Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა, 19-23 მარტი


19 მარტს საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა - ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა მილიარდ დოლარს 6 მილიონით გადააჭარბა.

2006 წელი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 882 მილიონის მოცულობის რეზერვებით დახურა. წლეულს რეზერვების განუხრელი ზრდის ტენდენცია კვლავაც გაგრძელდა და მილიარდიანი ნიშნულიც ნავარაუდევზე გაცილებით ადრე დაიძლია.

შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად არის დაზღვეული სავალუტო რყევებისგან და ვალების მომსახურების საკითხიც ეჭვქვეშ არ დგება.
სავალუტო რეზერვების მატების პარალელურად, საქართველოს კრედიტორების ნუსხაში ლიდერი შეიცვალა. კრედიტორი ქვეყნების რიგში გერმანია დაწინაურდა _ მისი ჩვენს ქვეყანას 142 მილიონი დოლარი მართებს. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის ვალის მორიგი _ 6-მილიონიანი - ტრანში დაფარა, ჩრდილოელმა მეზობელმა ლიდერი კრედიტორის პოზიცია დაკარგა: მის მიმართ ვალი 138 მილიონამდე შემცირდა. სადღეისოდ საქართველოს სულ 15 კრედიტორი ქვეყანა ჰყავს და მათ მიმართ ჯამური დავალიანება 548 მილიონ დოლარს შეადგენს. მათ შორის ერთ დროს ლიდერი კრედიტორის - თურქმენეთის - ვალი სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდება: თითქმის ნახევარმილიარდიანი დავალიანებიდან მხოლოდ 39 მილიონიღა დარჩა და ისიც უახლოეს 11 თვეში დაიფარება.
ეს დავალიანება 90-ინი წლების დასაწყისში თურქმენული გაზის მოხმარების გამო დაგროვდა. საქართველოსა და თურქმენული გაზის ისტორიაში კი ამჯერად სრულიად ახალი ეტაპი შეიძლება დაიწყოს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მხარს უჭერს თურქმენული ბუნებრივი აირის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რუსეთის გვერდის ავლით, დასავლურ ბაზრებზე ტრანსპორტირების პროექტს, - ასეთი განცხადება გააკეთა თბილისში გამართულ უმსხვილეს ენერგეტიკულ ფორუმზე ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა. ამავე საკითხზე სამსჯელოდ საქართველოს პრემიერი განვლილ კვირას თურქმენეთში იმყოფებოდა და ახლად არჩეულ პრეზიდენტსაც შეხვდა.

რუსულ ”გაზპრომში”, რომელიც ამჟამად თურქმენული გაზის ექსკლუზიური გადამზიდავია, ამ პროექტს ჯერ მშვიდად ეკიდებიან _ `გაზპრომს~ თურქმენეთის მთავრობასთან გაზის ტრანზიტზე 25-წლიანი შეთანხმება აქვს ხელმოწერილი. თუმცა ალტერნატიული მარშრუტის ლობისტები აქტიურად ცდილობენ თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი ამ შეთანხმების გადახედვაზე დაითანხმონ.
სანამ თურქმენული გაზის საკითხი გაირკვევა, საინტერესო სიახლეებია საქართველოს ნავთობისა და გაზის ბაზარზე. კერძოდ, პარლამენტში უკვე შესულია პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთი მარეგულირებელი ორგანოს - ნავთობისა და გაზის სააგენტოს - გაუქმებას ითვალისწინებს. სააგენტო, ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის მსგავსად, ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდება და მის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს, დანიშნავს. რეგულირების საფასური კი ორჯერ _ 1%-დან 0,5%-მდე - შემცირდება.

აპრილის მოახლოებასთან ერთად, საპროექტო სიმძლავრეზე გასვლას უახლოვდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი - თუ ამჟამად მისი დღიური გამტარობა 620 ათას ბარელს შეადგენს, აპრილიდან უკვე მილიონ ბარელამდე გაიზრდება. საქართველოში ნავთობის ინფრასტრუქტურის სექტორში აქტიურ ინვესტირებას იწყებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”სოკარიც”: ორი მომდევნო წლის განმავლობაში ის 20 მილიონამდე დოლარს დააბანდებს - მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი სავაჭრო მარკით ნიშანდებული 25 ბენზინგასამართი სადგური აშენდება. თუმცა ”სოკარის” საინვესტიციო რესურსების ყველაზე მსხვილი წილი ახლად შეძენილი ყულევის ტერმინალისკენ მიიმართება, რომელიც მისი ტვირთბრუნვის ზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სრულფასოვან ამუშავებას, ეს მესამე კვარტალში უნდა მოხდეს.

საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პუნქტი კი, ანაკლიის ნავმისადგომი, ასევე წლეულს უნდა გაიმართოს: ნავმისადგომი და მასთან მიმავალი გზა წლის ბოლომდე წესრიგში იქნება - ასეთ ვალდებულებას იღებს გზების დეპარტამენტი.

ენერგოსექტორში მიმდინარე კვირას უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ახალი ტალღა წამოვიდა – ჯამურად, საქართველო აზერბაიჯანიდან უკვე დღიურად 2,3 მილიონ კუბურ მეტრ აირს იღებს, თუმცა მთელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არც ეს არის საკმარისი.
ენერგომომარაგების საგარეო წყაროებზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველოს ხელისუფლება შიდა რესურსების მობილიზების და ამოქმედების მსხვილმასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში თურქული ”ურბან ჯგუფი” ფარავნის ტბაზე 80 მეგავატის სიმძლავრის ”ფარავანჰესის” მშენებლობას დაიწყებს. რაც შეეხება კიდევ ერთ მსხვილ პროექტს, რომელიც მდინარე რიონზე, კუვეიტის ფონდის დახმარებით, სამი ახალი ჰესის აშენებას გულისხმობს, ის 2009 წლიდან ამოქმედდება: ”ნამახვანჰესის” კასკადი სამ ჰესს - 250 მეგავატის სიმძლავრის ”ნამახვანჰესს” , 100-მეგავატიან ”ჟონეთიჰესს” და 80-მეგავატიან ”ტვიშიჰესს” მოუყრის თავს. ჯამურად, ”ფარავანჰესი” და “ნამახვანჰესის” კასკადი ქვეყნის ენერგეტიკას 510 მეგავატის დამატებით სიმძლავრეს შესძენს, რამაც დეფიციტი უნდა აღმოფხვრას.
თურქებისა და კუვეიტელების გარდა, საქართველოში ინვესტიციების გაზრდის პირობას იტალიელი ბიზნესმენებიც დებენ. მიმდინარე კვირას გამართულ მესამე ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმზე გაირკვა, რომ საქართველოში მუშაობის დაწყებას მსოფლიო საკონდიტრო ინდუსტრიის გიგანტი კომპანია ”ფერერო” აპირებს. ის სამეგრელოში ათასობით ჰექტარი მიწის ყიდვას და თხილის მოშენებას გეგმავს. საამისოდ `ფერერო~ პირველივე წელს 10 მილიონის ინვესტირებას აპირებს. სკანდალურად ცნობილი კიდევ ერთი იტალიური ინვესტიციის, `ბადაგონის~, ავტორები კი, რომელთაც მიმდინარე კვირას ქართული `ხარისხის ნიშანი~ მიიღეს, ასევე საქმიანობის გაფართოებას აპირებენ, რაც 1,5 მილიონი ბოთლი ღვინის ჩამოსხმაში გამოიხატება. შედეგად, იტალია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით წინ წაიწევს. სადღეისოდ მას ამ ნუსხაში მერვე ადგილი უკავია, საგარეო სავაჭრო პარტნიორების სიაში კი, 2,7%-იანი წილით, მე-11 პოზიციაზეა.

ემბარგოს დაწესების შემდეგ ამ სიაში რუსეთის პოზიცია, მართალია, შესუსტდა, მაგრამ ფულადი გზავნილების ნაწილში მისი ადგილი ურყევია: იანვარ-თებერვალში საქართველოში გადმორიცხული 102 მილიონი დოლარიდან ორი მესამედი კვლავაც რუსეთის წილად მოდის და უახლოეს მდევარს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს - თითქმის ხუთჯერ აღემატება. რუსეთის ბაზარზე განცდილი რამდენიმე მსხვილი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გატყდა: `საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ~ რუსულ ფირმა Русский Боржом-ს ”ბორჯომის” - სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების გამო სასამართლო დავა მოუგო და მისგან 5 მილიონ რუსულ რუბლს მიიღებს.
სანამ რუსეთში ქართული მინერალური წყლის ბედი ირკვევა, თბილისში მტკნარი წყლის მომხმარებლებისთვის წყლის მრიცხველების დადგმა იწყება. კომპანია `თბილისის წყალი~ მის დასრულებას 3 წელიწადში გეგმავს და ამ პროექტს სხვათა დაუხმარებლად განახორციელებს.

სხვათა დახმარების საჭიროება კომპანია ”ევორდ კეპიტალს” დაუდგა, რომელმაც, ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ფარგლებში, 415 საწოლზე გათვლილი 15 საავადმყოფოს ასაშენებლად ფარმაცევტული კომპანია ”პე-ეს-პე” შეიამხანაგა.

ვისაც ნამდვილად არ სჭირდება დახმარება, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია `მაგთი~ გახლავთ, რომელმაც მიმდინარე კვირას კიდევ ერთი რეკორდის შესახებ ამცნო საზოგადოებას: საქმიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ”მაგთის” საქართველოს ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი აქვს შეტანილი - ყველაზე მეტი, სხვა მოქმედ ქართულ კომპანიებთან შედარებით.
XS
SM
MD
LG