Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s--მა საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა.

კერძოდ, ჩვენს ქვეყანას კვლავაც აქვს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი B. პროგნოზი საქართველოს მიმართ “პოზიტიური” რჩება, რაც პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებით, რეფორმების რეალიზაციით და ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.

სააგენტო იმედოვნებს, რომ ქვეყანაში გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ფონზე. თუმცა საქართველოს რეიტინგის ზრდას ხელს უშლის შიდაეკონომიკური მაჩვენებელების და პოლიტიკური რისკების დაუბალანსებლობა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტური რეგიონების არსებობა და დაძაბული ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან.

2007 წელს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11% იყო.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
ეს საგანგაშო ინფორმაცია მინისტრმა იმ მიღწევაზე საუბრით გადაფარა, რაც იანვარში დაფიქსირდა: სახელმწიფო ბიუჯეტი 123%-ით შესრულდა _ ნაცვლად დაგეგმილი 282 მილიონი ლარისა, ბიუჯეტში 348 მილიონი შევიდა.2007 წელს საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა დაახლოებით 180 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 545 მილიონი, ხოლო 2007 წელს უკვე 866 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2007 წლის მაჩვენებელი 60%-ით მეტია, 2006 წელთან შედარებით. ფულადი ნაკადების ასეთი სერიოზული ზრდა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნებიდან მათმა მნიშვნელოვანმა მატებამ. 2007 წელს საქართველოში ამ სახის კაპიტალის ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ: რუსეთი, ამერიკა, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი და ავსტრია, რომელთა წილად მოდის ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 87%-ზე მეტი.
საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2007 წელს, წინა წელთან შედარებით, 15.7%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი განხორციელდა _ სულ 110,7 მილიონი დოლარი. ფულადი გადარიცხვების შემცირების 85,5% პროცენტი რუსეთზე მოდის.

თბილისის შიდასაუბნო სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ხუთი თეთრით გაძვირდა. მგზავრობა ხუთი თეთრით, ძირითადად, იმ სამარშრუტო ხაზებზე გაძვირდა, რომელთა საფასურიც 20-25 თეთრი იყო. მეტროსადგურებიდან ახლომდებარე საცხოვრებელ კვარტლებსა თუ მიკრორაიონებში მგზავრობა 25-30 თეთრი ეღირება.

თბილისის შემდეგ, ჰოლანდიური ფირმა “დაფ”-ის ავტობუსები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც შეიძინა. ავტობუსები სოხუმში უკვე ჩაიტანეს. დე ფაქტო პრემიერის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ავტობუსების ფასი 200 ათასი ევროა, 1992 წელს გამოშვებული ერთი ავტობუსის შესყიდვა და სოხუმში ჩატანა კი 23 ათასი ევრო დაჯდა. იმის მიუხედავად, რომ ავტობუსები ახალი არ არის, იდეალურ მდგომარეობაშია და კიდევ 15 წელს იმუშავებს, _ იმედოვნებენ აფხაზები.

საქართველოს ავიაბაზარზე კი გაზაფხულზე ჩეხური ავიაკომპანია CZECH AIRLINES შემოდის. Kკომპანიამ საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა. ფრენები პრაღა-თბილისი-პრაღის მიმართულებით კვირაში სამჯერ შესრულდება. პირველი რეისი აპრილში ერბას-319 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

საქართველოს ავიაბაზარზე, შესაძლოა, უკრაინული “ავიასვიტიც” შემოვიდეს, რომელიც კიევი-თბილისის რეისის მიმართულებით იფრენს. თუმცა მას ჯერჯერობით სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განაცხადი არ შეუტანია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული დასახელების ურთიერთდაცვისა და აღიარების შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ბრიუსელში მარტში გაიმართება. ამ დროისთვის ოფიციალური მოპალარაკებების ორი რაუნდი უკვე გამართულია. უშუალოდ ხელშეკრულება კი, სავარაუდოდ, 2008 წლის ბოლოს გაფორმდება.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია BP-ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა ჰიუ მაქდაუელმა განაცხადა. მისი თქმით, მილსადენის ერთკილომეტრიანი მონაკვეთისთვის მარშრუტის შეცვლის სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს მცირე სამუშაოები მილსადენის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე, ასევე მილსადენის ტექნიკური შესწავლა.

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2006 წლის ნოემბრის შემდეგ არის შეჩერებული.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს, საქართველო ამ არხით დღეში 1 მილიონ კუბურ მეტრ აირს იღებს. ბუნებრივი გაზის დამატებითი ოდენობის მიღება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. კერძოდ, საქართველო თურქეთში ტრანსპორტირებული გაზიდან 5%-იანი წილის მიღებას დაიწყებს. საქართველოსთვის გარანტირებული გაზის მოცულობა 2008 წლისთვის შაჰ-დენიზის საბადოდან 300 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
`გრინოუქ ჯგუფმა~ და მისმა პარტნიორებმა “ბათუმის ნავთობის ტერმინალი” და “ბათუმის საზღვაო ნავსადგური” ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია “ყაზმუნაიგაზს” მიჰყიდეს.
ტერმინალში გადატვირთვების წლიური მოცულობა უკვე 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს. ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი იქნება სატრანზიტო კორიდორზე ნავთობის სტაბილური დინება და, შესაბამისად, “ბათუმის ნავთობის ტერმინალისა” და “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” ახალი ნაკადებით დატვირთვა. “ყაზმუნაიგაზი”, რომელიც ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიაა, შვილობილი “ყაზტრანსგაზის” მეშვეობით, საქართველოში უკვე ასევე ფლობს თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას.

რუსთაველის #30-დან გამოსახლებული “სონი ცენტრი თბილისი”, კაფე “რუსთაველი” და “ლაზერი-2 თბილისი” თავიანთი სარჩელების უმოკლეს ვადებში განხილვის უზრუნველყოფას ითხოვენ. სარჩელები 5 თვის წინ არის შეტანილი, მაგრამ მათ სასამართლო არ იხილავს.
სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით 2007 წლის 6 აგვისტოს, პოლიციის გამოყენებით, ამ კომპანიების დარბევას. საწარმოები თავიანთი სამართლებრივი უფლებების აღდგენას და მიღებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და პარალელურად საერთაშორისო არბიტრაჟისთვისაც ემზადებიან.

საექსპერტო დასკვნით, მიყენებული ზიანი 5,5 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ამერიკული იურიდიული კომპანია Crowell Moring--ის ვარაუდით, ზარალის ოდენობა 3-ჯერ გაიზრდება.

ინტერნეტ-ბაზარზე აქტიურად მოღვაწე ორ კონკურენტ კომპანიას შორის არსებულმა გაუგებრობამ კი მომხმარებელი უკვე მერამდენედ დააზარალა. “ახალი ქსელები“ “კაუკასუს ონლაინს“ გადაუხდელ დავალიანებას ედავება. 4 თებერვალს “ახალმა ქსელებმა” წინასწარი გაფრთხილების გარეშე “კაუკასუს ონლაინის” მომხმარებლებს ინტერნეტი გაუთიშა და საკუთარი ინტერნეტით სარგებლობა შესთავაზა.
`კაუკასუსი~ ყოველგვარი დავალიანების არსებობას უარყოფს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი აცხადებენ, რომ თუ “ახალმა ქსელებმა” მომხმარებელს გაფრთხილების გარეშე გაუთიშა ინტერნეტი, ეს უკვე კანონის დარღვევაა. მარეგულირებელის საბოლოო დასკვნას ელოდება “კაუკასუს ონლაინი”. ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც “ახალი ქსელებისა” და "კაუკასუს ონლაინის" უსასრულო ომის გამო მომხმარებელი დაზარალდა. ჯერჯერობით ისიც უცნობია, დაეკისრება თუ არა კანონის დამრღვევ მხარეს ჯარიმა.

XS
SM
MD
LG