Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ჟურნალისტი ცხინვალში გამეფებულ ატმოსფეროზე საუბრობს


ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები - 12 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი -უცხოეთის მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა.

ერთ-ერთი დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც ამ პროცესების გასაშუქებლად საქართველოში იმყოფება, საფრანგეთის პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალის, ‘Nouvel Observateur’ - ის, პოლიტიკური ანალიტიკოსი ვენსან ჟოვეა. სტატიაზე მუშაობის პროცესში მან ცხინვალიც მოინახულა - იქ ხუთშაბათს იმყოფებოდა. დღეს კი მას პრაღიდან ტელეფონით დავუკავშირდი და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე. პირველ რიგში, ცხინვალში არსებულ საერთო ატმოსფეროზე ვკითხე: მართლაც შეიმჩნევა თუ არა ქალაქის ქუჩებში დაძაბულობა, როგორც ამას მედია იუწყება?

[ვენსან ჟოვეს ხმა] ”კი, ცხინვალის ქუჩებში სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს ხედავ. თუმცა, მაგალითად, ბაზრობაზეც წავედი, სადაც ბევრი ხალხი დამხვდა. ისინი
საკვებს, სხვა პროდუქციას ყიდულობდნენ. ერთი შეხედვით, ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდის - ყოველ შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებული დაძაბულობა არ მიგრძვნია. თუმცა, რასაკვირველია, მე იქ პირველად ვიყავი და, ამდენად, უწინდელ ვითარებასთან შედარების საშუალება არ მქონია. ხალხი წყნარად საუბრობდა. ადამიანები ცოტა დაბნეულები მეჩვენნენ - არ იციან, რა ელით მომავალში. მაგრამ დაძაბულობა, როგორც ასეთი, არ მიგრძვნია.”

ვენსან ჟოვემ ცხინვალში სულ რამდენიმე საათი დაყო და თავად აცხადებს, რომ ეს განზოგადებული დასკვნების გამოტანისთვის საკმარისი არ არის. თუმცა შეკითხვას, როგორია ცხინვალის მცხოვრებთა მხრიდან ქართველების აღქმა, იგი ასე უპასუხებს:

[ვენსან ჟოვეს ხმა] ”ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს: მათ ქართველების, უბრალოდ, ეშინიათ. უკლებლივ ყველა ადამიანმა, ვისაც ცხინვალში ველაპარაკე, მითხრა: ქართველები, სულ მცირე, ორჯერ დაგვესხნენ თავს და ამიტომ მათგან დაცვა გვჭირდებაო. ჩვენ მხოლოდ 50 ათასი ადამიანი ვართ, ისინი კი 5 მილიონი - და ამიტომ, თუ ქართველებისგან არავინ დაგვიცავს, დავიჩაგრებითო. ხშირად იხსენებენ ადრეული 90-იანი წლების მოვლენებს: მაშინ ქართველები ძალიან ცუდად მოგვექცნენ და თუკი კვლავ მათ კონტროლს დავექვემდებარებით, იგივე შეიძლება განმეორდესო.”

შემდეგი შეკითხვა, რომელიც ფრანგ ჟურნალისტს დავუსვი, მისი ცხინვალელი რესპონდენტების მხრიდან რუსეთის აღქმას შეეხებოდა. ეთანხმებიან თუ არა ისინი ანალიტიკოსების მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიელი ეთნოსების მიმართ არცთუ ძალიან შემწყნარებლურად იქცევა?

[ვენსან ჟოვეს ხმა] ”მართალია, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის მიმართ რუსეთი მაინც სხვაგვარად იქცევა. რუსეთს ოსები სჭირდება საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსულმან ხალხებზე კონტროლის დამყარების საქმეში და, ამდენად, მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესებში შედის ის, რომ ოსი ხალხი მისგან ძალიან არ გაუცხოვდეს. ბესლანის ტრაგედიამ ამ ურთიერთობას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა; ჩრდილოეთ ოსეთში ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ილუზიები დაემსხვრათ და რუსეთის ნამდვილი სახე დაინახეს. ამდენად, რუსეთი სამხრეთ ოსეთის ფაქტორს ამ თვალსაზრისითაც იყენებს და ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს ეუბნება: ხომ ხედავთ, ოს ხალხს ვეხმარებითო. შემთხვევითი არ არის, რომ ცხინვალში უზარმაზარი პლაკატებია გამოკრული, წარწერით ”ხმა მიეცით დიდ ალანიას”.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG