Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ მოკლულია ამბოხების ლიდერი ალ-ზარყავი


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ დღეს გამოაცხადა, რომ მოკლულია ერაყში ალ-ყაიდის მოუხელთებელი ლიდერი, აბუ მუსაბ ალ-ზარყავი.

მისი თქმით, ზარყავი დაიღუპა ამერიკისა და ერაყის ჯარების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ოთხშაბათს საღამოს ჩატარდა ბაღდადის ჩრდილოეთით.

ეს განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა დღეს ბაღდადში, სახელდახელოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

[ალ-მალიქის ხმა]

ამ ამბის გამოცხადებას ერაყის მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წევრები ზეიმით შეხვდნენ:

[აუდიტორიის რეაქცია] პრესკონფერენციას ესწრებოდა შეერთებული შტატების არმიის გენერალი ჯორჯ კეისი. მისი თქმით, ალ-ზარყავი საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს.

[კეისის ხმა] "კოალიციის ჯარებმა ალ-ყაიდის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი აბუ მუსაბ ალ-ზარყავი და მისი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, სულიერი მოძღვანრი შეიხი აბდ ალ-რაჰმანი მოკლეს გუშინ, 7 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 6 საათსა და 15 წუთზე. ეს მოხდა საჰაერო იერიშის დროს, რომელიც განხორციელდა წინასწარ გამოვლენილ ცალკე მდგომ სახლზე."

კეისის თქმით, ალ-ზარყავის გვამი ამოიცნეს სახით და თითის ანაბეჭდებით. მისივე სიტყვებით, ზარყავიზე ნადირობა ორი კვირის წინ დაიწყო.

ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვეს, რომ ალ-ზარყავი, რომლის თავი 25 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, იორდანიიდან მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის შედეგად იქნა მოკლული.

იორდანიაში დაბადებული ალ-ზარყავი ერაყში მიმდინარე ამბოხებას ედგა სათავეში და იგი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე იგი ძალზე სწრაფად იქცა წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალურ ფიგურად.

იგი პირადად თამაშობდა მნიშვნელოვან როლს მძევლების აყვანაში, ტყვეთათვის თავის მოკვეთაში და ერაყის ჯარებზე თავდასხმების დაგეგმვაში.

ცოტა ხნის წინ მან ერაყელ სუნიტ არაბებს შიიტი უმცირესობის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდა. როგორც ერთ-ერთი აღმოჩენილი წერილი მოწმობს, ზარყავი გამოთქვამდა იმედს, რომ სამოქალაქო ომი შეერთებული შტატების ჯარებს ერაყში დარჩენის საშუალებას მოუსპობდა.

ალ-ზარყავის ჯგუფი თუ მასთან ახლოს მდგომი ჯგუფები ეჭვიტანილი არიან თებერვალში სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქებაში. ეს ფაქტი შიიტებსა და სუნიტებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების საბაბი გახდა მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე.

აპრილში ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოფირზე აღბეჭდილია ალ-ზარყავის გამოსვლა, რომელშიც იგი საკუთარ ხელში იღებს ერაყში ამბოხების მეთაურობას:

[ალ-ზარყავის ხმა] "ერაყში მუჯაჰედინთა შურას საბჭოს შექმნა ხელს შეუწყობს ისლამური სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ღვთის სიტყვას განადიდებენ. ეს უკვე დაიწყო და საბჭო თავშესაფარი იქნება ყველა ჭეშმარიტი წმინდა მეომრისთვის. ჩემთვი პატივია, როგორც ერაყში ალ-ყაიდის ლიდერი ვიყო ამ დალოცვილი საბჭოს წევრი."

მრავალი მიმომხილველის აზრით, ალ-ზარყავის სიკვდილი დიდი დარტყმაა ამბოხებისთვის, კერძოდ კი, პარტიზანული რაზმების მოქმედების კოორდინაციისთვის.

მაგრამ ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ ამ ლიდერის სიკვდილი ბოლოს მოუღებს ამ რაზმების საქმიანობას.
XS
SM
MD
LG