Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფშის ინიციატივა და თბილისის რეაქცია


ოფიციალური თბილისი მიესალმება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინიციატივას

და გამოთქვამს სურვილს, ასეთ შეხვედრაზე ( თუკი ის შედგება) აფხაზთა მხარემ კონსტრუქციული წინადადებები წამოაყენოს, ისეთი წინადადებები, რომლებიც მოლაპარაკებას ჩიხში არ შეიყვანს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი სერგეი ბაღაფშმა 26 ივნისს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე. ასეთი შეთანხმებისთვის რა პირობებს აყენებს აფხაზთა მხარე და, პირიქით, როგორია საქართველოს მხარის მოთხოვნები?

აფხაზეთში ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება აქამდეც არსებობდა, თუმცა, როგორც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რადგან გავიდა დრო ასეთი შეთანხმების დადებიდან, გაჩნდა ახალი შეთანხმების დადებისა და ახალი გარანტიების მოთხოვნა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების იდეას მიესალმება გაერო და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები.

შეთანხმება ორმხრივი უნდა იყოს და მასში გარანტად საერთაშორისო თანამეგობრობის ის ნაწილი უნდა გამოვიდეს, რომელიც აქტიურად არის დაინტერესებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარებით, - ფიქრობენ თბილისში. სოხუმში კი მოითხოვენ მოხდეს შეთანხმება იმაზე, რომ აფხაზეთში მშვიდობის გარანტიებს რუსეთის სამშვიდობო ძალები ქმნიან და შემდგომშიც მათვე უნდა შექმნან. ძირითადი უთანხმოება აქ იკვეთება.
მაშინ, როცა საქართველოს მხარე აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად, ძნელი წარმოსადგენია, მიიღოს აფხაზთა პირობა და აღიაროს, რომ აფხაზეთში მშვიდობის გარანტი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ჯარი იყოს. და მაინც, ოფიციალური თბილისი მიესალმა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა ასეთი შეხვედრის განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლების წევრები აფხაზებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ:

[გია ვოლსკის ხმა] ”ჩვენ მივესალმებით ბაღაფშის ასეთ განცხადებას. ჩვენ არ მოველით, რომ ბაღაფში წავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვაზე. ვიცით, რომ პირველი ნაბიჯები რთულია და, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ აფხაზებს იყვნენ კონსტრუქციულები. ”

ეს გახლდათ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გია ვოლსკის კომენტარი. ”მოვუწოდებთ აფხაზებს იყვნენ კონსტრუქციულებიო,” - აცხადებს ის და დასძენს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პირობა იმისათვის, რომ საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე შეთანხმება გაფორმდეს, დევნილებს შეეხება:

[გია ვოლსკის ხმა] ” ასეთ დოკუმენტში უნდა იყოს ასახული დევნილების მდგომარეობა, რაც სავალალოა. რა უსაფრთხოების თემებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან. ერთ პაკეტში უნდა განვიხილოთ დევნილების უსაფრთხოების თემა და, საერთოდ, უსაფრთხოების თემა. ”

აფხაზებს საკუთარი წინადადებების პაკეტი აქვთ. ბაღაფშს სურს სააკაშვილთან შეხვედრაზე აფხაზეთთან საჰაერო საზღვრისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილოს. გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მხარე საკუთარი პირობებით, კარგად მომზადებული უნდა შეხვდეს ასეთი საკითხების განხილვას.

აქვე შევნიშნავთ, რომ 27 ივნისს თბილისში არ შედგა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც მხარეთა წარმომადგენლებს ეკონომიკური საკითხები უნდა განეხილათ. ინფორმირებული პირების განმარტებით, შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ის 15 ივლისამდე გაიმართება, ივლისში საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიკრიბოს და სამუშაო ჯგუფების მიერ დამუშავებულ საკითხები განიხილოს.
XS
SM
MD
LG