Accessibility links

ხავიერ სოლანა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელს ეწვია. როგორც ცნობილია, ბელგიის დედაქალაქში განთავსებულია იმ ორი გაერთიანების შტაბბინები,

რომლებში გაწევრიანებაც საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტად არის აღიარებული. საუბარია ნატოსა და ევროპის კავშირის შტაბბინებზე. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან, რის შემდეგაც სააკაშვილმა და სოლანამ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

მოკლე შესავალ სიტყვაში ხავიერ სოლანამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურსა და ეკონომიკურ რეფორმებს და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპის კავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი ხდება. ამასთანავე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ისაუბრა იმ დიდ მნიშვნელობაზე, რომელსაც კავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ანიჭებს.

[ხავიერ სოლანას ხმა]: "მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქ, ევროპაში, მეტად მტკიცე პოზიცია გვაქვს ამ საკითხში. იცით, რომ ქართველები მიიღებენ ჩვენს მხარდაჭერას - თუკი რაიმე დახმარება შეგვიძლია, ამ როლს შევასრულებთ."

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყნების ეს გაერთიანება საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში უწევს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის მონაწილეობა, რასაც გადაჭრით ვემხრობით, ეფუძნება სამ მთავარ საკითხს და მათზე ვისაუბრეთ ბატონ სოლანასთან შეხვედრაზე: პირველია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაუშვებელია, რაც უნდა მოხდეს. მეორე: საუბარი ყველა მხარესთან - არა მარტო იმ ადამიანებთან, რომელთაგან ზოგს ბრალი მიუძღვის სამხედრო დანაშაულებსა და ეთნიკურ წმენდაში, არამედ საუბარი ადგილობრივი მოსახლეობის ყველა დანარჩენ წევრთანაც, მათთან კონტაქტის დამყარება; და მესამე - სეპარატიზმის მხარდაჭერაზე უარის თქმა, და წაქეზება დიალოგის, შერიგებისა - საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში."

ჟურნალისტის შეკითხვას, უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მოსალოდნელი მინიჭება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე, მიხეილ სააკაშვილმა გადაჭრით უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია. იქ - პრეზიდენტის თქმით - სეპარატისტთა მცირე შეიარაღებულმა ჯგუფმა, გარეშე ძალის დახმარებით, გააძევა ავტონომიის ტერიტორიაზე მცხოვრები თითქმის 500 ათასი პირი და ახლა ამ ტერიტორიაზე ერთპიროვნული ბატონობის პრეტენზიას აცხადებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "თუ ამ პრეცედენტს დაუშვებ, ეს იგივეა, რომ დაუშვა ვითარება, როცა ევროპული ტიპის დემოკრატიას წმიდა წყლის კანიბალიზმი ცვლის. მაშინ გამოვა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლია გაყაროს დანარჩენი მოსახლეობა, დახოცოს და გაანადგუროს ის, მიითვისოს მისი ქონება და მერე გამოგიცხადოს, აქ აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ერთიან სახელმწიფოში სურს ცხოვრებაო."

მიხეილ სააკაშვილისა და ხავიერ სოლანას ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო. ესპანელმა დიპლომატმა თავი აარიდა კავშირში საქართველოს გაწევრიანების შანსებზე საუბარს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა იმაზე ილაპარაკა, რას ელის თბილისი თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უახლოეს მომავალში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "უკეთესი სავიზო პირობები - თავიდან თქვენთვის, ჟურნალისტებისთვისა და ბიზნესმენებისთვის, მოგვიანებით კი მთელი მოსახლეობისთვის; შემდეგ - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ მივიღოთ ამ რეჟიმიდან მაქსიმალური სარგებლობა. უნდა მოვძებნოთ თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელიც, შესაძლოა, არ ითვალისწინებდეს ევროპის კავშირში გაწევრიანებას, მაგრამ რომელიც ძალიან ჰგავს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრთა შორის. ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით, შრომითა და დაჟინებით უნდა ვიაროთ. ძალიან მადლიერი ვართ ევროპის კავშირისა, რომელიც მუდამ გვეხმარება და გვამხნევებს. და საქმე გაცილებით მალე მიიწევს წინ, ვიდრე გვეგონა."

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება.
XS
SM
MD
LG