Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეები და მოწინააღმდეგეები და მათი არგუმენტები


საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებსა და ნატოს ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს,

რათა ბუქარესტის ნატოს სამიტზე ალიანსის წევრთა ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვოს. პარალელურად, საქართველოსა და უკრაინისათვის მაპ-ის მიღებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანებით ნატო მხოლოდ მოიგებს. თუმცა ასე არ ფიქრობს ალიანსის რამდენიმე ევროპული სახელმწიფო.

საქართველოსა და უკრაინის მაპ-ში გაწევრიანების საკითხი, როგორც ჩანს, ნატოს ბუქარესტის სამიტის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება - ასე რომ, ბოლო დრომდე ვერავინ იტყვის, რომელი ბანაკი გაიმარჯვებს - მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების. ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების საკითხი რომ ხმათა უმრავლესობით წყდებოდეს, მაშინ საქართველოსა და უკრაინას ”თავი ქუდში” ექნებოდათ, რადგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ორივე ქვეყნის ჩართვას მხარს უჭერენ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ესპანეთი და ალიანსში ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ გაწევრიანებული ყოფილი ვარშავის ბლოკის ქვეყნები, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა, 26-27 მარტს ბრიუსელში პირადად ალიანსის გენერალური მდივნისაგან მოისმინა შესრულებული საშინაო დავალების გამო ქათინაურები:

[გიორგი ბარამიძე] ”როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველაფერი მაინც უშუალოდ ნატოს სამიტზე გაირკვევა. ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა და თქვა, ეს, მართლაც, ნამდვილი სამიტი იქნებაო, იმიტომ რომ წინასწარ არაფერი ცნობილი არ იქნება და, მართლაც, უმაღლეს დონეზე, სამიტზე, გადაწყდება საბოლოოდ ეს ყველაფერი.” (სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოს დელეგაცია, რომელიც 26-27 მარტს ბრიუსელში მაღალ შეფასებებს ისმენდა ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ფრიადზე შესრულების გამო, თავდაპირველად ძალიან დაამწუხრა ნიდერლანდების პოზიციამ: რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნიდერლანდები თითქოს მიემხრო ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ჯერჯერობით ნაადრევად მიაჩნიათ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა, რაც ალიანსში გაწევრიანების ბოლო და არსებითი ეტაპია. მაგრამ მოგვიანებით ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსულმა მედიამ იცრუა და რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სტატუსის მინიჭებას. თუმცა ნატოში შემავალი ქვეყნებიდან ზოგიერთი ამ ეტაპზე, საერთაშორისო კონიუნქტურისა და რუსეთის გავლენის გამო, ჯერჯერობით მხარს არ უჭერს საქართველოს მაპ-ში გაწევრიანებას.

[გიორგი ბარამიძე] ”თუ საქართველო და უკრაინა ახლა არ მიიღებენ მაპს, ეს იქნება რუსეთთან ამ ქვეყნების დამოკიდებულების გამო და ეს, სხვათა შორის, ძალიან აშფოთებთ ნატოს ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რუსეთმა არაფორმალურად მოიპოვოს ნატოს გაფართოების დაბლოკვის უფლება.” (სტილი დაცულია)

რუსეთის გამოსვლა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ანგარიშგასაწევ ფაქტორად არ მიაჩნია ნატოს წევრ სახელმწიფოთა ერთ ნაწილს. "ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ რუსეთისთვის ნატო არანაირ საფრთხეს არ ქმნის", - განაცხადა 26 მარტს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივენ ჰედლიმ, რომლის განცხადების შესახებ ვრცელი ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა ოთხშაბათს გაავრცელა.

”ამერიკის პრეზიდენტს სწამს, რომ ნატო მოიგებს საქართველოსა და უკრაინის წევრობით და ეს ქვეყნებიც მოიგებენ ნატოში გაერთიანებით. ნატოს უძლიერესი მექანიზმი დაეხმარება საქართველოსა და უკრაინას მოემზადონ წევრობისათვის, რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ მაპი გულისხმობს", - აღნიშნა სტივენ ჰედლიმ.

სხვათა შორის, დასავლეთის ქევყნებზე რუსეთის ზეწოლას მკაცრი შეფასება მისცა კალიფორნიაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელთა ერთიანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.

[ჯონ მაკკეინი] "უნდა დავიწყოთ იმით, რომ "დიდი რვიანი" - მაღალგანვითარებული მრეწველობის მქონე რვა ქვეყნის ეს ჯგუფი - ისევ ვაქციოთ წამყვანი საბაზრო დემოკრატიების კლუბად. იქ უნდა შევიყვანოთ ბრაზილია და ინდოეთი და გამოვიყვანოთ რუსეთი. ნაცვლად იმისა, რომ თვალს ვხუჭავდეთ რუსეთის ბირთვულ შანტაჟზე ან კიბერიერიშებზე, დასავლეთის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ნატოს სოლიდარობა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ურღვევია და რომ ამ ორგანიზაციის კარი ღია რჩება ყველა დემოკრატიისთვის, რომელიც თავისუფლების დაცვას ცდილობს."

სხვათა შორის, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ რუსეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირველი და უკანასკნელი მონაწილეობა ბუქარესტის ნატოს სამიტზე ალიანსის ქვეყნებს აიძულებდა დღის წესრიგიდან ამოეღოთ საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მიცემა. მაგრამ, როგორც ნატოს მასპინძელი ქვეყნის, რუმინეთის, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო, ”ნიუსინი”, იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა, აღარ ჩავიდეს ბუქარესტში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ბუქარესტის ნატოს სამიტიდან რუსეთის ქალაქ სოჭში ჩასვლას და პრეზიდენტ პუტინთან გამომშვიდობებას გეგმავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG