Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე - რა დახმარებას ჰპირდება ნატო საქართველოს


თბილისში, სასტუმრო “მარიოტში”, დღეს პირველ საათზე დასრულდა საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის პირველი, ოფიციალური, ნაწილი.

კონფერენციის მეორე დღეს ფორუმის მუშაობაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველომ, სადაც იკვეთება ტერორიზმის წინააღმდეგ და ენერგოუსაფრთხოებისათვის გლობალური ბრძოლის ფრონტის ხაზები, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დიდ წარმატებებს მიაღწია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს უმთავრესი ამოცანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. რა ვითარებაში მიმდინარეობდა უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე და რა დახმარებას ჰპირდებიან ნატოს წარმომადგენლები საქართველოს?

უსაფრთხოების სექტორის განვითარება და ნატოსთან ინტეგრაცია, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და გლობალური უსაფრთხოება - ეს ის თემებია, რომელთა შესახებ თბილისში - სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ - მიმდინარე საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილე ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრება 18 თებერვალს, კონფერენციის მეორე დღეს, ისაუბრეს. ფორუმის მასპინძელი უწყების წარმომადგენელმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა კი ყურადღება ქართულ ჯარში მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა:

[ლევან ნიოკოლეიშვილის ხმა] „ძირითადი აქცენტი გავაკეთე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე და თუ საით მიემართება შეიარაღებული ძალები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ ხდება მთლიანად „პროფესიონალიზაცია“ - ხდება აღჭურვა და წვრთნა იმ სტანდარტებით, რაც არის ნატოსათვის მისაღები.“

იმაზე, თუ რა არის ნატოსათვის მისაღები და როგორ სრულდება ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა, კონფერენციის მონაწილეებს დაწვრილებით არ უსაუბრიათ. საქმე ის არის, რომ ორიოდე კვირაში თბილისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაცია უნდა ეწვიოს.

[გიორგი ბარამიძის ხმა] „მარტის დასაწყისში ჩვენ ნატოდან ველოდებით ექსპერტებს, რომლებმაც უნდა შეაფასონ ჩვენი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შესრულება და ეს იქნება საბოლოოდ აზრის ჩამომყალიბებელი, ღირსია თუ არა საქართველო ამ წლის განმავლობაში მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.“(სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო პროგრამით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს, რაშიც სამხედრო აკადემიის ყოფილ პრორექტორს კახა კაციტაძეს ეჭვი ეპარება:

[კახა კაციტაძის ხმა] „რა განცხადებებს აკეთებენ ის პირები, რომლებიც სამხედრო საკითხებში ვერ ერკვევიან, ეს, უბრალოდ, მათ სინდისზე იყოს. სულ სხვა რამაა ის, რომ სისტემა არ არის გამჭვირვალე, ანუ არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს სამხედრო აღმშენებლობა, რაშიც (აღმშენებლობაში) მე პირადად ეჭვი მეპარება.“ (სტილი დაცულია)

ნატოში საქართველოს შესვლის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ფორუმში მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით იღებდა. მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო პრობლემებს, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს განვითარებას აფერხებს. უნდა ჰქონდეს თუ არა ოფიციალურ თბილისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარების იმედი? ამ კითხვას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა დადებითად უპასუხა, თუმცა იქვე განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას თავდაცვის ძლიერი სისტემა, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, აწარმოოს დიალოგი რუსეთთან და მოაგვაროს რეგიონალური კონფლიქტები, ნატო კი, თავის მხრივ, დაეხმარება მას ამ პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG