Accessibility links

logo-print

ინტენსიური დიალოგი ნატოსთან, როგორც სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის აღდგენის საშუალება


იმ მრავალრიცხოვანი პირობების გარდა,

რაც საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე უნდა შეასრულოს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. ამ მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით მის სამხედრო ფლანგს, ბევრი ავანსი აქვს შესასრულებელი. ყველა ბოლო გამოკითხვის თანახმად, სამხედრო უწყება სახელდება ყველაზე პრობლემატურ უწყებად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. მათ შორის, არაკლასიფიცირებული ინფორმაციის მიღება უჭირთ თვით ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოებს. თუმცა ნატოსთან “ინტენსიური დიალოგის” ფორმაზე გადასვლის შემდეგ გაჩნდა მცირედი იმედი, რომ სამხედრო უწყებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების პროცედურა, შესაძლოა, გაიოლდეს.


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთაგან, სამხედრო ხელისუფლებას ტრადიციულად ყველაზე მეტად ჟურნალისტებთან ურთიერთობა უჭირს. და არამხოლოდ საქართველოში. ამერიკაშიც ხშირად ამბობენ, რომ არსებობს მარადიული დილემა – “ჟურნალისტებს სურთ, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მიიღონ, სამხედროებს კი, პირიქით, - ნაკლები გასცენ”. ამიტომ სამხედროები მაინცდამაინც რომ არ დაამძიმონ ჭირვეულ ჟურნალისტებთან ურთიერთობით, დემოკრატიულ ქვეყნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებთან ურთიერთობის სიმძიმის ძირითადი ტვირთი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრსა და მის აპარატზე გადადის. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საქართველოს შემთხვევაში, სამხედრო უწყების კარები მძიმედ დაიგმანა სწორედ მას შემდეგ, რაც უწყების სათავეში პროფესიონალი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი მოვიდა. თანაც, როგორც საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი სამხედრო ჟურნალის, “არსენალის”, რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს სამხედრო უწყებამ კრიტიკული სტატიების გამო ჟურნალზე ხელმოწერა შეწყვიტა, ხოლო კრიტიკული პუბლიკაციების ავტორებთან ყველა დონის მოხელეს აეკრძალა ურთიერთობა. სხვა უსიამოვნებებიც იყო.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “რაც შეეხება მათი მხრიდან რეაგირებას, ნუ, ასეთი პირდაპირი რეაგირება არ ხდება. რეაგირება ხდება რაღაც ირიბი გზებით და ნეგატიური რეაგირება, როგორც წესი. ანუ რომელიმე კონკრეტულ სტატიას გამოპასუხება ნაკლებად აქვს. უფრო ხდება ეს ირიბი გზით, რაღაც ზეწოლით, სხვადასხვა გზით განხორციელებული.”(სტილი დაცულია)

მგრძნობიარე და ხელოვნურად გასაიდუმლოებულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გარდა, სამხედრო უწყებასთან საერთო ენის გამონახვა უჭირს სამხედრო მოსამსახურეების უფლებათდამცავ ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას “სამართალი და თავისუფლება”, რომელთანაც თავს იყრის ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო ურთიერთობების, მეთაურების მიერ უფლებათა გადამეტების, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და სხვა სამართალდარღვევათა შესახებ. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, იურისტი შალვა თადუმაძე ამბობს, მათ მიერ სამხედრო უწყებისაგან გაგზავნილი თხოვნა ოფიციალურად და კანონის სრული დაცვით შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უპასუხოდ რჩება:

[შალვა თადუმაძის ხმა] “ეს არის, დააახლოებით წელიწადში 20-ჯერ მოვითხოვეთ ჩვენმა ორგანიზაციამ და 17-ჯერ არ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია ან, თუ მივიღეთ, ეს იყო ცრუ ინფორმაცია.”(სტილი დაცულია)

თუმცა სამხედრო უწყებას არ უჭირს ურთიერთობის გამონახვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან, რომელთა მოღვაწეობა სამხედრო კანონმდებლობის სფეროს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს არ სცილდება. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამხედრო უწყება ბევრად უფრო მოწესრიგებულია და მისი მუშაობა შეესაბამება დემოკრატიულ მოთხოვნებს, რაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს “ინტენსიური დიალოგის” წევრი გახდა. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა “სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო”, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი მჭედლიშვილი ხშირად მონაწილეობს სამხედრო უწყების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში.

[ირაკლი მჭედლიშვილის ხმა] “ახლა ვაპირებთ, გეგმაში გვაქვს განვიხილოთ კადრების მართვა და ასეთი რაღაცეები. მაგრამ ეს იქნება სემინარის ჩარჩოებში. რაც შეეხება მეორე ტიპის საქმიანობას, ეს არის ანგარიშების მომზადება, ეგრეთ წოდებული წლიური ანგარიშები ჩვენი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ნატოსთან “ინტენსიურ დიალოგზე” გადასვლისთანავე, ერთბაშად, სამხედრო უწყების საინფორმაციო მუშაობის გაუმჯობესების დიდი იმედი არა აქვს სამხედრო ჟურნალ “არსენალის” რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს, რადგან თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ხშირად საყვედურობს ჟურნალისტებს “სახელმწიფოებრივი აზროვნების” დეფიციტს, სახელმწიფოსათვის ამ, მართლაც, უმძიმეს ვითარებაში არანაირად არ გამოუმჟღავნებია დიალოგის განახლებისათვის მზადყოფნა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ჩემი აზრით, ასეთი დიალოგი უფრო ინტენსიური შეიძლება გახდეს ზუსტად საქართველოსა და ნატოს შორის, ვიდრე საქართველოს შიგნით, იმავე ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ხდება ჟურნალისტების დახარისხება - ვინ როგორ კრიტიკულად აფასებს თუ არ აფასებს და ამის მიხედვით არის ეს ურთიერთობები.“ (სტილი დაცულია)


ნატოსთან “ინტენსიური დიალოგის” ფორმატში საქართველოს გადასვლით სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას “ფრთხილი მოლოდინით” ეკიდება არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელი შალვა თადუმაძე:

[შალვა თადუმაძის ხმა] “შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლის ზემოქმედებას ველოდები “ინტენსიური დიალოგიდან”, მაგრამ ესეთი ფრთხილი მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრომ გახსნას თავისი უწყება.”(სტილი დაცულია)


თუმცა ჩემი თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ვითარება, რომელიც რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ შეიქმნა, ყველაზე ხელსაყრელია იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამოქალაქო საზოგადოებასთან უფრო ფართო დიალოგში ჩაებას. თავის მხრივ, საამისო მზადყოფნა დიდი ხანია აქვთ იმ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროს ახალ შენობაში ჯერ ერთხელაც არ დაუდგამთ ფეხი.
XS
SM
MD
LG