Accessibility links

logo-print

კვირის პოლიტიკური მოვლენები


18 იანვრის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო

კომისიამ პლებისციტის - ნატოში შესვლის და პლებისციტის - არჩევნების თარიღის განსაზღვრის თაობაზე არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა. ნატოში შესვლის თაობაზე პლებისციტის დადებითად გადაწყვეტის მომხრე იყო ამომრჩეველთა 77%, არჩევნების თარიღის განსაზღვრის თაობაზე პლებისციტის დადებითად გადაწყვეტის მომხრე კი - ამომრჩეველთა 79.174%

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტს გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით მიმართა, რომლის განხილვასაც პარლამენტი მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს.

ამ კვირამ წინასაინაუგურაციო პოლიტიკურ ჭიდილში ჩაიარა. ორშაბათს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების ოფიციალურად გამოქვეყნებისა და თბილისში მასშტაბური მიტინგის ჩატარებიდან ერთი დღის შემდეგ, ოპოზიციამ ჯერ უცხოელ დიპლომატებს გააცნო, შემდეგ კი საჯაროდ წარმოადგინა მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ხელისუფლებისგან ითხოვდა:

[კუკავას ხმა]
”პირველი - მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი. ამიტომ უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური. და, მეორე მოთხოვნა - იმისათვის, რომ დადგენილი იქნეს სამხრეთ საქართველოს იმ ოლქებში, რომლებიც ჩვენ ჩამოგითვალეთ, რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა ამომრჩეველთა იმ აქტივობას და მიხეილ სააკაშვილის მიერ ხმების იმ რაოდენობის მიღებას, რომელიც იქნა გამოცხადებული, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას და ვითხოვთ ხელისუფლებისაგან გამოქვეყნებული იქნეს და ხელმისაწვდომი გახადოს როგორც ჩვენთვის, ისე დამკვირვებლებისა და მედიისთვის ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც სამხრეთ საქართველოში იყო დამონტაჟებული და ამომრჩეველთა ყველა სია სამხრეთ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე. ეს არის ძალიან მარტივი გზა, რომლითაც მყისიერად შეიძლება იქნეს დადგენილი მართლაც გამოცხადდა თუ არა წალკის მაღალმთიან სოფლებში მინუს 30 გრადუსიან ყინვაში ამომრჩეველთა ასი პროცენტი არჩევნებზე; მართლაც მისცა თუ არა ხმა მარნეულის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ასმა პროცენტმა მიხეილ სააკაშვილს. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერის ჩანაწერების და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების გადათვლის შედეგად დადგინდება ის შედეგები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ამ შედეგებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერის ჩანაწერები და ხელმომწერთა სიის გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია ხმათა 50 პროცენტი, მან უნდა აღიაროს თავისი დამარცხება და დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.”

ოპოზიციამ ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა, როგორც წინაპირობა ხელისუფლებასთან დიალოგისა. ხელისუფლებაში მთელი კვირა მიმდინარეობდა მზადება ინაუგურაციისთვის. სასამართლომ არ დააკმაყოფილა რიგი ოპოზიციური პარტიების საჩივრები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. ხუთშაბათს ოპოზიციამ მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის არ ცნობს გამარჯვებულად გამოცხადებული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, 16 იანვარს რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა:

[ზურაბიშვილის ხმა]
”მეორე ტური შეიძლება ახლავე ჩატარდეს, საპრეზიდენტო მეორე ტური. მაგრამ, რაც დრო გადის, ნაკლებად და ნაკლებად სავარაუდო არის ეს. ან მეორე ტური შეიძლება ჩატარდეს შემდეგ - საპარლამენტო არჩევნების ფორმით. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტური სააკაშვილის წინააღმდეგ ჩატარდება.”


ოპოზიცია მთელი კვირა უარყოფდა ხელისუფლებასთან დიალოგის მიმდინარეობას. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ დიალოგის პროცესის არსებობას, თუმცა უარყოფენ, რომ რაიმე კონკრეტულ თანამდებობებს სთავაზობენ ოპოზიციას:

[მაჭავარიანის ხმა]
”არ ყოფილა მოლაპარაკება, ამას მინდა ხაზი გავუსვა, არანაირ თანამდებობებთან დაკავშირებით - არც შეთავაზება ყოფილა, არც წინადადება ყოფილა არავის მხრიდან.”

ოპოზიციის გარდა, არჩევნების შესახებ თავიანთი პოზიცია ამ კვირაში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 15 იანვარს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია:

”7 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მოვალეობების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდა: დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა და დაჯამება განხორციელდა ქაოტურად და კანონდარღვევებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პროცედურული უზუსტობების მიზეზით, უარი თქვა საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილის არსებით განხილვაზე და, საბოლოო ჯამში, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება მოხდა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები.”
თუმცა მიმდინარე კვირაში იყო ერთი საკითხი, რომელზეც რეალურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ეს საკითხი გახლავთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემდგომი რეფორმირება. არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პირველი საპროტესტო აქცია ხომ სწორედ ”მაუწყებლის” შენობასთან გაიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით. ამ კვირაში მაყურებელმა გაჩეჩილაძეც იხილა პირდაპირ ეთერში და ისიც შეიტყო, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ისედაც ნაკლული სამეურვეო საბჭო გადადგა და ახალ შემადგენლობაზე კონკურსი გამოცხადდა.

[ბურჯანაძის ხმა]
”საბოლოო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რეორგანიზაცია, ამ არხის რეფორმირება არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და ხვალინდელი დღისათვის.”

[ძიძიგურის ხმა]
”უკვე გაიგონებთ არა ცილისწამებებს და არა სიბინძურეებს უახლოეს დღეებში, არამედ გაიგონებთ იმას, რაც თქვენ გაინტერესებთ.”

განაცხადა ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა, მიტინგზე, რომლის ჩატარებისთვისაც ხელი არ შეუშლია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას.

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაციის - ”ფრიდომ ჰაუზის” - მორიგი ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის ინდექსის შესახებ. საქართველო კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგში რჩება, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, მისი მონაცემები მცირედით გაუარესდა. საინტერესოა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 განსახილველი ქვეყნიდან 7 ”არათავისუფალია”, 4 – ”ნაწილობრივ თავისუფალი”, ერთი კი, უკრაინა, - ”თავისუფალი”. ”ფრიდომ ჰაუზის” კვლევითი განყოფილების დირექტორმა ქრის უოკერმა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინის შესახებ აღნიშნა:

[უოკერის ხმა]
”რის მომსწრეც საქართველოში გავხდით, ესაა იმის შედეგი, რომ მას ჰყავს ძალზე ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ენერგიულად ატარებდა რეფორმების კურსს. მაგრამ, ამავე დროს, ის უპირისპირდებოდა ზოგიერთ ბუნებრივ წინააღმდეგობას, რაც თავს იჩენს ხოლმე, როცა ძალზე რთულ ვითარებაში ცდილობთ რეფორმების გატარებას. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოში არ არის პოლიტიკური კონკურენციის ის დონე, რაც გვაქვს უკრაინაში. ასე რომ, საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა შემთხვევასთან. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ორი გამორჩეული შემთხვევაა ყოფილი საბჭოთა კავშირის კონტექსტში, ვინაიდან აქ ბევრად მეტია ინსტიტუციური საფუარი. ასეთ გარემოში ბევრად მეტი სამოქალაქო სივრცეა სამოქმედოდ, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.”

აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, თუ რა სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში. ერთადერთი კონკრეტული, რაც ამ დრომდე სამთავრობო სიახლეებზე ითქვა, არის ის, რომ გუნდს დატოვებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი და შეემატება ამერიკიდან დაბრუნებული ალექსანდრე კვიტაშვილი. თუ რა პოსტს შესთავაზებენ მას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სახალხო დამცველი რა ხანია ცდილობდა ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო ადამიანის უფლებათა უხეშად დარღვევის ფაქტებისადმი ქვეყანაში. ისეც ხდებოდა, რომ მის მიერ დარღვევების წარმოჩენის გამო სახალხო დამცველს პოლიტიკურ მიკერძოებაშიც სდებდნენ ბრალს. 15 იანვარს, სოზარ სუბარის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი ღია წერილის გამოქვეყნებიდან ერთ დღეში, სააკაშვილი სახალხო დამცველს ესტუმრა. რატომ დაიწერა ეს წერილი? რადიო ”თავისუფლების” შეკითხვას სახალხო დამცველმა ასე უპასუხა:

[სუბარის ხმა]
”როდესაც ვამბობთ, რომ უნდა იყოს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის ადგილი აღარ რჩება ამ სტრუქტურაში, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის პირამიდა, რომელიც უნდა ამოყირავდეს მთლიანად. სახელმწიფო, ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი უწყების მუშაობა უნდა დაეყრდნოს უმთავრეს ღირებულებებს. ეს არის ადამიანი, ეს არის მისი უფლებები, ეს არის მისი ღირსება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სახელმწიფოს მშენებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძლიერი სტრუქტურები დაგვენგრევა თავზე და სახელმწიფოც გადაჰყვება მას.”


ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსულ უცხოელ დიპლომატთა ნაწილმა კვირის ბოლოს შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ასევე კვირის ბოლოს გამოქვეყნდა ეუთოს პირველი შუალედური ანგარიში, რომელშიც აღნიშულია, რომ პოლიტიკური გარემო არჩევნების შემდეგაც პოლარიზებულია; რომ ეუთოს ეგიდით მომუშავე მეთვალყურეთა ჯგუფმა გამოავლინა პრობლემები ხმების შეჯამების პროცესში, კერძოდ, იყო განსხვავება საუბნო და საოლქო კომისიების მონაცემებს შორის, ზოგიერთ უბანზე კი არჩევნების დღის ბოლო საათებში ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. დარღვევები აღმოჩნდა დამატებითი სიების დათვლისას. შუალედური ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში აგრეთვე აღნიშნულია: ”საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე და არც სასამართლოებში არ იყო სრულად და ადეკვატურად გამოძიებული მნიშვნელოვანი რაოდენობა საჩივრებისა, რომლებიც ხმის მიცემის, დათვლისა და არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპებს შეეხებოდა.” ეუთოს შუალედური ანგარიში დიდწილად ეხმიანება ბოლო დღეებში ოპოზიციის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს.

გასულ კვირაში იყო ერთი სიახლეც: 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატარკაციშვილზე ძებნა გამოცხადდა.


XS
SM
MD
LG