Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გია ნოდია ამჯერად სადღიურო ჩანაწერებს

გია ნოდია აწარმოებდა – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი.

24 ივნისი, კვირა
40 წელი იქნება, დღიური არ მიწერია. ანუ ბავშვობიდან. კაცმა რომ თქვას, ეს რა დღიურია, მთელი ქვეყნის წასაკითხად რომ წერ?! მაგრამ მაინც, გამოწვევაა ერთგვარი: აბა, თუ გამომივა. ანუ, საინტერესო თუ იქნება - ჩემთვის და სხვისთვის.
ხვალ მივდივარ ქალაქ ლანკასტერში (ინგლისში, ლონდონიდან სამი საათია მატარებლით). ამასთან დაკავშირებით მაქვს good news და bad news. სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ ბილეთს ჩავხედე და - ჰოი საოცრებავ! თვითმფრინავის რეისი ხვალ დილის 4-5 საათზე კი არაა, როგორც ველოდი, არამედ 11-ზე და რაღაცაზეა. ესე იგი, დამიძინია ღამე! არა, ბრიტანეთი მაინც დემოკრატიის და საღი აზრის აკვანია - ვერაფერს იტყვი! ყველა სხვა ავიაკომპანია უაზრო დროს დაფრინავს - მგზავრის აზრით, რა თქმა უნდა, მაგრამ მგზავრის აზრი არ უნდა იყოს გადამწყვეტი? ცუდი ისაა, რომ ლანკასტერში ცუდი ამინდი იქნება. თუმცა, სიურპრიზად ეს მაინც არ ჩაითვლება: ინგლისია. ალბათ დემოკრატიაც იმიტომა აქვთ, რომ ამინდი არ უვარგათ... არ ვიცი, ეს ლოგიკურად როგორ მტკიცდება, მაგრამ ალბათ არის ამაში რაღაც ლოგიკა.
როგორც ყოველთვის, ბევრი საქმე მქონდა გამგზავრების წინა დღეს და, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ვერ მოვასწარი. დილით ჰოლანდიელ პარტნიორებთან საგრანტო განაცხადის ფორმაზე ვსაუბრობდით. მერე ვიყავი ვახუშტი კოტეტიშვილის მთარგმნელობითი მასტერკლასის პრეზენტაციაზე - ვითარცა უკვე სოროსის ფონდის თავმჯდომარე. ბატონმა ვახუშტიმ მამაჩემიც გაიხსენა, როგორც მთარგმნელობითი საქმის მოამაგე. სიტყვის თქმაც მომიხდა.
საღამოს სახლში სტუმრები მყავდა ნახევრადფორმალური მიზეზით: გადავეცით სერტიფიკატები სტუდენტებს, ვინც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში "დიადი წიგნების" კურსი მოისმინა - ჩარლზ ფერბენქსის, ნესტან რატიანის და ჩემი წაკითხული. მშვენიერი საღამო იყო, სტუდენტებიც კაი ტიპები არიან.


25 ივნისი, ორშაბათი
მოგზაურობის დღე: თბილისი-ლონდონი-ლანკასტერი. თვითმფრინავი სავსე იყო და ბედმა გამიღიმა: ბიზნეს-კლასში გადამსვეს! სამაგიეროდ, ლონდონში რომ ჩავედით, ისე გადატვირთული აღმოჩნდა ჰითროუს აეროპორტი, რომ ავტობუსები არ ჰყოფნიდათ ხალხის თვითმფრინავიდან გადმოსაყვანად და დამატებით თითქმის ნახევარი საათი გვაყურყუტეს. თან დაგვამშვიდეს: თქვენ რა გიჭირთ, აქამდე ხომ მშვიდობით ჩამოხვედით, აქ მთელი რეისები გააუქმეს იმიტომ, რომ ავტობუსები არ იყო მგზავრების გადასაყვანადო. საპასპორტო კონტროლზე საათზე მეტი რომ ვიდექი რიგში, ეს კიდევ ცალკე ამბავია. მიშა სააკაშვილი აშაყირეს, რომ თქვა, თბილისის აეროპორტი ბრიუსელისას და მიუნხენისას ჯობიაო. მაგ ორზე არ ვიცი, რა უჭირთ: მიუნხენისა განსაკუთრებით მომწონს. მაგრამ ჰითროუს რაც შეეხება, ნამდვილად ჩვენი მირჩევნია. ახლა, თბილისის აეროპორტში რა მოხდება, ჰითროუს თვითმფრინავების მეათედი რომ მოფრინდეს, ეს კიდევ სხვა საკითხია...
სასტუმროს ოთახში, საწოლზე, სათამაშო ძაღლი დამხვდა. რამდენ სასტუმროში არ ვყოფილვარ - ეს პირველია! ალბათ, მხოლოდ ცხოველების მოყვარულ ბრიტანელებს შეეძლოთ ამის მოფიქრება.
უავტობუსობის გარდა, ინგლისი, ცხადია, წვიმით დამხვდა. ახლა მატარებელში ვზივარ ლანკასტერისკენ მიმავალ გზაზე და დღიურს ვწერ. ტელევიზორში ვნახე: მეზობელ ქალაქ შეფილდში წყალდიდობაც ყოფილა, წყლით დაფარული მანქანები აჩვენეს, სამი კაცი დამხრჩვალა.

26 ივნისი, სამშაბათი
მშვენიერი პატარა ევროპული ქალაქია ეს ლანკასტერი. უნივერსიტეტი ახალია (1964 წელს დაარსდა), ქალაქგარეთაა და გარეგნულად დიდად მომხიბლავიც არ ჩანს. თუმცა რა მიკვირს - 1960-იან წლებში აშენებული არსად არაფერი ვარგა.
ვნახე ლანკასტერის ციხე. შიგნით არ შევსულვარ, მაგრამ ვიყიდე ჭიქა ციხისა და მისი პატიმარი ქალის გამოსახულებით - კოლექციას შეემატება. ამავე ციხესთანაა "რომაული აბანო", ანუ აგურით ნაშენი პატარა სტრუქტურის ნარჩენები. ლანკასტერი ახლოა იმ ტერიტორიის ჩრდილო საზღვართან, სადამდეც რომაელები თავის დროზე მივიდნენ. კიდევ შევედი ქალაქის მუზეუმში. მომეწონა აქცენტი ყოფით დეტალებზე: მაგალითად, როგორ ბანაობდნენ ან რეცხავდნენ სარეცხს მე-19 საუკუნეში და ა. შ.

27 ივნისი, ოთხშაბათი
დღე საშინელი აღმოჩენით დაიწყო: თურმე გუშინ საღამოს კონფერენციის მონაწილეთა სადილი გამომიტოვებია! იმავე რესტორანში ვისადილე, თანაც საკმაოდ ძვირად, ოღონდ ერთი საათით ადრე. არადა, საინსტრუქციო წერილში ყველაფერი გასაგებად ეწერა. აუ, რა იდიოტი ვარ!
კონფერენციის პირველი დღეა. ამავე დროს, ტონი ბლერის, როგორც პრემიერ-მინისტრის, ბოლო დღეა: დედოფალთან მივიდა და ოფიციალურად სთხოვა გადადგომა. მის მემკვიდრე გორდონ ბრაუნზე არ ვგიჟდები, მაგრამ თავის საქმეს გაართმევს თავს: ჭკვიანი, გაწონასწორებული, ზომიერად ცინიკურია. კონსერვატორებს გაუჭირდებათ მასთან ბრძოლა. გუშინ ერთი კონსერვატორი პარლამენტარი ლეიბორისტებთან უკვე გადაბარგდა და თავისი პარტიის ლიდერს დევიდ კამერონს უსაყვედურა, მყარი პრინციპები არა გაქვს და მარტო პიარზე ფიქრობო. როგორც ჩანს, თანამედროვე პოლიტიკოსის აუცილებელი თვისებაა, უპრინციპობაში ზომიერება დაიცვას.
კონფერენცია შეეხება რეგიონულ იდენტობებს: ევროპა თუ ევრაზია? სამი ქვეყანაა აღებული სამიზნედ: რუსეთი, უკრაინა, საქართველო. ევრაზიანიზმის კონცეფცია რუსმა ემიგრანტმა ინტელექტუალებმა გამოიგონეს, მის თანახმად რუსეთმა უარი უნდა თქვას იმის პრეტენზიაზე, რომ იყოს ევროპული ქვეყანა, და შექმნას ცაკლე ცივილიზაცია, რომელიც ევროპის და აზიის ღირებულებებს და კულტურას გააერთიანებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იდეოლოგია აღორძინდა რუსეთში, განსაკუთრებით პუტინის დროს. უკრაინის და საქართველოსთვის მისი მიყენება საკმაოდ ხელოვნურია, რაც უკვე გამოჩნდა უკრაინის სესიაზე. საქართველოზე ხვალ იქნება ლაპარაკი, მე ძირითადი მომხსენებელი ვარ.

28 ივნისი, ხუთშაბათი
ჩემი გამოსვლის ძირითადი აზრი მარტივი იყო: თუმცა საქართველო რეალურად არის კონტინენტების და კულტურების გზაგასაყარზე, ევრაზიული იდეა, ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის "სინთეზის" იდეა აქ პოპულარული არასოდეს ყოფილა. სიტყვა "ევრაზიას", რუსეთისა და თურქეთისაგან განსხვავებით, საქართველოში არავინ ხმარობს. ჩვენ გვინდა, უბრალოდ ევროპელები ვიყოთ. მართლა ვართ თუ არა, ეს სხვა საკითხია: მაგრამ ვითომ არსებობს ამის ობიექტური საზომი? ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა: "ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ", შეგვიძლია ასე შევატრიალოთ: "თუ ევროპელი არა ვარ, არა ვარ". ანუ, სხვა ვარიანტი არა გვაქვს, ევროპის და აზიის გამაერთიანებლებად ჩვენ არ გამოვდგებით.
კიდევ სხვა რაღაცებიც ვილაპარაკე, მაგრამ სტატიას ხომ არ დავურთავ ახლა ამ ტექსტს. თანამომხსენებლებად სამი ევროპელი მემარცხენე მყავდა, რომელიც "ჰეგემონური დისკურსის" კრიტიკით ჭამს პურს, ამიტომ ევროპელობა და "ევროცენტრიზმი" დიდად არ მოსწონთ (თუ ის ამერიკას არ უპირისპირდება). მაგრამ მაინცდამაინც ჩემს საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი ჰქონდათ.


29 ივნისი, პარასკევი
სრულიად უაზრო დღე: დილის 11 საათზე აეროპორტისკენ გავწიე, თბილისის დროით თითქმის შუაღამისას სახლში ჩამოვაღწიე. თვითმფრინავმა ორი საათი დააგვიანა: წვიმა იყო და წინა რეისიდანაც დაგვაგვიანდაო. ესაა, რომ ყველაზე ყურადღებიანი და ადამიანური სტიუარდესები, ჩემი დაკვირვებით, "ბრითიშს" ჰყავს.

30 ივნისი, შაბათი
სულ ერთი დღე ვრჩები თბილისში, ამაღამ ბერლინში მივფრინავ. მაგრამ ძალიან ბევრი რამეა მოსასწრები. გავყვები საათების მიხედვით:
10:00 - უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. ასეთი რამე უკვე მეორე წელია, ტარდება. მთავარი სიახლე არის ცერემონიის ბოლოს ქუდების ჰაერში აგდება. ზოგმა სტუდენტმა მაინც "ისაჩკავა" და ქუდი ჰაერში არ ააგდო, მაგრამ ახლა რაღას დასჯი?! ცერემონიის ბოლოს - ე. წ. "ფურშეტი".
13:00-14:45 - საქმიანი სადილი პარტნიორებთან (ეუთო, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი), ვისთან ერთადაც პოლიტიკურ პარტიებთან ვმუშაობთ. სამომავლო პერსპექტივები განვიხილეთ.
15:00-16:45 - კემბრიჯელი პროფესორის, ორლანდო ფიჯესის ლექცია რუსეთის პოლიტიკურ განვითარებაზე. ჭავჭავაძის უნივერსიტეტში გვინდა, რუსეთის კვლევების მიმართულება განვავითაროთ, ხოლო კემბრიჯელი ფიჯესი ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი სახელია. ლექცია ძალიან კარგი იყო.
17:00-18:30 - პოლიტიკურ პარტიებზე ჩვენი წიგნის პრეზენტაცია "პროსპეროში" - ესეც თავისი "ფურშეტით". წვიმამ დასცხო და "პროსპეროში" შეყუჟულები ველოდეთ მის გადაღებას, თან ძალაუნებურად ხელს ვატანდით ნამცხვრებს და მისთანებს. ეჰ, ეს დემოკრატიის მხარდაჭერა ძალიან არაჯანსაღი საქმეა: ბევრი ქოლესტერინის და მისთანების ათვისება გიხდება.
18:45-19:45 - ვიზიტი რადიო "თავისუფლების" ოფისში, დღიურის დასრულება და წაკითხვა.
20:00-?? - ვახშამი ზემოხსენებულ ორლანდო ფიჯესთან. მოსალოდნელია მეტი კალორიები და ქოლესტერინი.
მერე - ჩემოდნის ჩალაგება და ბერლინისკენ ჰერი-ჰერი!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG