Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ილამაზ მიწიშვილი ამ კვირაში "თავისუფლების" დღიური

საზოგადოება "მემორიალის" ხელმძღვანელმა ილამაზ მიწიშვილმა დაწერა.

პირადი დღიური არასდროს მიწარმოებია. უნდა გამოვტყდე, რომ ამის სურვილიც არ გამჩენია არასდროს. მიმაჩნია, რომ იგი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური წყობის ადამიანებს უჩნდებათ, იმათ, ვინც გარემომცველ სამყაროში ვერ პოულობს აზრებისა და განცდების გამზიარებელს, ოცნებების მესაიდუმლეს. ასეთი დღიური ზედმიწევნით ინტიმურია და, როგორც წესი, სამზეოზე გამოსატანად არ იწერება. არის მეორე სახის დღიურებიც - სამეცნიერო, სადამკვირვებლო, საექსპედიციო და ა.შ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ასეთი, თუნდაც მექანიკური ხასიათის, ყოველგვარ გრძნობებს მოკლებული დოკუმენტიც არის ხოლმე უმძაფრესი ემოციურობით გაჯერებული. ამის ნიმუშად ანტარქტიდის პოლარული ექსპედიციის ხელმძღვანელის, კაპიტან რობერტ სკოტის დღიურის უკანასკნელი, მართლაც რომ სულის შემძვრელი ჩანაწერიც გამოდგება - “ღვთის გულისათვის, არ მიატოვოთ ჩვენი ახლობლები!” “'თავისუფლების' დღიურები” განსხვავებული ხასიათისაა და ამ შემოთავაზებამ თავდაპირველად საგონებელში ჩამაგდო, მაგრამ გამოსავალი პროექტის ავტორის, დავით კაკაბაძის მიერ 2006 წლის ანალოგიური კრებულის წინასიტყვაობამ მიკარნახა - ეს დღიურები “სხვის გასაგონად” იწერებაო, და მეც ამის გათვალისწინებით ვასრულებ თხოვნას.
მაშ ასე, იხსნება კიდევ ერთი ახალი წლის ფარდა! როგორი წარმოდგენის ხილვას გვიმზადებს იგი? საკრამენტული კითხვაა, რომელზე პასუხიც არავინ იცის. რაც შეეხება ჩემთვის მოზომილ დროის მონაკვეთს - 1-იდან 5 იანვრამდე - გასაგები მიზეზებისა გამო, იძულებული ვიქნები, იგი ძირითადად ტელევიზიის მეშვეობით მოპოვებული მასალით გავაშუქო. ისე რომ, “ჩვენ ორნი ვართ ამ ქვეყანას” - მე და... ტელევიზორი.

1 იანვარი, სამშაბათი
საახალწლო სამზადისში მეუღლეს ვეხმარებოდი და სხვა ვერაფრისათვის მოვიცალე. საკმაოდ მოსაღამოვებული იყო, დასაპურებლად რომ ჩამოვსხედით. დრო ვიხელთე და ტელევიზორი ჩავრთე. ყველგან წინასაახალწლო სამზადისს აშუქებდნენ - პარლამენტის წინ ყინულის მოედანი მოუწყვიათ, წმინდა გიორგის მონუმენტისათვის თეთრი პერანგი ჩამოუცვამთ. ცოტა მოგვიანებით ისიც ვიხილეთ, რომ ზუგდიდშიც გაუხსნიათ საციგურაო მოედანი. რას არ მოიფიქრებს ქართველი კაცის ნიჭიერება!
ბოლოს კი ისეთ გადაცემას, მე რომ დამაინტერესებდა, შემთხვევით ტელეარხ “კავკასიაზე” წავაწყდი - სოსო ცისკარიშვილი ჰყავდა დავით აქუბარდიას მოწვეული. შთამბეჭდავი სანახაობა იყო. ბ-ნი სოსო საზეიმო განწყობის შესაბამისად გამოიყურებოდა - ელეგანტურად, მე ვიტყოდი, იმპოზანტურად იყო ჩაცმული: შავი კოსტუმი (ასეთი შავი ფერი, მგონი, არასდროს მინახავს), თეთრი პერანგი (მგონი არც ასეთი ქათქათა სითეთრე მინახავს სადმე), მშვენიერი “პეპელა” - ისიც შავი, თეთრი წინწკლებით. საუბრობდა დინჯად, გამართულად, დამაჯერებლად, არგუმენტირებულად. მოკლედ, მოსასმენადაც და სანახავადაც დახვეწილობის ნიმუში იყო. აკი დაიმსახურა კიდეც შესატყვისი კომპლიმენტი - ერთმა ქალბატონმა განუცხადა, საპრეზიდენტო ადამიანი ბრძანდებითო. ეს, რასაკვირველია, ემოციური გამოძახილი იყო, მაგრამ ბ-ნი სოსოს პასუხი - თქვენი ზარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენში პრეზიდენტობის ინსტიტუტი არ არის გამართლებულიო - იმას გულისხმობდა, ალბათ, რომ ჩვენი ხალხი ვერ გადაეჩვია ემოციურ ტალღაზე არჩევნის გაკეთებას, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი ყოველთვის საღი განსჯის შედეგად უნდა მიიღებოდესო. ბ-მა სოსომ სხვაც ბევრი რამ საინტერესო გვამცნო, მე მხოლოდ მის ერთ მოსაზრებაზე მინდა შევაჩერო ყურადღება. მან ბრძანა - ბევრი ვიფიქრე იმაზე, რატომ მოხდა, რომ სამი პრეზიდენტიდან ვერც ერთმა ვერ მიიყვანა ბოლომდე საპრეზიდენტო ვადაო. ამის მიზეზი მან იმაში დაინახა, რომ თითოეული მათგანი ხელისუფლების სათავეში უალტერნატივო პოლიტიკურმა ძალამ: “მრგვალმა მაგიდამ”, მოქალაქეთა კავშირმა, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიყვანა ანუ - ჯანსაღი ოპონირების გარეშე ტოტალური გამარჯვება ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება ხოლმეო. დამაჯერებელი ლოგიკა და დამაფიქრებელი დასკვნაა. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა მას მომავალი, იგი კი კარს არის მომდგარი.
ჩამოჰკრა თორმეტმა, დადგა ახალი წელი! მას ვაჟიშვილთან ერთად შევეგებეთ. ვადღეგრძელეთ ერთმანეთი, ახლობლები, მოვიგონეთ გარდასულები და, დაღლილებმა, მალევე მივაშურეთ საძინებელს.
ვისარგებლე იმით, რომ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ სახალისო პროგრამები იყო ეკრანზე, სახლიდანაც არ გავსულვარ და 1 იანვრის მთელი დღე პირად საქმეებს დავუთმე.
ყველას, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიურია, ყველას, ვინც თავს ქართველად თვლის, ყველას, ვინც ამ ქვეყანას თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაზე სანუკვარი ოცნების აღსრულებას - საქართველოს გამთლიანებას!

2 იანვარი, ოთხშაბათი
დილიდან სულ ერთ საკითხზე ვფიქრობდი, ძალზე რომ მაწუხებს: როგორ უნდა მოიქცეს კაბინაში საარჩევნო ბიულეტენთან პირისპირ მარტოდ დარჩენილი ამომრჩეველი? საკითხი მეტად მნიშვნელოვნად მეჩვენება, რადგან ამომრჩეველთა ფართო მასებმა დღემდე არ იციან, მაგალითად, პლებისციტისა და არჩევნებისათვის ერთი ბიულეტენი იქნება განკუთვნილი თუ ორი; ან, მაგალითად, შემოვხაზე ჩემთვის სასურველი კანდიდატის ნომერი, სხვებს არ შევხებივარ. ვაი და, ურნების გახსნისას ვინმეს ჩემი არჩევანი არ მოეწონოს და მეორე ციფრიც შემოხაზოს, ამით ხომ ბიულეტენი გაბათილდება? ან - შემოვხაზე ჩემთვის სასურველი კანდიდატის ნომერი, სხვები კი გადავხაზე. ასეთი ბიულეტენიც ბათილად ჩაითვლება - როგორ მოვიქცე? დედაქალაქის ამომრჩეველი რომ ასეთ გაურკვევლობაში იქნება, წარმომიდგენია, სოფლად რა ხდება! არადა, ამომრჩევლის დაკვალიანება ხომ საარჩევნო კომისიის პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს! მით უმეტეს, რომ არაკეთილსინდისიერთა ხელში ბიულეტენების გაბათილების მეთოდი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ძლიერი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს!
არავის შეწუხება არ მინდოდა ამ საახალწლო დღეებში, მაგრამ ბოლოს მაინც დავურეკე “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარ რედაქტორს, ალეკო ასლანიშვილს. დამპირდა დაუყოვნებლივ რეაგირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს (როგორც ბევრი სხვა გაზეთის, მისი პირველი ნომერიც კვირის ბოლოს გამოვა) და, აგრეთვე, ტირაჟისა და გავრცელების შეზღუდულობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩხეიძეც შევაწუხე. მან მითხრა, რომ ხვალ გაზეთ “რეზონანსს” დაერთვება მათი ასოციაციის მიერ ამომრჩევლებისათვის შედგენილი გზამკვლევი. იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს მცდელობები საერთო საქმეს წაადგება.
ამ საკითხით დაკავებულმა, ტელევიზორი მხოლოდ 3 საათზე ჩავრთე - საახალწლო შესვენების შემდეგ აშკარად იგრძნობა პოლიტიკური კლიმატის “გახურება”, კერთოდ:
- დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგი პოლიტიკური ძალა გეგმავს მომხრეების თავშეყრას საარჩევნო უბნებთან. მან ოპონენტებს შესთავაზა დიალოგი და “თამაშის ერთიანი წესების” გამომუშავება. ნეტავ, ადრე ყოფილიყო გამოთქმული მმართველი ძალის მხრიდან ასეთი კონსტრუქციული მიდგომის სურვილი!
- შალვა ნათელაშვილი კვლავ (მერამდენედ!) მოუწოდებს სააკაშვილს საჯარო დებატებისაკენ, მაგრამ... “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”. სამწუხაროა, რომ ოპონენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ტრადიციად იქცა ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში: სააკაშვილამდე გამსახურდიაც უკადრისობდა ამას და შევარდნაძეც. აი, კიდევ სად იჩენს თავს ტოტალური პოლიტიკური ძალით ხელისუფლებაში მოსვლა!
- ირინა სარიშვილმა მოუწოდა (მანაც მერამდენედ!) ოპოზიციურ ძალებს, შეთახმდნენ არჩევნებში ერთი კანდიდატით მონაწილეობაზე. საკითხის ლოგიკა ასეთია: ბევრი კანდიდატის შემთხვევაში ოპოზიცია დამაჯერებლად ვერ გაიმარჯვებს, ამას შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება ოპოზიციასაც მოუწევსო. რაც შეეხება ნატოში შესვლის მხარდაჭერის საკითხის პლებისციტზე გამოტანას, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ ამით საქართველო შეიძლება ჩართული აღმოჩნდეს ამერიკა-ირანის ძალისმიერ დაპირისპირებაში (საინტერესოა, ხელისუფლებას საკითხის ეს ასპექტი თუ აქვს გათვითცნობიერებული).
მან პირადად ჩემთვის მტკივნეულ ორ საკითხზეც შეაჩერა ყურადღება. სულ მაფიქრებს, რატომ ხდება, რომ ბოლო წლებში ქუჩის საახალწლო ღონისძიებები მეტ და მეტ ხალხს იზიდავს: ნუთუ ეს გლობალიზაციით გამოწვეული კოსმოპოლიტიზაციის პროცესის შედეგია? ქ-ნმა ირინამ ამას უფრო პროზაული ახსნა მოუძებნა - ტოტალური შეჭირვებულობის ჟამს ხალხს სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება ტრადიციული წესით ახალი წლის შეხვედრისა და ძველის გაცილებისაო. დამაფიქრებელი დასკვნაა...
მეორე: მე თავიდანვე გაოცებული დავრჩი, როდესაც ოპოზიცია უყოყმანოდ დაეთანხმა 5 იანვარს არჩევნების დანიშვნას, რადგან ამაში გარკვეული პოლიტიკური მზაკვრობა დავინახე, თუმცა აქ ჩემი მოსაზრებების ადგილი, ალბათ, არ არის. ქ-ნმა ირინამ ამ შემთხვევაშიც უფრო პრაგმატულ ახსნას მიაგნო - იანვრის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით ქართველთათვის, ტრადიციული დღეებით არის “დახუნძლული”: 1 და 2 დასვენების დღეებია, 5, 6, 12 და 13 - შაბათ-კვირა, 7 - შობა, ამასთანავე საზამთრო არდადაგები, ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანა, ატრაქციონები, “ალილოები”, “ნინოობა”, ძველით ახალი წელი და ა.შ.
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერაყში გაგზავნა ბიულეტენები, აპირებენ გაგზავნას კოსოვოშიც (ნეტა როგორი წესით ხდება ხმის მიცემა საჯარისო ნაწილებში საერთოდ?
- გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ასაფლავებენ დიდუბის პანთეონში. რა შეიძლება მქონდეს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ მიმაჩნია, რომ პანთეონების პრობლემა ზნეობრივი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება და იგი საკანონმდებლო დონეზეც არის მოსაგვარებელი (ეს საკითხი პირადად მე რამდენიმეჯერ წამოვჭერი პრესაში, საზოგადოება “მემორიალმა” კი - პარლამენტის წინაშეც).
- აფხაზებმა გალის რაიონში ქართველებს სახლები გადაუწვეს. გული ჩამეწვა ამ სურათის შემყურეს. აფხაზეთის საკითხი ჩემში განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს, რადგან იმათგან განსხვავებით, ვისაც მხოლოდ ზღვისპირეთის ხიბლი ახსოვს, მე, როგორც გეოლოგს, მთიან ნაწილშიც მიმუშავია და მის ზღაპრულ სილამაზეს ვერაფერი დამავიწყებს. ძალიან ცოტამ იცის, მაგალითად, რომ რიწის ტბიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, თუმცა მიუვალ ადგილას, არის პაწაწინა, მაგრამ ულამაზესი ტბა - პატარა რიწა!
კონფლიქტის მოგვარებას სიცოცხლეში თუ ვერ მოვესწარი, იმქვეყნადაც არ მომასვენებს უქართველებო აფხაზეთის დარდი!
საზოგადოებრივი მაუწყებლით ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად სიებიდან ამოღებულია 28 ათასი ადამიანი. შეიძლება განა, შემდგარი უწოდო სახელმწიფოს, რომელსაც ათწლეულობით მოუგვარებელი აქვს ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, როგორიც ამომრჩეველთა სიებია? ამაზე ხომ მუდმივად იხარჯება სახსრები, ზოგი ჩვენი და ზოგიც - უცხოეთის მიზნობრივი დახმარებისა!

3 იანვარი, ხუთშაბათი
დილით გაზეთებზე ჩავედი. “ალია” და “ასავალ-დასავალი” ვიყიდე, “რეზონანსი”, სამწუხაროდ, არ არის. საარჩევნო უბანზეც შევიარე კოსტავას 72-ში. უბანი განთავსებულია ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი “ტბიჟტის” სასადილოში. იქ რომ მოხვდე, კარგა მანძილი უნდა აიარო ბალანჩივაძის ქუჩით და თუ ადრე ნამყოფი არა ხარ, მხოლოდ კითხვა-კითხვით თუ მიაგნებ კაცი. ქუჩაში კი მისანიშნებელი არაფერია.
თვალი გადავავლე სიებს და დავრწმუნდი, რომ ჩემი ოჯახის წევრები კი ვართ, მაგრამ ისიც აღმოვაჩინე, რომ მარტო ჩემი სადარბაზოდან 10-მდე ისეთი ადამიანია სიაში შეტანილი, ვინც აქ, ფაქტობრივად, არ ცხოვრობს (ზოგს ბინა გაყიდული აქვს, ზოგი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, ერთი საზღვარგარეთ არის, ორი არარსებული ბინაა მითითებული). უზუსტობა კიდევ მეტი უნდა იყოს, რადგან ბოლო წლებში ჩვენს სახლში ინტენსიური მონაცვლეობა იყო და ახალი მეზობლების უმეტესობას არ ვიცნობ. სადარბაზოში 25 ბინაა და მათში მაქსიმუმ 100-მდე მცხოვრები შეიძლება ვივარაუდოთ. გამოდის, რომ ამომრჩეველთა სიაში “მკვდარი სულები” 10 პროცენტს მაინც შეადგენს. რა ბედი ეწევა ამ ხმებს? კითხვა საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს.
სიტუაცია სულ უფრო “ხურდება”. “ცეცხლის შენთების” მორიგ აქტად უნდა ჩაითვალოს ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომლითაც მან დაადასტურა გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რაც სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული. გოგა ჟვანიამ გადაწყვიტა, ჩამოშორდეს მის საარჩევნო კამპანიას, ნონა გაფრინდაშვილმა კი პატარკაციშვილის ნაბიჯი ბუნებრივად მიიჩნია - რახან სააკაშვილმა ბადრის წინადადება არ მიიღო და თავისი კანდიდატურა არ მოხსნა, პატარკაციშვილი სხვანაირად რატომ უნდა მოქცეულიყოო.
ირინა სარიშვილი კვლავ გამოდის მოწოდებებით: არ შემოვხაზოთ "ორიანი" და "ხუთიანი" და ოპოზიცია გამოვიდეს ერთი კანდიდატით.
საზოგადოების უდავო ინტერესი დაიმსახურა ინგა გრიგოლიას “პრაიმ-ტაიმმა”, რომელშიც პრეზიდენტობის სამი კანდიდატის მეუღლეები მონაწილეობდნენ. გადაცემამ ჩემში ორგვარი გრძნობები გამოიწვია. პირველი: იმის გარდა, რომ მართებულად მეჩვენა ფიქრია ჩიხრაძის რეპლიკა - ქვეყნისა და საქმისათვის თავად კანდიდატების დებატები უფრო სასარგებლო იქნებოდაო, ბევრმა ეს შეხვედრა მამაკაცების მხრიდან პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებად, ძველბიჭურად რომ ვთქვათ, “ქვეშიდან გამოსვლად” აღიქვა. მეორე: სუბიექტური ვარ, ალბათ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ხალხის გრადაცია და, შესაბამისად, ტერმინები - “პირველი პირი”, “პირველი ლედი” და სხვა. შეიძლება, უცხოეთისათვის ეს ჩვეული პრაქტიკაა, მაგრამ განა ყველაფერი უცხოური მისაღები უნდა იყოს? მესამე: ასეთი “შოუ”, ეთიკური თვალსაზრისითაც მიუღებლად მეჩვენება - გამოწვევაზე უარის თქმა შეიძლება მეუღლის ავტორიტეტისათვის აღმოჩნდეს საზიანო, მეორე მხრივ კი, თუ ქალი თავად პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის, იგი მეტად უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს და ზოგ შემთხვევაში ეს იმ შეხვედრაშიც გამოვლინდა. მაგალითად, დავით გამყრელიძის მეუღლეს, ქ-ნ მარინას, აშკარად ეტყობოდა, რომ იგი პოლიტიკისაგან შორს იყო. ფრიად სასიამოვნოა, რომ უხერხულ კითხვებს მან ძალიან ტაქტიანად, ღირსეულად უპასუხა, რაც კმაყოფილმა აუდიტორიამ გულწრფელი ოვაციით დაუფასა! ბევრს ახსოვს, ალბათ, ის უდიდესი წვლილი, რომელიც ქ-ნმა სანდრამ თავის დროზე შეიტანა თავისი მეუღლის გამარჯვებაში, რითაც საზოგადოების დიდი სიმპათიები დაიმსახურა. მას მერე კარგა დრო გავიდა და ქ-ნი სანდრა (ასე მომეჩვენა) ნაკლებად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რაც ზოგი პასუხის არაადეკვატურობაშიც გამოვლინდა. აუდიტორიისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ინფორმირებულობა, რომელიც შალვა ნათელაშვილის მეუღლემ - ქ-ნმა ბელამ გამოამჟღავნა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში.

4 იანვარი, პარასკევი
ძალიან გამიხარდა, რომ სიტყვა ალეკო ასლანიშვილმაც შეასრულა და “რეზონანსშიც” გამოქვეყნდა ამომრჩევლისათვის დაპირებული გზამკვლევი. ისე კი, ვიმეორებ, საარჩევნო პროცედურის დეტალებში ამომრჩევლის გარკვევა, მგონი, ცესკოს უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს.
3 საათზე “რუსთავი 2”-ის ეთერში კვლავ აჩვენეს გალის რაიონის სიუჟეტი. ძალიან მაღელვებს გალელთა ბედი. ხომ არ ჯობდა, უჩუმრად გვერჩია მათთვის, თავი შეეკავებინათ არჩევნებში მონაწილეობისაგან? რა დაშავდებოდა ამით? განა შეიძლებოდა, ეს მათ პატრიოტიზმში ეჭვის შეტანის საბაბი გამხდარიყო? ისინი ხომ ისედაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ინარჩუნებენ იქ ქართულ კერას...
ცესკოს სპიკერმა ირაკლი ფოჩხიძემ განაცხადა, რომ არჩევნებს დაესწრება 3000-ზე მეტი მეთვალყურე და მას გააშუქებს 160-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალება. ეს სარეკორდო მაჩვენებელიაო, თქვა მან. იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი მეთვალყურე აპირებს ჩამოსვლას, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადა სააკაშვილმა დიდი სიამაყით და მას მერე ამას ხშირად იმეორებენ ოფიციალური პირები. მე, ჩემი მოკლე ჭკუით, საამაყოს ამაში ვერაფერს ვხედავ - უფრო ის მეჩვენება, რომ არა მარტო ჩვენში, საზღვარგარეთაც ეჭვის თვალით უყურებენ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესაძლებლობას და სწორედ ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ გზას ხედავენ ისინი დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდაში.
ოპოზიცია ერთსულოვნად უცხადებს უნდობლობას ეგზიტპოლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის, “მზისა” და “რუსთავი 2”-ის დაკვეთით უნდა ჩატარდეს. ამის მიზეზად მოჰყავთ ხელმძღვანელებად “თავისუფლების ინსტიტუტში” “დაფრთიანებული” ისეთი პიროვნებების დასახელება, რომელთა მხრიდანაც არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა დაუფარავია. თუმცა, თუ სწორად გავიგე, ამგვარი გამოკვლევის ჩატარებას სხვა ჯგუფებიც აპირებენ. ნეტავ, მათი შედეგები ერთი რიგისა მაინც აღმოჩნდეს, რომ მოვლენები უმართავად არ განვითარდეს...

5 იანვარი, შაბათი
მესამე დღეა თოვს და შიში გამიჩნდა - ვაითუ, უამინდობამ ამომრჩეველთა გამოცხადებაზე იმოქმედოს. ჩვენც კარგა ხანს ვერ გავბედეთ გარეთ გასვლა და მხოლოდ 3 საათისათვის წავედით ხმის მისაცემად. უბანში ხალხმრავლობა იყო (მოსაცდელში 30 კაცამდე დავითვალე), მაგრამ დიდხანს ცდა არ დაგვჭირვებია. შეფერხებები არც შიგნით გვქონია და მთლიანად პროცედურამ 40 წუთამდე გასტანა. შინ კმაყოფილები დავბრუნდით.
ახლა ისღა დაგვრჩენია, შედეგებს დაველოდოთ, თუნდაც წინასწარს. მანამდე კი ბოლო დღეების გაზეთებს ვათვალიერებ:
- “მიდით არჩევნებზე და პროტესტის ნიშნად ყველა გადახაზეთ, ეს იქნება ლიდერების მიმართ უკმაყოფილების დემონსტირება”. “ხალხის გზავნილი იქნება მკაფიო და მარტივი: ჩვენ დავიღალეთ ყველაფერი იმით, რაც ქვეყანაში 1991 წლის მერე ხდება” (ანონიმი ავტორი, “რეზონანსი”);
- “როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ პრეზიდენტობისათვის იბრძვიან კანდიდატები - ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები” (ია ანთაძე, “საქართველოს რესპუბლიკა”);
- “ჩვენთან, სამწუხაროდ, მეფობს არა კანონი, არამედ ხელისუფლების მიერ კანონის არაკანონიერად გამოყენება” (ვახტანგ ხმალაძე, “რეზონანსი”);
- “ამჟამად ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა - ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი და რუსეთი. თითოეულ მათგანს საკმაო გავლენა გააჩნია იმისათვის, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო შეიქმნას და ძალიან მცირე შანსი შეთანხმების მისაღწევად” (ვახტანგ ძაბირაძე, “რეზონანსი”);
- “ნებისმიერი დემოკრატიული არჩევნები გულისხმობს დებატებს პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატებს შორის” (ოლეგ პანფილოვი, “24 საათი”);
- “საქართველოში ამდენი ამომრჩევლის რეალურად ყოფნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 3 მლნ 400 ათასი ამომრჩეველი რომ გვყავდეს, ამისათვის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით ხუთნახევარ მილიონამდე უნდა იყოს. ამდენი კი საქართველოს მოსახლეობა არასოდეს ყოფილა” (ვახტანგ ხმალაძე, “რეზონანსი”);
- “მეორე თავისებურება, რამაც გამაოგნა, იყო აპელირება რელიგიის საკითხებზე, როდესაც ყველა კანდიდატს სურს წარმოაჩინოს სიახლოვე პატრიარქთან, სამღვდელოებასთან” (ოლეგ პანფილოვი, “24 საათი”);
- “როცა არ არსებობს კლასიკური პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც არჩევნების წაგება ტრაგედია არ არის, როცა პოლიტიკური პარტია მმართველობითი ორგანოა, საპარლამენტო რესპუბლიკაზე საუბარი არ არის გამართლებული” (სოსო ცინცაძე, “ასავალ-დასავალი”);
- “დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, წლეულს ინვესტიციები უფრო ნაკლები იქნება” (ემზარ ჯგერენაია, “რეზონანსი”);
- “გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, “ფრიდომ ჰაუსმა”, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს “თავისუფალი საქართველო - ნაბიჯი უკან” უწოდა” (“რეზონანსი”);
- “საქართველო უნდა გადაიქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ყველას, ვისაც შრომის უნარი გააჩნია, დასაქმების პერსპექტივა ექნება” (მიხეილ სააკაშვილი, “24 საათი”).
18 საათზე გამოაცხადეს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა 24 პროცენტია. გულდასაწყვეტია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამის მიზეზი დიდთოვლობაა. დაველოდები შემდეგ ცნობას.
მოგვიანებით აქტიურობის პროცენტმა იმატა. გამოაქვეყნეს ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილის მხარდამჭერთა რიცხვმა 50 პროცენტს უკვე გადააჭარბა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია დამთავრებულად ჩაეთვალა - დავით ბაქრაძემ განაცხადა, ბრიფინგი აღარ გაიმართებაო და აღმოჩნდა, რომ ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი უკვე მზად იყო ამ ფაქტის საზეიმოდ აღსანიშნავად. ასეთი განწყობა შეინიშნებოდა ყველა არხზე, სადაც კინოებსა და ეგზიტპოლების მონაცემებს ატრიალებდნენ, გარდა “კავკასიისა”, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. ნამდვილად არ მშურს იმისა, ვისაც ხვალინდელ დღეზე მოუწევს საუბარი - “ნაციონალები” საზეიმო მანიფესტაციას გეგმავენ რუსთაველზე, ოპოზიციონერები კი დიდ შეკრებას - რიყეზე.
დადგა ღამის 12 საათი და ჩემი მისიაც ამოიწურა. შარშან ერთ-ერთ წერილში 2007 წლის ზამთარს ვუწოდე “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”, მაგრამ უფრო მეტი მღელვარების ზამთარი თურმე ახლა დაგვიდგა. ამდენად, “დღიურების” ავტორთაგან თითოეულს უნებურად ჟამთააღმწერლის როლიც დაგვეკისრა და ამით უზომოდ გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა. არ ვიცი, ვინ გააგრძელებს “დღიურებს” ჩემს შემდეგ, თუმცა გულწრფელად ვუსურვებ მას, აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე. ჩემზე კი მხოლოდ ერთი ლათინური გამოთქმით ვიტყვი - Feci, quod potui, faciant meliora potentes (გავაკეთე, რაც შემეძლო. ვინც შეძლებს, დაე, ჩემზე უკეთ გააკეთოს).

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG