Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია გამოდის ენერგეტიკის სფეროში რეფორმის ინიციატივით


ევროკომისიამ მიიღო პირველი ზომები, რომლებიც ემსახურება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთობლივი პოლიტიკის ჩამოყალიბებას

და, იმავდროულად, უცხოურ ფირმებზე დამოკიდებულების შეზღუდვას. ამ ფირმებს შორის “გაზპრომიც” იგულისხმება. საქმე ეხება ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს ბრიუსელში წარმოდგენილ რეფორმებს, რომელთა მიზანიც არის ევროპის ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზება, მაგრამ იმავდროულად მათი ჩაკეტილი დატოვება იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომელთა ქვეყნებიც არ იცავენ ევროკავშირში დამკვიდრებულ წესებს.

ბრიუსელში ოთხშაბათს წარმოდგენილ ზომებზე შეთანხმებას ევროკავშირის წევრთა შორის ცხარე დისკუსიები უძღოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველა წევრმა მიზანშეწონილად ჩათვალა კონკურნეციის ხელშეწყობა, რასაც ახალი ზომები ემსახურება: კერძოდ, ენერგიის მწარმოებელ ფირმებს, როგორიცაა იტალიის “ენი”, ან გერმანიის “ეონი”, მოუწევთ სადისტრიბუციო ნაწილის (მაგალითად გაზსადენების) გაყიდვა, ან დამოუკიდებელი დისტრიბუტორისთვის გადაცემა.

ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განმარტა ახალი წინადადებების მიზანი: ევროპის გაზისა და ელექტროენერგიის ბაზარზე მეტი კონკურენციის ხელშეწყობა. თუმცა ბაროზუს არც ის დაუმალავს, რომ კონკურენციაში ჩასაბმელად ყველას არ ეპატიჟებიან: [ბაროზუს ხმა] “კერძო პირებსა და ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ კონტროლი მოიპოვონ ევროკავშირის სადისტრიბუციო ქსელებზე, თუ არ არსებობს სათანადო შეთანხმება ევროპის კავშირსა და იმ ქვეყანას შორის, რომელშიც კომპანია არის დაფუძნებული. უბრალოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ წესები დაცული იქნეს. კიდევ ერთხელ: მიზანი ის კი არ არის, რომ ამ კომპანიებს ხელი შეეშალოთ ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიური როლის შესრულებაში. პირიქით - მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას წესები”.

ბაროზუს არ დაუსახელებია “გაზპრომი”, მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, აშკარად მას გულისხმობდა: რუსეთის მონოპოლისტ კომპანიას, რომელმაც უკრაინასთან, ბელორუსიასთან და საქართველოსთან ურთიერთობაში გამოავლინა, რომ ენერგიით მომარაგება, შეუძლია, პოლიტიკურ იარაღადაც გამოიყენოს კრემლისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. სხვათა შორის, ამჟამად “გაზმპრომზე” მოდის ევროკავშირის გაზით მომარაგების 25 პროცენტი.

ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რუსეთი თავის ენერგოსექტორში თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ აძლევს უცხოელ ინვესტორებს, მაშინ როცა “გაზპრომი” - აქტიურ როლს ასრულებს ევროკავშირის ბაზარზე. “რუსეთის პოზიცია არც ახლა შეიცვლებაო”, ამ ვარაუდს გამოთქვამს ბერლინელი ექსპერტი იორგ ჰიმელრაიხი: [ჰიმელრაიხის ხმა] “რუსეთისთვის ახლო მომავალში მიუღებელი იქნება უცხოური კომპანიების შეშვება (ენერგომატარებლების) ტრანსპორტირების, ტრანსმისიის ბიზნესში, რადგან თუ ტრანსმისიას აკონტროლებ, სწორედ შენ წყვეტ, რა ფასს იხდის კლიენტი. ამას კი რუსეთი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს რეგიონში. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და მისი პოტენციური მემკვიდრე ამას არასოდეს დაუშვებენ”.

ბოლო დროს “გაზპრომმა” მოხერხებულად გამოიყენა ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის წევრთა შორის ერთსულოვნების არ-არსებობა და რამდენიმე მსხვილი ორმხრივი გარიგება გააფორმა. “გაზპრომმა” კონტროლი დაამყარა ზოგ სადისტრიბუციო ქსელზეც - მაგალითად წელს იტალიაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მისი, როგორც მძლავრი ექსპორტიორის პოზიციებს.

თუმცა, ევროკვაშირთან “გაზპრომის” ყველაზე მნიშვნელოვან კონტრაქტად (დისტრიბუციის სფეროში) მაინც “ვინგაზი” უნდა ჩაითვალოს, “გაზპრომისა” და “ვინტერშალის” (გერმანიაში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი მწარმოებლის) ერთობლივი საწარმო. “ვინგაზის” 50 პროცენტი “გაზპრომს” ეკუთვნის, ამასთან ფირმა აკონტროლებს მილსადენების 2000 კილომეტრს გერმანიაში და ევროპაში უდიდეს მიწისქვეშა გაზსაცავს.

ახლა კი ვითარება შეიცვალა: “გაზპრომს” გერმანულ ფირმასთან კონტრაქტის - და კიდევ ბევრი სხვა გარიგების - ჩაშლა ემუქრება.

ბერლინელი ექსპერტის, იორგ ჰიმელრაიხის შეფასება ასეთია: მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” ბოლო წლებში გაზის მიწოდება დროებით შეუწყვიტა უკრაინას, ბელორუსიასა და საქართველოს, ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ თავი უნდა დაიცვას რუსეთის მონოპოლისტი კომპანიის შესაძლო მსგავსი ქმედებებისაგან: [იევლოევის ხმა] “ახალ ზომებს შეიძლება, (რუსეთთან ევროკავშირის) გარკვეული “დაპირისპირება” ვუწოდოთ, მაგრამ მე “თავდაცვად” უფრო მივიჩნევ. ეს არის ევროპაში კონკურენტული გარემოს დაცვა გარედან მომდინარე, სახელმწიფოს ხელში მყოფი ისეთი ინსტრუმენტებისაგან, როგორიც “გაზპრომია”.

თუმცა ვიდრე დაცვის ეს მექანიზმი ამოქმედდებოდეს, შესაძლოა,კარგა ხანმა განვლოს: ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს ბრიუსელში წარმოდგენილი ზომები ევროპის პარლამენტში და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში დამტკიცებას საჭიროებს. ექსპერტები ორივე შემთხვევაში ცხარე დისკუსიებს მოელიან, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ ახალი წინადადებები ბოლოს მაინც განხორციელდება. არ არის გამორიცხული, მანამდე ორ წელიწადზე მეტი გავიდეს.
XS
SM
MD
LG