Accessibility links

logo-print

''აბრეშუმის რკინიგზა''


გასულ კვირაში სამხრეთ კორეაში ხელი მოეწერა შეთანხმებას ამბიციური პროექტის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთი ევროპის ქვეყნების დაკავშირებას რკინიგზით.

პროექტის ინიციატორია გაერო. სპეციალისტების აზრით, ხელმოწერილ შეთანხმებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ე.წ.-ლი ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელის განვითარების გზაზე.

პარასკევს მიღწეული შეთანხმება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეყნებითვის, რომლებსაც არ მოეპოვებათ ზღაზე გასასვლელი. მსოფლიო ბაზრებზე მათ ხელი ძირითადად მიუწვდებათ სარკინიგზო ქსელის მეშვეობით რომელიც მათ საზღვაო პორტებთან აკავშირებს. მსოფლიოში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 30 ქვეყნიდან 12 აზიაში მდებარეობს. ათი მათგანი გაწევრიანებულია ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელის პროექტში.

ამ პროექტს ხშირად ადარებენ ხოლმე აბრეშუმის გზას, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ერთმანეთთან ჩინეთსა და ევროპას. რაც შეეხება "აბრეშუმის რკინიგზას", მას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, როცა თავდაპირველი გეგმით სინგაპურსა და თურქეთს შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთის, პაკისტანისა და ირანის გავლით 14 ათასკილომეტრიანი უწყვეტი რკინიგზის გაყვანა იყო გათვალისწინებული.

მაგრამ ეკონომიკისა და ურთიერთდამოკიდებულების სწრაფი ზრდის პირობებში ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელიც სწრაფად გაფართოვდა. დღეს იგი 81 ათასი კილომეტრი სიგრძისაა და ოთხ დიდ გეოგრაფიულ რეგიონს მოიცავს.

გასულ კვირაში შეთანხმებას ხელი მოაწერეს 18 ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროებმა. მათ შორის იყვენენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი, ყახაზეთი, ტაჯიკეთი და უზრეკეთი. მოუსმინეთ კიმ ჰაკ-სუს, რომელიც გაეროში აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიას ხელმძღვანელობს და ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელისთვის არის პასუხისმგებელი:

[კიმის ხმა] "ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიანი პერსპექტივით რეგიონულ ინტეგრაციაზე ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელის მეშვეობით და, როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩვენ ასევე დავაფუძნეთ აზიის ავტომაგისტრალი. ეს წინგადადგმული კარგი ნაბიჯია და ერთ მშვენიერ დღეს ყველა ეს ქვეყანა გააცნობიერებს და აღიარებს ერთმანეთს შორის კავშირების დამყარებას."

ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელის 28 წევრიდან ათმა, მათ შორის საქართველომ, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და პაკისტანმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, ისინი პროექტში მაინც მიიღებენ მონაწილეობას.

ავღანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელზეც, მართალია, გადიოდა ძველი აბრეშუმის გზა, მაგრამ მას ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელის თაობაზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და არც არის მოსალოდნელი ამ პროექტში მისი მონაწილეობა. კიმის თქმით, ამის მიზეზია ავღანეთის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები. თუმცა, იგი იმედს გამოთქვამს, რომ ქაბული მომავალში მიიღებს ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელში მონაწილეობას.

[კიმის ხმა] "ჩემის აზრით, ავღანეთი მოგვიანებით შემოგვიერთდება. მაგრამ ამჟამად ტრანს-აზიის რკინიგზა ავღანეთის გარეშეც დაკავშირებულია დასავლეთთან."

პროექტის ერთ-ერთი ტექნიკური სირთულე ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიგანის რკინიგზას გამოიყენებენ. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება კონტეინერების სისტემის გზით.

გაეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტრანს აზიის სარკინიგზო ქსელი ხელს შეუწყობს იმ პორტების განვითარებასაც, რომელთაც ის დააკავშირებს. ამ მიმართულებით განვითარების მნიშვნელობა ცხადი გახდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ კონტეინერებით მომუშავე მსოფლიოს 20 უდიდესი პორტიდან 13 აზიაში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG