Accessibility links

ცარიელია თუ არა საქართველოს ხაზინა?


ამ ბოლო დროს ოპოზიცია და მისი მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა

და რომ ამის გამო ახლა ხაზინა ცარიელია. მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ირწმუნება, რომ საარჩევნო კამპანიაში ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ დახარჯულა, მთავრობა კი აცხადებს, რომ არც ხაზინაა ცარიელი და არც საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას ემუქრება რაიმე საფრთხე. ცარიელია თუ არა, მართლაც, საქართველოს ხაზინა?

ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების მტკიცებით, სახელმწიფო ხაზინა ცარიელია და ხელისუფლებას ნაკისრი საბიუჯეტო ვალდებულებების გასტუმრების პრობლემა გაუჩნდა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პენსიები. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მთავრობა პენსიების დარიგებას ვეღარ ახერხებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”პრაქტიკულად ქვეყანა დგას სოციალური კატასტროფის წინაშე, ერთადერთი ის სამარცხვინო სატრაბახო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, რომ დროულად გასცემდა იმ მათხოვრულ პენსიებს, ესეც უკვე ჩავარდა და პენსიონერებმა ის მათხოვრული 50 ლარიც კი ვეღარ აიღეს, მეხუთე დღეა, და არის სერიოზული შეფერხებები.”(სტილი დაცულია)

ჯონდი ბაღათურიას განცხადების პასუხად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი ამბობს, რომ პენსიების დარიგება, ტრადიციისამებრ, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვის ჩათვლით ხორციელდება და 1-2 დღის დაგვიანების მიზეზი შეიძლება უქმე დღეები იყოს:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”თუ ემთხვევა ხოლმე შაბათ-კვირა ან რაიმე ამის მსგავსი, ბუნებრივია, ერთი დღე პლუს-მინუს, ასე ხდება ხოლმე... მაგრამ რაიმე დაგვიანება, რაიმე პრობლემა პენსიასთან დაკავშირებით არ მომხდარა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში და ესეთი რამ წარმოუდგენელია ოდესმე მოხდეს.”(სტილი დაცულია)

პენსიების დარიგება ”სახალხო ბანკის” მეშვეობით ხორციელდება. ამ ბანკმა დღეს უკვე დაიწყო პენსიების გაცემის პროცესი. მისი პრეზიდენტის გიორგი გოგუაძის განცხადებით, 800 ათასზე მეტი პენსიონერისთვის განკუთვნილი 53 მილიონი ლარი ”სახალხო ბანკის” ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინიდან ერთი დღის წინ ჩაირიცხა:

[გიორგი გოგუაძის ხმა] ”ჩვენს ძვირფას პენსიონერებს შეეძლებათ მობრძანდნენ და მიიღონ თავისი კუთვნილი პენსიები აბსოლუტურად მშვიდად, ნორმალურად. პენსიების დარიგების გრაფიკი არის 15 რიცხვიდან 20 რიცხვამდე, რაც, ბუნებრივია, იანვრის თვეშიც დაცული არის.”(სტილი დაცულია)

ხაზინის დაცარიელების შესახებ გავრცელებულ ხმებს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაურიც უარყოფს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”არსებულ ანგარიშებზე 2006 წელს თუ იყო 130 მილიონი, 2007 წლის 1 იანვარს ეს იყო 235 მილიონი, ხოლო 2008 წლის პირველ იანვარს ეს იყო 95 მილიონით მეტი და ეს იყო 350 მილიონი ლარი, მოარულ ხმებს რომ ვუპასუხოთ, რაც ამ დღეებში გავრცელდა.”(სტილი დაცულია)

ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტი ”ეროვნული ბანკის” სავალუტო რეზერვებია, რომელიც ამ მომენტისთვის 1 მილიარდ სამას სამოცდაათ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG