Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლოში უშიშროების ყოფილი მინისტრის პროცესი განახლდა


7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა.

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ედება ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში. თავად ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 2006 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს, ბრალდებას უარყოფს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 7 მაისს სასამართლოს ჩვენება მისცეს განსასჯელის დავის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა - საქართველოს პარლამენტის წევრმა გოჩა ფიფიამ და ემზარ კვიციანის პატიმრობაში მყოფმა დამ, ნორა არღვლიანმა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა სხდომა დათქმულ დროზე ნახევარი საათის დაგვიანებით, პირველის ნახევარზე, დაიწყო. მოწმეების დაკითხვამდე სიტყვა განსასჯელმა ითხოვა. ირაკლი ბათიაშვილმა სასამართლო პროცესს სამარცხვინო უწოდა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] „მე რომ ვზივარ განსასჯელის სკამზე, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მე ჩემ აზრებს, პოზიციას, შეფასებას გამოვხატავდი ტელევიზიით თუ ტელეფონით და თანაც ყველაფერი ეს მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ სისხლისღვრა თავიდან აგვეცილებინა. ჩემთვის თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს სიტყვის თავისუფლების აღკვეთას. ამაზე დავფიქრდეთ, მეგობრებო!“ (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილის შემდეგ დარბაზში მოწმის სახით დაბარებული ნორა არღვლიანი, ემზარ კვიციანის და, გამოცხადდა. მოწმეს კითხვებს, ძირითადად, განსასჯელის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი უსვამდა.

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „ურჩევდა თუ არა ირაკლი ბათიაშვილი ემზარს ან სხვა ვინმეს, ვინც იმ დროს იყო კოდორის ხეობაში, რომ საჭირო იყო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა?“

[ნორა არღვლიანის ხმა] „არა... ბათიაშვილს რომ ეთქვა, აბა, ემზარი, მიდი და დაამხე ეს ხელისუფლებაო, ჩემზე დიდი მტერი მას არ ეყოლებოდა. ბათიაშვილს ჩავთვლიდი ემზარის მტრად.“(სტილი დაცულია)

ნორა არღვლიანის მსგავსად, მოწმედ დაბარებულმა გოჩა ფიფიამაც არ დაადასტურა, რომ ირაკლი ბათიაშვილი ემზარ კვიციანს რაიმე სახის დახმარებას უწევდა. საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ფიფია 2006 წლის ივლისში, ანუ სპეცოპერაციის დროს, კოდორის ხეობაში - უფრო ზუსტად კი, ემზარ კვიციანთან - იმყოფებოდა. იყო თუ არა ლაპარაკი კანონიერი ხელისუფლების დამხობაზე? ამ შეკითხვას დეპუტამა ასე უპასუხა:

[გოჩა ფიფიას ხმა] „აბსოლუტურად ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა.“

თუმცა, ამის მიუხედავად, ბრალდების მხარე, პროკურორ ირაკლი კობიძის სახით, ამტკიცებს, რომ ირაკლი ბათიაშვილი ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევდა ამბოხებულ ემზარ კვიციანს:

[ირაკლი კობიძის ხმა] „ბრალი ედება საქართველოში კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მიმართული ამბოხის დახმარებაში, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია... 25-ე, 307-ე, 315-ე მუხლების მიხედვით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.“(სტილი დაცულია)

ირაკლი კობიძის თქმით, ბრალდების მხარის ძირითადი არგუმენტები ირაკლი ბათიაშვილის, ნორა არღვლიანისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებშია თავმოყრილი, თუმცა ბათიაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერები დამონტაჟებული და გაყალბებულია. იოსებ ბარათაშვილის განმარტება:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „საქმის გაცნობის შემდეგ ჩვენ ვნახეთ დეშიფრირებული ტექსტი, სადაც არის სრული ჩანაწერი და აქედან დაიწყო ჩვენი შუამდგომლობების დაყენება. მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, თუ ვინ გააყალბა აღნიშნული ჩანაწერი, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ეს გააკეთა „რუსთავი-2“_მა, თავისი ჟურნალისტური მიზნებიდან გამომდინარე. ... შემოკლებული კი არ არის, არამედ ზუმერი ადევს და დროში არ არის შემოკლებული.“(სტილი დაცულია)

იმის გასარკვევად, თუ ვინ და რატომ დაამონტაჟა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, დაცვის მხარე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პასუხისმგებელი პირების დაკითხვას ითხოვს. აქვე გეტყვით, რომ ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. 7 მაისის სხდომას „ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი ანა ზუნდერ-
პლასმანი დაესწრო.

[ანა ზუნდერ-პლასმანის ხმა] „ვაწარმოებთ ბათიაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის მონიტორინგს. მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათიაშვილს სურდა ყოფილიყო მხოლოდ შუამავალი მთავრობასა და კვიციანს შორის და რომ მას სურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზის პოვნა. ჩვენი ორგანიზაცია ახლა იხილავს მის საქმეს. გვსურს განვსაზღვროთ, არის თუ არა ის სინდისის პატიმარი. გარდა ამისა, აქ ვართ იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ხომ არ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, ანუ საერთაშორისო სტანდარტები.”


ანა ზუნდერ-პლასმანი საქართველოში ერთი კვირა დარჩება. „ემნისტი ინტერნეიშნალის“ წარმომადგენელი 10 მაისისთვის დანიშნულ სხდომაზეც აპირებს დასწრებას.


XS
SM
MD
LG