Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია/არჩევნები/მოთხოვნა


დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები

რამდენიმე უცხოელ დიპლომატს შეხვდნენ, მათ შორის: შეერთებული შტატების ელჩს, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს, საფრანგეთის საელჩოსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელ პეტერ სემნების ოფისის წარმომადგენლებს. ოპოზიციამ მათ წარუდგინა პარალელური დათვლის შედეგები, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთვის მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. არაოფიციალური შეხვედრების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. გაგაცნობთ ოპოზიციის მოთხოვნათა დეტალებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 50 პროცენტიანი ზღვარი გადალახა მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც, ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა საშუალოზე მაღალი აქტივობა (60% და მეტი) იყო. გაერთიანებული ოპოზიციის დათვლით, მიხეილ სააკაშვილს, მთლიანობაში, არ გადაულახავს 50% და მას მიღებული აქვს ხმების 35%. ოპოზიცია თანახმაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე საკითხის შემდეგნაირად განხილვის პირობებში:

[კუკავას ხმა]
“პირველი - მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი, ამიტომ უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური. და, მეორე მოთხოვნა - იმისათვის, რომ დადგენილი იქნეს სამხრეთ საქართველოს იმ ოლქებში, რომლებიც ჩვენ ჩამოგითვალეთ, რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა ამომრჩეველთა იმ აქტივობას და მიხეილ სააკაშვილის მიერ ხმების იმ რაოდენობის მიღებას, რომელიც იქნა გამოცხადებული, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას და ვითხოვთ ხელისუფლებისაგან გამოქვეყნებული იქნეს და ხელმისაწვდომი გახადოს როგორც ჩვენთვის, ისე დამკვირვებლებისა და მედიისთვის ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც სამხრეთ საქართველოში იყო დამონტაჟებული და ამომრჩეველთა ყველა სია სამხრეთ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე. ეს არის ძალიან მარტივი გზა, რომლითაც მყისიერად შეიძლება იქნეს დადგენილი მართლაც გამოცხადდა თუ არა წალკის მაღალმთიან სოფლებში მინუს 30 გრადუსიან ყინვაში ამომრჩეველთა ასი პროცენტი არჩევნებზე. მართლაც მისცა თუ არა ხმა მარნეულის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ასმა პროცენტმა მიხეილ სააკაშვილს. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერის ჩანაწერების და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების გადათვლის შედეგად დადგინდება ის შედეგები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ამ შედეგებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერის ჩანაწერები და ხელმომწერთა სიის გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია ხმათა 50 პროცენტი, მან უნდა აღიაროს თავისი დამარცხება და დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია აგრეთვე აცხადებს, რომ ცესკომ არ განიხილა გაერთიანებული ოპოზიციის არც ერთი საჩივარი. შემაჯამებელი ოქმი კი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საჩივრების განხილვის დასრულებამდე გამოაცხადა. ხვალ ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს და მის ბათილად ცნობას მოითხოვს.

შეკითხვას, რა მოხდება, თუკი ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნას და ინაუგურაცია დათქმულ დღეს ჩატარდება, ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ ამ ეტაპზე, როცა ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის პირობას აყენებს, შეუძლებელია ლაპარაკი იმაზე, თუ რას იზამს ის, თუკი ინაუგურაცია მაინც შედგება. თუმცა ზურაბიშვილი აცხადებს, რომ, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ეს ინაუგურაცია იქნება პროვოკაცია და გააღრმავებს კრიზისს ქვეყანაში.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდებიან, საერთაშორისო მეთვალყურეები მზად იქნებიან დააკვირდნენ ხმების გადათვლის პროცესს.

თუკი ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, წარმოუდგენიათ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა და მასში მონაწილეობა? კობა დავითაშვილის პასუხი რადიო ”თავისუფლების” ამ შეკითხვაზე ასეთი გახლდათ: ”სანამ საპრეზიდენტო კამპანია არ დასრულდება, არ ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს.”


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG