Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეებში რუსეთის პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს თემას.

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს რუსეთის თითქმის ყველა გაზეთი გამოეხმაურა. უყურადღებოდ არც კავკასიაში ამერიკის ანტისარაკეტო რადარის გამოჩენის შესაძლებლობა დარჩენილა. მრავალი პუბლიკაციიდან ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს, ყველაზე საინტერესოს, მიმოვიხილავთ.

5 მარტის გაზეთი ”ვედომოსტი” კავკასიაში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო რადარების გამოჩენის შესაძლებლობის თემას ეხმაურება. უფრო ზუსტად, იმის გარკვევას ცდილობს, კავკასიის რომელი სახელმწიფო დასთანხმდება ამერიკული სამხედრო ტექნიკის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას და რა რეაქცია ექნება ამაზე კრემლს. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტის, მსოფლიო უსაფრთხოების ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტის ივან საფრანჩუკის აზრით, სავარაუდოდ, არჩევანი საქართველოზე შეჩერდება, თუმცა მოლაპარაკებები მხოლოდ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება:”არჩევნებზე დღევანდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ლოიალურობა დიდი ხნით იქნება გარანტირებული.”

”სამხედრო თვალსაზრისით, ეს რადარი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვაშინგტონისთვის ირანის პოტენციურ სარაკეტო საფრთხესთან საბრძოლველად”,- უთხრა ”ვედომოსტის” ჟურნალ ”ექსპორტ ვოორუჟენიის” სამეცნიერო რედაქტორმა მიხაილ ბარანოვმა. მისივე აზრით, რადარის გამოჩენა კავკასიაში კრემლისთვის სილის გაწნის ტოლფასი აქტი იქნება, რადგან მოსკოვს ამით კიდევ ერთხელ მიანიშნებენ, რომ ვაშინგტონისთვის მოსკოვის აზრს მნიშვნელობა არა აქვს.

საკმაოდ აქტიურად გააშუქა რუსეთის მედიამ კვირას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები - მეტიც, თითქმის ყველა დიდმა გაზეთმა აფხაზეთში თავისი სპეციალური კორესპონდენტიც კი მიავლინა. 5 მარტის გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” ბეჭდავს თავისი სპეციალური კორესპონდენტის, მარინა პერევოზკინას, რეპორტაჟს აფხაზეთიდან, სათაურით ” აფხაზური არჩევნების ინტრიგა”. ინტრიგა კი, რუსი ჟურნალისტის აზრით, ე.წ. არძინბასა და ბაღაფშის კლანებს შორის დაპირისპირებაში დევს. კერძოდ: არძინბას კლანი რევანშისთვის ემზადება. ისინი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებისას ხაჯინბას უჭერდა მხარს, დღეს საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს და აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმში შედის. ოპოზიცია აკრიტიკებს პრეზიდენტისა და პრემიერის პოლიტიკას ე.წ. კოდორის კრიზისის დროს, უკმაყოფილოა დაწყებული პრივატიზაციის მიმდინარეობითაც. ფორუმის წარმომადგენელი, ახრა ბჟამია, ამტკიცებს, რომ მხოლოდ ოპოზიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა აფხაზეთის რკინიგზის გაურკვეველი კონსორციუმისთვის მიყიდვის მცდელობა. კონსორციუმის დამფუძნებლებს შორის საქართველოც იყოო, - გაუმხილა რუს ჟურნალისტს აფხაზმა ოპოზიციონერმა.

გასულ კვირაში საქართველოსადმი სიყვარული გაამხილა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა, რომელმაც გამოსცა წიგნი, სათაურით ”სიყვარულზე”. წიგნი ორენოვანია, ქართულ-რუსული, და ლუჟკოვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს საქართველოსა და ქართველებისადმი. 5 მარტის გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” ცნობით, წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ კოლესნიკოვი, დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი, მოსკოვის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.

როგორც გაზეთი შენიშნავს, მართალია, პრეზენტაციას არ დასწრებია რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ონიშჩენკო, მაგრამ მისი ”აჩრდილი” მაინც იგრძნობოდა, რადგან პრეზენტაციამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის გარეშე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG