Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვისაა საჭირო ”ქონების ლეგალიზების” კანონი?


ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში ცხარე კამათისა და დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა კანონპროექტი ”ქონების ლეგალიზების” შესახებ.

მთავრობის მიერ მომზადებული ამ კანონპროექტის მიხედვით, ხელშეუხებელია ის ქონება, რომელიც 2007 წლის 1 აპრილამდე კანონის დარღვევით იქნა შეძენილი. მაგრამ იქვე აღნიშნულია ის შემთხვევები, რომლებზეც, გამონაკლისის სახით, ქონების ხელშეუხებლობის პრინციპი არ ვრცელდება. სწორედ ეს დათქმა არის საპარლამენტო ოპოზიციისა და არამარტო მისი წევრების უკმაყოფილების მიზეზი. მათი აზრით, ასეთი კანონი საერთოდ არ არის საჭირო. მოითხოვს თუ არა საქართველოში შექმნილი ვითარება სპეციალურ კანონს ქონების ლეგალიზების შესახებ?

ვფიქრობ, კარგად უნდა გახსოვდეთ კერძო საკუთრების ხელყოფის რამდენიმე თვის წინანდელი ხმაურიანი ფაქტები. კაფე-ბარების, რესტორნების, აბანოების დანგრევა და საცხოვრებელი სახლების ორდერების ჩამორთმევაც კი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდა. ხელისუფლებამ არგუმენტად ის ფაქტი მოიშველია, რომ აღნიშნული ქონება რამდენიმე წლის წინ კანონის დარღვევით შეიქმნა. ამ პროცესების მოსაწესრიგებლად საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური საკანონმდებლო აქტის მიღება ურჩია მარტ ლაარმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა:

[მარტ ლაარის ხმა] ”ვფიქრობ, მიღებული უნდა იქნეს საკუთრების უფლების დაცვაზე მკაფიო გადაწყვეტილება, - გნებავთ, საგანგებო საკანონმდებლო აქტი, - სადაც ხალხს განემარტება რომელი ობიექტების საქმე იქნება შესწავლილი და რომლის არა. მაგალითად, თუკი რომელიმე ობიექტის პრივატიზაციაში ადგილი ჰქონდა დანაშაულს, მათზე დაიწყება გამოძიება და, რასაკვირველია, საქმეს სასამართლო გაარკვევს.”

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ხელშეუხებლად და კანონიერად ითვლება ქონება, თუ მისი კანონიერების საქმეს მოცემულ მომენტში სამართალდამცავი ორგანოები არ სწავლობენ.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”თუ ჩვენ მავანს და მავანს არ ვპატიობთ, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონს, მე არ მესმის. იმიტომ რომ საკუთრება დაცული არის კონსტიტუციითაც და კანონითაც, არის ხანდაზმულობის ვადა სამწლიანი და ეს ყველაფერი განვლილია. სამწუხაროდ, ამით ისარგებლებს ის ხალხი, ვინც ქონება დაისაკუთრა ბოლო 3 წლის განმავლობაში და არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა.”(სტილი დაცულია)

ეს არის მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. მას და მის თანამოაზრეებს კანონის ინიციატორები დაახლოებით იმ არგუმენტებით უპასუხებენ, რომლებიც სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ წამოაყენა.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ამ კანონში არასოდეს არ იყო განსაზღვრული ამნისტიისმაგვარი. იმიტომ რომ ამნისტია გულისხმობს დანაშაულის პატიებას… ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც მიიღეს ბინა თუ საკარმიდამო ნაკვეთი, ჩაიდინეს დანაშაული. ამიტომ ამ კანონში ამნისტიის გამოყენება არის იდიოტობა.”(სტილი დაცულია)

ასეთ შემთხვევაში ქონების ლეგალიზების სპეციალური კანონის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო პაპავა:

[ლადო პაპავას ხმა] ”ქვეყანაში ყველა კანონით არის დაცული კერძო საკუთრება. თუ ეს კანონი რამეს უშველის, კარგია, რომ მივიღოთ, მაგრამ მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა, რომ დაცული იყოს კერძო საკუთრება.”

ლადო პაპავა და სხვა ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იქნა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას ვერც ახალი სპეციალური კანონი დაიცავს.
XS
SM
MD
LG