Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელორუსიის, ავღანეთის, ირანისა და ერაყის შესახებ


30 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების

საგარეო საქმეთა მინისტრთა ყოველთვიური შეხვედრა შედგა. მთავარ თემებს შორის, რომლებიც ამ შეხვედრაზე განიხილეს, ბელორუსიის წინასაარჩევნო სიტუაცია, ავღანეთის მომავალი, ირანის ატომური პროგრამა და ერაყთან ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობა იყო. "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში ამ შეხვედრის შესახებ ვისაუბრებთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბელორუსიაში მარტში დაგეგმილი არჩევნები გაყალბდება, ისინი ბელორუსიას სანქციებს დაუწესებენ.

30 იანვარს ბრიუსელში შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ბელორუსია საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სტანდარტებს არ დაიცავს, 25 მინისტრი შესაბამის ზომებს მიიღებს.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის თქმით, ამ ზომებში სავიზო რეჟიმის გამკაცრება და ეკონომიკური სანქციები შევა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბელორუსიის საკითხის განხილვას ბრიუსელში ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ალექსანდრ მილინკევიჩის ვიზიტი დაემთხვა. ამ დამთხვევამ ერთგვარი დილემაც შექმნა – ევროკავშირი, ერთი მხრივ, ღიად ატარებს ლუკაშენკას ავტოკრატული რეჟიმის საწინააღმდეგო კამპანიას, მაგრამ, მეორე მხრივ, არ სურს, რომ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატთან ან პარტიასთან გახდეს ასოცირებული.

თუმცა მილინკევიჩს ევროკავშირში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე საყურადღებო მისი ნახევარსაათიანი შეხვედრა იყო ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, მილინკევიჩი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას, ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს იოსეფ ბორელს შეხვდა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ემა უდვინმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ბელორუსიასთან მიმართებით ევროკავშირის შეშფოთება იზრდება:

[უდვინის ხმა] "ევროკავშირი კვლავ ძალიან შეშფოთებულია ბელორუსიაში არსებული სიტუაციით, რომელიც მუდმივად უარესდება დემოკრატიასთან, პოლიტიკურ თავისუფლებებთან და ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ჩვენ ძალიან ახლოს ვადევნებთ თვალს წინასაარჩევნო პროცესს და, როგორც გასული წლის ბოლოს უკვე ვთქვით, თუ საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იქნება, ევროკავშირი არ გამორიცხავს, რომ მიღებულ ზომებს კიდევ უფრო გაამკაცრებს."

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს, ავღანეთი იყო. ევროკავშირის დიპლომატები ავღანეთის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად სამი სფეროს გაძლიერებას მიიჩნევენ - უსაფრთხოებას, სწორ მმართველობას და სოციო-ეკონომიკურ განვითარებას. ნარკოტიკებით ვაჭრობის აღკვეთა, მათი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ კონფერენციაზეც იმსჯელეს, რომელიც 31 იანვარს ლონდონში გაიხსნა და რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობასა და ავღანეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა შეიმუშაოს. ევროკომისიის წარმომადგენელი ემა უდვინი მიიჩნევს, რომ ეს კონფერენცია ავღანეთის საერთაშორისო მხარდამჭერებს საშუალებას მისცემს აშკარად აჩვენონ, რომ მზად არიან ავღანეთს განვითარებაში დაეხმარონ:

[უდვინის ხმა] "ავღანეთს და მის დონორებს შორის დადებულ ახალ შეთანხმებაში იმ პირობებსა და მიზნებს გაითვალისწინებენ, რომლითაც ჩვენი სამუშაო უახლოესი წლების განმავლობაში უნდა წარიმართოს. უნდა გამოჩნდეს, რომ ეს მხოლოდ თალიბების რეჟიმის დაცემაზე რეაქციით კი არ არის გამოწვეული, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილით, ავღანეთს სტაბილიზაციის, დემოკრატიზაციისა და კეთილდღეობის რთულ და გრძელ გზაზე დაეხმაროს."

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის შესახებაც იმსჯელეს. მათ მიერ შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ირანის გადაწყვეტილებით, გახსნას დალუქული მოწყობილობა და ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები აწარმოოს. ირანის ატომური ენერგეტიკის საქმესთან მიმართებით ევროკავშირი მოლაპარაკების წარმოების მომხრეა, მაგრამ მოლაპარაკების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ირანის მთავრობის თანამშრომლობა გამჭვირვალე უნდა იყოს.

30 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს პირველად მიეცათ ერაყზე საუბრის საშუალება იქ ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ოფიციალური წყაროების თანახმად, როგორც კი ერაყში ახალი მთავრობა შეიქმნება, ევროკავშირი ვაჭრობის და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.

30 იანვარს შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასურველია ერაყში ახალი მთავრობა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს და მასში ყველა ის პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG