და ხარობს, რომ ეკლესიაში რაღაც ხდება ახალი. შტეფან ვისტი ამბობს, სამწუხაროდ, ეკლესია ვერ იყენებს ამ, ფაქტობრივად, უფასო რეკლამასო - უამრავი წერილი მოგვდის იმათგან, ვინც ჩვენს საქმეს ემხრობა და მიესალმება, კათოლიკეებისა და პროტესტანტებისგან, მაგრამ პრესის გამოხმაურებაში ეს დადებითი ხმები იკარგებაო.

მე თვითონ ვარ მოწმე გამოხმაურებებისა საინტერნეტო საიტზე, სადაც ასპარეზი ფართოა, სადაც ხალხი ეკლესიით უკმაყოფილებას არ მალავს და კალენდრის ავტორის სითამამე მათაც სითამამეს ჰმატებს, ზოგი რამ წამოაძახონ რომის პაპს. სხვებს არ მოსწონთ კალენდარი - ერთ-ერთ კომენტარში წერია, საშინელებაა რასაც აკეთებთ, ეს ბიბლიური კი არა, მეძავური კალენდარიაო და ასე შემდეგ.

კაცვანგელმა ახალგაზრდებმა გაბედეს და ვნახოთ, რას მოიმკიან. ძველი სიბრძნე მათაც კარგად მოეხსენებათ: რასაც დათესავ, იმას მოიმკიო.
XS
SM
MD
LG